"კაბუს" ჩემი საფულიდან 10 თეთრი არ ამოუღია და სხვას რამეს მოჰპარავდა?"
16-17 აპრილს საფრანგეთსა და საბერძნეთში ჩატარებული სპეცოპერაცია Caucase Normandie-ს დროს ოთხი ქართველი ე.წ."კანონიერი ქურდი - ლაშა შუშანაშვილი ("ლაშა რუსტავსკი"), ალექსანდრე კობალაძე ("სიუ"), ნოდარ შუკაკიძე ("ნოდო გლდანსკი") და მერაბ ასანიძე ("ჩიკორა") დააკავეს. ქართველი, ფრანგი და ბერძენი სამართალდამცველების ორწლიანი თანამშრომლობის შედეგად, ქართველი "კანონიერი ქურდების" გარდა, ქართული კრიმინალური დაჯგუფების სხვა წევრებიც დააკავეს. საფრანგეთში დაკავებულთა შორის არის ქართველი მსახიობი და რეპერი კახა აბუაშვილი ("კაბუ"), რომელიც მესამე წელია ქალაქ კანში ცხოვრობს. წინასწარი ინფორმაციით, მას ბრალი ქურდულ სამყაროსთან კავშირში ედება.
ამ საკითხზე სტატიას გაზეთი "კვირის პალიტრა" აქვეყნებს, გთავაზობთ ამონარიდებს.
ცირა აბუაშვილი-ნავროზაშვილი, მსახიობის დედა: "ჩემი შვილი ქურდი რომ არ არის, ყველამ იცის. ჩემი საფულიდან დაუკითხავად 10 თეთრი არ ამოუღია და სხვას რამეს მოჰპარავდა? სექტემბრისთვის აპირებდა ჩამოსვლას, მკურნალობას ბოლომდე მივიყვან და წამოვალო. უნდოდა იმ ჭაობიდან ამოსვლა. ღვიძლსა და ფილტვზე ჰქონდა პრობლემა, ყბა-სახის ოპერაციაც აქვს გაკეთებული და მისი მიხედვაც უნდოდა. მართალია, 100%-იანი დაზღვევა ჰქონდა, მაგრამ მეუბნებოდა, მგონი, ეს პროცედურა არ შედის პროგრამაში, ვიკითხავ, იქნებ ფინანსდება, ამასაც გავიკეთებ და წამოვალო. კანში ცხოვრობდა მეგობართან, ის კახას რეაბილიტაციაში დაეხმარა.
აჩიკო ვანიშვილი (რეპერი "ძვალი"): "მე და კაბუ ბავშვობიდან ვმეგობრობთ. მას მთელი საქართველო იცნობს და ყველამ იცის, რომ უკანონო არასოდეს არაფერი ჩაუდენია. 10 დღის წინ ალბომზე ვისაუბრეთ. პატარ-პატარა კონცერტები გაუმართავს ქართველებისთვის, ვიდეოლაივებიც ჰქონდა. არ ვიცით, რა მოხდა, რისთვის დააკავეს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ კახა რომელიღაც დაჯგუფებასთან ერთად დააპატიმრეს. საქართველოს თუ გადმოსცემენ, უფრო ადვილად დასამტკიცებელია სიმართლე, იქ კი კახას არავინ იცნობს. ისეთი გვარებია ჩამოთვლილი, გამორიცხულია, კაბუს იმ ხალხთან ეთანამშრომლა. ჩემთანაც არასდროს უხსენებია რომელიმეს სახელი. კაბუ მშიერი მოკვდება და დანაშაულს არ ჩაიდენს".