დემონთა როკვა
აფხაზეთის ომი რუსეთ-საქართველოს ორასწლიანი, დაუსრულებელი, აშკარა თუ შეფარული ომების ერთ-ერთი ეპიზოდია. ამ ომმა ათასობით ქართველის სიცოცხლე შეიწირა, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობას მშვიდობიანი მოსახლეობა - ბავშვები, ქალები და მოხუცები შეადგენდნენ.
- ნოდარ, ცოტა ხნით ჩემთან შემოდი. - ბატალიონის უფროსი თავისთან მიხმობდა.
ტელეფონის ყურმილი დავკიდე და პირის დასაბანად გავედი. სამი დღე და ღამეა მე და ჩემს ბიჭებს თვალი არ მოგვიხუჭავს - ყელამდე წყლით სავსე სანგარში ვიგერიებდით აფხაზ თუ კაზაკთა, ჩრდილოკავკასიელებისა თუ დაქირავებულ ბანდიტთა იერიშებს. როდესაც უკვე ავიაცია და თანამედროვე ჯავშანტექნიკა ჩაერთო ბრძოლაში, მივხვდით, რომ რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილების პირისპირ ვიბრძოდით.
- შეიძლება, ბატონო სოსო? - კარი დაუკაკუნებლად შევაღე.
- მოდი, მოდი, გადამარჩინო იქნებ. გუშინ ეს კაცი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე აუყვანიათ ჩვენებს. გაურკვევლად ლუღლუღებს რაღაცას - ამისი ვერაფერი გავიგე.
მაგიდას ბეჭებში ღრმად მოხრილი, თავჩაქინდრული კაცი მიჯდომოდა და სიგარეტს ეწეოდა.
უნებურად გამეღიმა. სოსოსნაირი ინტელექტუალები სამეცნიერო დაწესებულებებში უნდა ისხდნენ, მაგრამ როდესაც გადამთიელი სამშობლოს გართმევს, მაშინ, ალბათ უპრიანია თოფ-ხანჯალის ხელში აღება.
- აბა, ძმაო, ხომ გახსოვს მულტფილმი "აბა დამაცადე", საახალწლო კარნავალის სიმღერაც ხომ გახსოვს "მოგვიყევი, ფიფქია, როგორ იყო...". ჰოდა, შენც უნდა მოგვიყვე, თორემ აი, ეს ბიძია გაბრაზდება და... - მივმართე რუსულად უცნობ პირს, თან საბჭოთა ჯარში ნასწავლი ჟარგონიც უხვად მივაყოლე.
ჩემი ხმის გაგონებაზე უცნობი თითქოს შეხტა, თავი ზემოთ ასწია და...
* * *
- ბიჭებო, სწრაფად გავედით, თორემ ეს ავღანელები როგორც ღუმელში
კარტოფილს, ისე შეგვბრაწავენ! - ანატოლი ბონდარენკომ ტანკის ლუქი გააღო და ზემოთ აძვრა, მაგრამ იმ წამსვე მისი სხეული თოკზე გაფენილი სარეცხივით დაეკიდა - სნაიპერის ტყვიამ ადგილზევე გააცივა.
მძიმე მდგომარეობაში ჩავვარდით. ავღანელებმა ჩვენი კოლონა,
ე.წ. "მარყუჟში" მოაქციეს და მეთოდურად გვანადგურებდნენ. ცოტა ხანში გამაყრუებელი ხმა გაისმა, ტანკი შეჯანჯღარდა... ზურგში გახურებული რკინის ჩაჭედება ვიგრძენი.
შემდეგ ბუნდოვნად მახსოვს, ეკიპაჟის წევრებმა, ვოვა მარტინოვმა და ელდარ საბიტოვმა ალმოდებული ტანკიდან როგორ გადმომათრიეს. ირგვლივ ყველაფერი იწვოდა. ბიჭები სადღაც მიმათრევდნენ.
- დამტოვეთ ბიჭებო და თქვენ თავს მიხედეთ, - შერჩენილი ენერგია ამ
რამდენიმე სიტყვის თქმას შევალიე.
- დაიცა, მაგასაც მოვესწრებით, - შედარებით დაცული ადგილის
მონახვა შესძლეს და ჭრილობას მიხვევდნენ.
- ბიჭებო, მე აღარაფერი მეშველება, წადით, წადით... - წამოვიკვნესე ისევ. - საბიტოვ! წადი, ადგილი დაზვერე, - ვოვას ხმა გავიგონე და გონებაც
დავკარგე.
აზრზე რომ მოვედი, ირგვლივ უკუნი სიბნელე იყო. არათუ თავის წამოწევის,
ტუჩების მოძრაობის ძალაც არ მქონდა. გონება სასიამოვნო ბურუსში იყო
გახვეული - ეტყობა გამაყუჩებელი მქონდა გაკეთებული. თავზე ვიღაც მადგა.
- აბა, ქართველო, როგორ ხარ? - ვოვა ხმაზე ვიცანი.
- სად ვარ? - ჩემი ხმა ძლივს ვიცანი.
- სადღაც ჯოჯოხეთთან ახლოს, ზუსტ კოორდინატებს, თუ გავაღწიეთ
აქედან, მაშინ მოგახსენებთ. - ვოვას იუმორის გრძნობა ისევ ჰქონდა შემორჩენილი.
შემდეგ ისევ ვარდისფერ ნისლში შევცურე და თავი ჩემს სოფელში და ბავშვობაში ერთად ამოვყავი.
- ნოდარიკო, ბიჭო, წამოდი ყანაში წავიდეთ, ჭყინტი ტარო მოვტეხოთ, - მომაძახა წინწასულმა ბებიაჩემმა და მეც ერთგული ძაღლივით ავეკიდე.
ხეხილს შემოდგომის ფერები დასტყობოდა. ალექსანდროულს სიშავე შეპარვოდა. მწიფე მტევნებს დავუწყე თვალთვალი.
- ჯერ ადრეა, არ გაგხეთქოს მუცელზე, - გამაფრთხილა ბებიაჩემმა, თუმცა მისი სიტყვებისთვის ყური არ დამიგდია და ხარბად მივეძალე ნექტარს..
- საბიტოვ, მე მგონი გადარჩა ჩვენი ქართველი, - ვოვას ხმამ რეალობაში დამაბრუნა...
დღენახევარი მეძინა თურმე. ბიჭები რიგრიგობით ზურგით მატარებდნენ, გაშლილ ადგილებს ერიდებოდნენ, მტერს რომ არ წაწყდომოდნენ. მეოთხე თუ მეხუთე დღეს მაინც წაგვაწყდნენ ავღანელები.. ფიცხელი ბრძოლა გაუმართეს ბიჭებმა, იცოდნენ ავღანელები ცოცხალს მაინც არ დატოვებდნენ. საბიტოვი იქ დაიღუპა. ვოვამ ისევ წამომიკიდა და ბრძოლის ველს გამარიდა, მაგრამ შორს ვერ წავედით, სადღაც კლდეს მოვეფარეთ. ბევრი ვეხვეწე ვოვას დავეტოვებინე და თავისთვის ეშველა.
- დაიცა, ხელს ნუ მიშლი. - ვოვამ ავტომატის მჭიდი გამოცვალა და
მოკლე ჯერი გაუშვა.
იმავე წუთს აფეთქების ტალღამ კლდეს შემანარცხა და გონება კვლავ
დავკარგე.
აზრზე რომ მოვედი, სადღაც მიწურში ვიწექი. ვიღაც სათვალიანი კაცი ჭრილობებს მიმუშავებდა. მივხვდი, ტყვედ ვიყავი. ალბათ ტყვეებზე გასაცვლელად მამზადებენ და იმიტომ დამტოვეს ცოცხალი-მეთქი, - დავასკვენი ჩემთვის და ბედს მივენდე. პერიოდულად ის სათვალიანი კაცი შემოდიოდა, წყალი და საჭმელი შემოჰქონდა.
ერთ დღეს მიწურის ფარდა გადაიწია, სათვალიანს მეორე შემოჰყვა.
- ბიჩო, ბნელეთიც აღარ გღებულობს უკვე, - ჯარში
ყველას "ბიჭოთი" მივმართავდი და რუსებმა "ბიჩო" შემარქვეს.
ახალმოსულს ავხედე. ეს ადრე ჩვენს ნაწილში მომსახურე ადგილობრივი ავღანელი ომარი იყო.
თავიდანვე კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ქართველებს ადგილობრივებთან კარგი, ადამიანური დამოკიდებულება გვქონდა. ქართველები ძირითადად სამეურნეო სამსახურში, სამზარეულოში, საკუჭნაოში ანუ ე. წ. "კაპტიორკაში" მსახურობდნენ. ყველაფერი თავზე საყრელად გვქონდა - საჭმელი, ტანსაცმელი და ა.შ. სასმელის მოსაპოვებლად სამეურნეო თუ საყოფაცხოვრებო საქონელს ადგილობრივებს იაფად ვაძლევდით, უმეტესად ვჩუქნიდით ან სასმელზე ვუცვლიდით.
ერთხელ ომარს ბავშვი გაუხდა ავად. დეფიციტური ანტიბიოტიკებიც ვუშოვეთ, თან ჩვენი ნაწილის ექიმი - კუზმიჩიც ჩავრთეთ საქმეში. ყველაფერი რომ დამთავრდა, ომარი ჩვენთან მოვიდა, გულწრფელი მადლობა გადაგვიხადა და გვთხოვა დაგვესახელებინა თანხა.
გაგვეცინა.
- ბავშვს და ოჯახს მოახმარე ეგ ფული! - ომარს თვალებში უსაზღვრო
მადლიერება გამოსჭვიოდა.
ჩემი და ომარის ურთიერთობის ერთი ეპიზოდიც შემომრჩა მეხსიერებაში.
ერთხელ, ჩვენი ნაწილი პატრულირებისას პარტიზანებს გადააწყდა. მცირე შეტაკების შემდეგ პარტიზანებმა ახლო მდებარე აულს შეაფარეს თავი. აულებსა და დასახლებულ პუნქტებში შესვლას ვერიდებოდით, მაგრამ 621 პირდაპირ აულის შუაგულში შეიჭრა და მისი მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევი მუშტისხელა ნახვრეტებს ტოვებდა ავღანელთა მიწურებზე.
უცებ ტანკს წინ ვიღაც სირბილით გადაუდგა, თან ხმამაღლა ყვიროდა და ხელებს მაღლა იქნევდა.
- არა... არა... აქ არ შეიძლება... აქ ქალები და ბავშვები... - დამტვრეული რუსულით ვიცანით ომარი.
ტანკმა მოძრაობა და სროლა ერთბაშად შეწყვიტა. იქიდან გინებ-გინებით და ყვირილით ვიღაც გადმოხტა, ომარი ფეხქვეშ გაიგდო და წიხლებით ცემა დაუწყო. ამასობაში ჩვენც მივედით.
- ნიკოლაევს მეგობარი მოუკლეს და სანამ მთელ სოფელს არ გადაწვავს
მანამ ვერ მოისვენებს, - ჩაილაპარაკეს ჩემ გვერდით.
დახანების დრო არ იყო. ნიკოლაევმა ბუდიდან რევოლვერი ამოიღო.
- საშა, გაგიჟდი, რას შვრები! - დავეტაკე ნიკოლაევს და შუაში ჩავდექი.
ნიკოლაევმა გავეშებული სახე და რევოლვერი მე მომიშვირა და წაისისინა.
- გამეცალე, ქართველო, ეს შენი ბრძოლა არ არის, ეს ჩემი ბრძოლაა.
- საშა, ვიცი, დიმა ძალიან გიყვარდა, მაგრამ ამათი რა ბრალია, - მივანიშნე
ირგვლივ მიწურებზე და უნებლიედ სერგო ზაქარიაძე გამახსენდა "ჯარისკაცის მამა"-დან - ჩვენ ხომ ფაშისტები არა ვართ, ქალები და ბავშვები ვხოცოთ?!
ნიკოლაევს სახე რამდენჯერმე შეეცვალა. ვგრძნობდი მასში რამდენიმე
გრძნობა იბრძოდა. მივხვდი, ის უკვე მსროლელი აღარ იყო.
- შენი დედაც, ქართველო, დიმას სისხლს არც ამათ, მის მკვლელს,
სადღაც აქ რომ იმალება და ქალებს და ბავშვებს ამოფარებია ზურგს უკან და არც შენ არ შეგარჩენ. - ლანძღვა-გინებით რევოლვერი ისევ ბუდეში ჩადო, ზიზღით გადმომხედა და წავიდა.
ომარი ფეხზე წამოვაყენეთ. დახეთქილი ტუჩებიდან სისხლი სდიოდა. მკლავზე ხელი მომიჭირა და ამ წამიერ გარინდებაში მთელი სამყაროს მადლიერება იგრძნობოდა.
* * *
ახლა ეს ომარი თავზე მადგა და როგორც მაშინ, ახლაც უტყვად, კეთილად
მიღიმოდა.
- სად ვარ? - თვალები ირგვლივ მიმოვატარე.
სადღაც ავღანურ მიწურში ვიყავი.
- მეგობრებთან ხარ. - ომარი ისევ კეთილად და თბილად მიღიმოდა.
- ვკვდები, ომარ, მე მგონი, - ამოვილუღლუღე ორიოდე სიტყვა.
- ნუ გეშინია, ბიჩო, შენისთანებს ღმერთი ადვილად არ იმეტებს, - ომარმა
გადასაფარებელი მზრუნველად შემომიკეცა. - აქ მოგხედავენ, რამოდენიმე დღეში ჩიტივით იფრენ.
- შენ აქ საიდან გაჩნდი? - ვკითხე ომარს ცოტა აზრზე რომ მოვედი.
ომარი თავის ამბავს მომიყვა. როგორც ბევრ ავღანელს, თავიდან მასაც სწამდა, რომ საბჭოთა ჯარი მის ქვეყანას მშვიდობის დამყარებაში დაეხმარებოდა და ისიც მათ რიგებში იბრძოდა, მაგრამ თანდათან ეს ბრძოლა
გავლენის სფეროებისათვის ბრძოლას დაემსგავსა და ავღანელი ხალხისა და მოსახლეობის ინტერესებმა უკანა პლანზე გადაიწია. როდესაც ის ამას მიხვდა, ხალხის მხარე დაიკავა და განმათავისუფლებელ ბრძოლაში ჩაერთო.
მე ცხადია მისი მესმოდა.
- ახლა დაისვენე, თავს მიხედე, მე დროდადრო შემოგივლი. თუ რაიმე
დაგჭირდეს, აბდულას, შენს მკურნალ ექიმს უთხარი და დაგეხმარება. - ომარი წამოდგა და გასასვლელისაკენ გაემართა.
- ომარ, იმ რუსის ბიჭს რა დაემართა, ჩემთან რომ იყო? - ომარი შეჩერდა
და მცირე ხნის დაფიქრების შემდეგ მითხრა.
- კარგად არის, - კიდევ მცირე ხნით დაფიქრდა და გამიღიმა, - ყველაფერი
კარგად იქნება.
* * *
მიუხედავად დაპირებისა, ომარი აღარ გამოჩენილა. აბდულა ყურადღებას არ
მაკლებდა, თუმცა საუბარს ერიდებოდა. მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც იქ ვიყავი, თითქმის არ ვლაპარაკობდით. პერიოდულად წყალი და საჭმელი შემოჰქონდა და ჭრილობას მიხვევდა. რაღაც მალამოს მადებდა და დღეში რამდენიმე ტაბლეტს მასმევდა. მისმა მცდელობამ ნაყოფი გამოიღო. ჭრილობა თითქმის შემიხორცდა. უკვე წამოჯდომაც შემეძლო. თანდათან გონებაც დამეწმინდა... სამწუხაროდ მიწურს, სადაც მე ვიწექი, სარკმელი არ ჰქონდა. შუქი ჭერში დატანებული ხვრელიდან ჩამოდიოდა. დღეების სათვალავიც ამერია. არც ის ვიცოდი, რამდენი დღე გავიდა, კვირა თუ თვე...
ბეჭზე ხელის შეხებამ გამაღვიძა. ლამფის შუქზე ომარის სახე დავლანდე.
- აბა, როგორ ხარ, ძმაო, სიარული შეგიძლია? - ომარს დაღლილი
გამომეტყველება ჰქონდა.
- მგონი კი, - გამიხარდა ომარის დანახვა. ამდენი ხნის შემდეგ
პირველად გამომელაპარაკა ვიღაცა.
- აბდულამ თქვა, გადარჩებაო! - მამაცხონებული ისე დამაჯერებლად
ლაპარაკობდა, თითქოს აბდულა მიქელ-გაბრიელთან ყოფილიყო შეთანხმებული.
- აბა, მაშინ დავიძრათ, წინ დიდი გზა გველოდება, - მითხრა ომარმა და
თან აბდულას რაღაც გადაულაპარაკა.
ფეხზე წამოვდექი. წავბარბაცდი. თან ვიცვამდი, თან იმას ვფიქრობდი, საით უნდა წავეყვანეთ. ყველაზე კარგ ვარიანტად ტყვეების გაცვლა ჩავთვალე. მოკვლა რომ სდომებოდათ, ალბათ არ მიმკურნალებდნენ. თუმცა რას გაიგებ, რას მიმზადებენ.
გარეთაც სიბნელე იყო. ჩირაღდნის შუქზე რამდენიმე ცხენოსანი დავლანდე. ორ ცხენს შუა, მოკლე ლატანებზე გაჭიმულ ჰამაკში ჩამაწვინეს და სიბნელეში დაეშვნენ.
საით მივყავდი, არ უთქვამთ. იშვიათად მინახავს ისეთი ბნელი, შავი ღამე. მთვარის შუქიც არ ანათებდა, თუმც ცხენების ფლოქვების ხმაზე ვხვდებოდი, ჩემი მხლებლები ისე სწრაფად და თამამად გადაადგილდებოდნენ, რომ გზას კარგად იცნობდნენ. ასე მდუმარედ ვიარეთ მთელი ღამე. დილის რიჟრაჟი თანდათან დევნიდა ღამის ბურუსს. უკვე ჩემი მხლებლების გარჩევაც შემეძლო.
ერთ ადგილას შევჩერდით. რაღაცას ბჭობდნენ ავღანურ ენაზე. შემდეგ სტვენა გავიგონე. ერთი ცხენოსანი სადღაც წავიდა და ცოტა ხანში რამდენიმე მხედართან ერთად დაბრუნდა. შემდეგ იმ მხედრების ჯგუფს ორი მხედარი გამოეყო. ერთი უცნაურად იჯდა ცხენზე. შევატყვე, ხელები უკან, ზურგზე ჰქონდა გაკრული. მეორეს მისი ცხენი აღვირით მოჰყავდა. ჩემთან მოვიდნენ. ერთ-ერთი ომარი იყო.
- უკვე მოვედით, ნოდარ - მთელი ჩვენი ურთიერთობის განმავლობაში
პირველად მომმართა სახელით, - ამის იქით თქვენით უნდა წახვიდეთ.
- საით უნდა წავიდეთ? - გავოგნდი მე. ტყვეში უნდა გამცვალოთ?
- არავითარი გაცვლა არ იქნება, - დილის რიჟრაჟში ისევ ომარის ღიმილი
დავლანდე, რომელიც მეორე მხედართან მივიდა, ხელებზე თოკი დანით გადაუჭრა და საბურველი მოხსნა. - რუსო, შენი სიცოცხლე ამ კაცთან მეგობრობამ გადაარჩინა.
- ღმერთო დიდებულო, ეს ხომ ვოვაა?!
- აი, იქამდე უნდა მიხვიდეთ, - ომარმა შორს, ნისლში ჩაძირული დაბლობისკენ გაახედა, - იქ ტრასა გადის. დაელოდეთ, რომელიმე კოლონა გამოივლის და აგიყვანთ.
შემდეგ ომარი ჩემთან მოვიდა და დამემშვიდობა.
- მშვიდობით, ძმაო, მადლობა შენ, რომ ამ ჯოჯოხეთშიც ადამიანად
დარჩი. - ომარი შებრუნდა და დილის ბინდბუნდში გაუჩინარდა.
ვიყურებოდი იქეთ, საიდანაც ცხენის ფლოქვების ხმა თანდათან იკარგებოდა და წუთისოფლის ამაოებაზე ვფიქრობდი.
- ბიჩო, ჩვენ მგონი გადაშენება არ გვიწერია - მე და ვოვა ერთმანეთს
გადავეხვიეთ და გადარჩენა მივულოცეთ.
- აბა ვიჩქაროთ, ვოვა, თორემ სხვა ავღანელებმა თუ მოგვისწრეს, მერე
აღარაფერი გვიშველის. - შევახსენე ჩემს მეგობარს ჩვენი უბადრუკი მდგომარეობა.
დაახლოებით ორ საათში გზასთან ვიყავით. დიდხანს არ გვიცდია. ბენზინმზიდის გამცილებელმა სამხედროებმა აგვიყვანეს. მე ჯერ სანიტარულ ნაწილში გადამიყვანეს და იქედან როგორც სამხედრო სამსახურისათვის გამოუსადეგარს, რაღაც მედალი მომცეს და სამშობლოსკენ გამომისტუმრეს.
ავღანეთიდან მხოლოდ მოგონებები შემომრჩა.
* * *
ახლა ეს ჩემი დიდი ხნის უნახავი ვოვა ჩემს წინ იჯდა, ბეჭებში მოხრილი, ოდნავ დაბერებული და დანაოჭებული თვალების უპეებიდან სიხარულის ოდნავი სხივი უკრთოდა.
- ვოვა, ძმაო, აქ რა ქარმა გადმოგისროლა, - პასუხს არ დაველოდე და
მხურვალედ ჩავიკარი გულში. - რომ იცოდე, რამდენჯერ მოგწერე, ასე უნდა ძველი მეგობრის დავიწყება, ერთხელ მაინც ვერ მიპასუხე?
ვოვას პასუხს არ დაველოდე და გაოგნებულ ბატალიონის მეთაურს მივუბრუნდი.
- კირილიჩ, ეს ის კაცია, ვისი წყალობით ცოცხლად მიყურებ ახლა მე, -
ვოვას გასაგონად რუსულად დაველაპარაკე.
პატიმრის დაკითხვა მეგობრულმა სუფრამ შეცვალა. უცებ გაჩნდა შებოლილი თევზი, ხორცის კონსერვი, მოხარშული კვერცხი და, რაც მთავარია, ორი ბოთლი არაყი.
დიდი ხნის უნახავი მეგობრის ნახვით გახარებული და აღფრთოვანებული მარტო მე ვლაპარაკობდი. თან ვოვას ვუტყაპუნებდი ბეჭებზე ხელს, თან კირილიჩს ვუყვებოდი ჩემი და ვოვას თავგადასავლებს.
პირველი ორი ჭიქაც ჩვენი შეხვედრის და ავღანური მეგობრობისა დავლიეთ. როდესაც პირველმა ეიფორიამ გაიარა, ვოვამაც ამოიდგა ენა.
- აბა, რა გითხრა ნოდარ, - ამოიოხრა ვოვამ და თავისი ამბის მოყოლა დაიწყო, - შენი წამოსვლის შემდეგ რამდენიმე თვეში მეც გამითავდა სამსახურის ვადა და გამომიშვეს. ჩემი ნასტია სხვას გაჰყოლია ცოლად და ჩემი პატარა ანიაც თან წაუყვანია. ჩემები ამ ამბავს მიმალავდნენ და წერილითაც არ მოუწერიათ, ალბათ იფიქრეს, თავს რაიმე უბედურება არ აუტეხოსო. თავდაპირველად ძალიან განვიცადე და დარდის ჩახშობა არყით ვცადე. ერთი სიტყვით, გავლოთდი. ორ წელიწადში ისე გავნადგურდი, კაცს აღარ ვგავდი. შემდეგ იაროსლავში ჩავედი ჩემს დასთან. გადავწყვიტე, ფეხზე დავმდგარიყავი და ჩემი ანკა, ჩემი პატარა სიხარული დამებრუნებინა. ხან ერთ კლინიკაში ვიმკურნალე, ხან მეორეში. შემდეგ მილიციაში, დაცვის სამსახურში დავიწყე მუშაობა. კაპიკებს გვიხდიდნენ.
იმ დღეს ჩემი თანამშრომელი შემხვდა. ავღანეთში ნაომარ ხალხს ეძებენ
და კარგადაც უხდიანო. ვიფიქრე, ერთ-ორ კაპიკს ვიშოვი და ანკას ღირსეულად გამოვეცხადები-მეთქი.
თავდაპირველად ჩვეულებრივი სამხედრო სწავლებები იყო - ფიზმომზადება, იარაღის გამოყენება, საბრძოლო სიტუაციების ახსნა. შემდეგ გამოგვიცხადეს, ჩვენს აფხაზ ძმებს უნდა დავეხმაროთ ქართველებისგან გათავისუფლებაშიო. სიმართლე გითხრა, არ მესიამოვნა ეს ამბავი. მივხვდი, კიდევ სხვის საქმეში უნდა ჩავრეულიყავით, კიდევ ინტერნაციონალური ვალის მოხდის მსგავსი იყო ეს ამბავი, მაგრამ ისე კარგად გვიხდიდნენ და, მეორეც, პოლიტიკა რა ჩემი საქმე იყო და დავთანხმდი. მაშინ შენც გამახსენდი, მაგრამ სხვა არჩევანი ვერ დავინახე, ან უნდა დავთანხმებულიყავი ან ისევ ბომჟად დავრჩენილიყავი.
ასე აღმოვჩნდი აფხაზეთში. გვარი და სახელი შემიცვალეს. ახალი ვერსიით მე ვიყავი მეორე მსოფლიო ომის დროს აფხაზეთში ჩასახლებული უკრაინელი. თავდაპირველად პატარ-პატარა ოპერაციებში ვმონაწილეობდით. წესიერად ვერც მივხვდით, რას ვაკეთებდი. ამ გადასახედიდან უკვე დავრწმუნდი, რომ ჩვენი ჯგუფის თავდაპირველი მიზანი იყო ქაოსისა და არეულობის შეტანა იქაურ მაცხოვრებლებში, მაგრამ ისე გვქონდა შეტოპილი, უკან დასახევი გზა არ ჩანდა.
პირველი სერიოზული ამოცანა იყო სამართალდამცავი ორგანოების განეიტრალება და ადგილობრივი მილიციის ლიკვიდაცია. ამ სექტორს ქართველები აკონტროლებდნენ, მაგრამ ისე იყვნენ ერთმანეთის ქიშპობაში ჩართული, უმტკივნეულოდ მოხერხდა მათი გამოყრა შინსგან საქმეთა სამინისტროდან და სხვა ქვედანაყოფებიდან.
შემდეგი ამოცანა იყო ქართველებისა და აფხაზების დაპირისპირება. სიმართლე გითხრათ, ეს გაცილებით რთული აღმოჩნდა. ბევრი აფხაზი ქართველებთან კონფლიქტს ერიდებოდა. მაშინ ჩვენებმა ინსტრუქცია მიიღეს ზემოდან, ოპერაცია ჩაგვეტარებინა. გათვლა გაკეთდა კავკასიური ხასიათის სიფიცხეზე და სიამაყით ნასაზრდოებ შურისძიებაზე. კერძოდ, ერთი აფხაზის ოჯახი იყო, ცოლი ქართველი ჰყავდა. ეს აფხაზი ცნობილი იყო ქართველებისადმი ლიბერალური დამოკიდებულებით. გვიან ღამით დავეცით. ოჯახის უფროსი, მოხუცი დედ-მამა და პატარა ბავშვები სცემეს, შემდეგ გაკოჭეს, ფეხმძიმე ცოლი გაუუპატიურეს, შემდეგ მუცელზე გაფატრეს. წამოსვლის წინ სახელდახელოდ ნასწავლი რამდენიმე ქართული სიტყვის თქმაც არ დავიწყებიათ.
დაახლოებით ანალოგიური ოპერაცია ჩატარდა რამდენიმე ქართველისა და აფხაზის ოჯახებში. თურმე დაწყება ყოფილა ძნელი, თორემ დანარჩენი მოვლენები შემდგომ თავისით განვითარდა. ჩვენი დაწყებული საქმე ქართველებმა და აფხაზებმა ისე გულდაგულ და მონდომებით გააგრძელეს, პირდაპირ შეგშურდებოდა.
ვატყობდი, ეს უკვე ადამიანების წინაშე დანაშაულს ემსგავსებოდა, მაგრამ უკვე არაფრის შეცვლა არ შემეძლო.
შემდეგი ინსტრუქცია იყო პანიკა დაგვეთესა ქართულ მოსახლეობაში, რომ ისინი თავისი ნებით აყრილიყვნენ საცხოვრებელი ადგილებიდან და ტერიტორია დაეტოვებინათ. გახსოვთ, ალბათ, ქართველი ტყვეების მოკვეთილი თავებით ფეხბურთის თამაში გაგრის სტადიონზე. ეს იდეა ჩვენებმა მიაწოდეს აფხაზებს და ჩრდილოკავკასიელ დაქირავებულებს.
ვოვა უხერხულად შეიშმუშნა და ჯიბეები მოიჩხრიკა. მივხვდი, სიგარეტს ეძებდა. მივაწოდე. მადლიერი თვალებით ამომხედა და დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით დახარა თავი.
- გააგრძელე, - ამოვიხრიალე მე და საკუთარი ხმა ვეღარ ვიცანი.
- ვიცი, ნოდარ, რას გრძნობ, - ვოვა შეჩერდა, - თუმცა ჩემთვის ტყვია ახლა დიდი მადლია.
ერთ სოფელში შევედით, სახელი აღარ მახსოვს. მოსახლეობამ ეკლესიაში შეგვასწრო და კარები ჩაიკეტა. ეკლესიის სარკმელიდან სიმღერისა თუ გალობის ხმები გამოდიოდა.
გავჩერდით, არ ვიცოდით, რა გვექნა.
- ბეტეერით შეანგრიეთ კარები - გასცა ბრძანება პოპოვიჩმა.
მძღოლი ბეტეერიდან გადმოვიდა და გვერდზე გადგა. არავინ შეასრულა ბრძანება - არც აფხაზებმა, არც ჩრდილოკავკასიელებმა. პოპოვიჩი გაცოფდა, ავტომატის ჯერი ეკლესიის კარებს მიუშვირა და მთელი ჯერი დააცალა. ეკლესიიდან წივილ-კივილი გაისმა. ცოტა ხანში ეკლესიის კარი გაიღო და მღვდელი გამოვიდა. წინ ხატი აეფარებინა და ქართულად ლოცულობდა. მერე სხვებიც გამოჩნდნენ. ძირითადად ქალები და მოხუცები იყვნენ. ხელში ყველას ხატები ეჭირა.
- ხმა ჩაიწყვიტე, ბებერო იუდა, ქართველ ბოევიკებს იფარავ არა? ცეცხლი!
გვიბრძანა პოპოვიჩმა, რომელიც ადამიანს უკვე აღარ გავდა.
მის ბრძანებაზე არავინ რეაგირებდა.
- ჰაუპტვახტში ამოგალპობთ, თქვე ნაძირლებო, - აღრიალდა პოპოვიჩი, მაკაროვი დააძრო და მღვდელს მიჯრით შუბლში რამდენჯერმე დაახალა. მღვდელი მოცელილივით დაეცა. ღვთისმშობლის ხატი გულში ჰქონდა ჩაკრული.
- შეგეშინდათ, დამპლებო? - მობრუნდა ჩვენსკენ პოპოვიჩი, ავტომატის მჭიდი შეცვალა და ახლა ჯერი ატირებულ-აყვირებულ ხალხზე მიუშვა. ავტომატის კაკანი მანამ არ შეწყვეტილა, სანამ ბოლო მსხვერპლიც არ დაეცა.
სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა.
- რაკიტინ, შედი ეკლესიაში, ნახე, ხომ არავინ დარჩა! - მიბრძანა პოპოვიჩმა.
ფეხები აღარ მემორჩილებოდა, მაგრამ ავტომატი შევმართე, გვამებზე გადავიარე და ნახევრადბნელ ეკლესიაში ფრთხილად შევაბიჯე. მარჯვენა სვეტთან, კუთხეში, მაგიდის უკან რაღაც ფუთები ელაგა. ავტომატის ლულით გადავწიე და დავინახე ჩაცუცქული ახალგაზრდა, რომელსაც მკერდში პატარა ბავშვი ჩაეკრა და შეშენებული თვალებით მიცქეროდა. იქვე რამდენიმე პატარა ჩაცუცქულიყო და ისინიც შეშინებული, ფართო თვალებით იყურებოდნენ. რამდენიმე წამით გავშტერდი. შემდეგ ქალს ვანიშნე, ჩუმად ყოფილიყო და ნელ-ნელა უკუსვლით წამოვედი.
- ყველაფერი სუფთაა, - მოვახსენე პოპოვიჩს.
პოპოვიჩი გველივით ჩამაშტერდა თვალებში.
- ოჰ, შე გამყიდველო, - წაისისინა კბილებში, შემდეგ ეკლესიის კართან მივიდა და რამდენიმე ყუმბარა შეაგდო. მალე ეკლესიის ადგილას ნანგრევები და კვამლის ბუღი დარჩა.
- შენი დედაც, - ვეღარ მოვითმინე და ზურგში ჩავაფრინდი. პოპოვიჩი გამისხლტა და ავტომატის კონდახი სახეში ჩამაფარა. გონება დავკარგე.
ვოვამ მცირე პაუზა გააკეთა, სიგარეტს მოუკიდა და ისევ გააგრძელა.
- მეორე თუ მესამე დღეს, საღამოს, პოპოვიჩი ჩვენთან შემოვიდა. მე და ერთი კრასნოდარელი სომეხი არმენა ერთ ოთახში ვცხოვრობდით. ხელში ნახევარლიტრიანი ბოთლით არაყი ეჭირა. თვითონაც კარგად შეზარხოშებული იყო.
- ვოვოჩკა, მოდი, მოვილაპარაკოთ მე და შენ, - დამიჯდა მაგიდასთან პირდაპირ.
- რაზე უნდა ვილაპარაკოთ, მე და შენ? - ჩავიცინე სარკასტულად.
- ვიცი, ვოვოჩკა, ვიცი, ცოტა მეტი მომივიდა.
- ცოტა მეტი მოგივიდა? იმას, რასაც შენ აკეთებ, ფაშისტებიც კი არ აკეთებდნენ.
- ქართველები უარესს აკეთებენ. აი, ნახე, არმენა, - შებრუნდა არმენასკენ და მერე ისევ მე მომიბრუნდა, - იცი შენ, რომ თბილისი სომხების იყო? მოვიდნენ ნაძირალა ქართველები, გაჟუჟეს სომხები, გამოყარეს თბილისიდან და ახლა თვითონ ცხოვრობენ იქ. თუ ქართველები აქედანაც არ ამოვძირკვეთ, წაიღებენ აფხაზეთს. მერე ნახე რა ადგილებია - მზე, ზღვა, ბუნება. ახლა ნახე ჩვენი რუსეთი - სტეპები, თოვლი, სიცივე. აქ ჩვენ უნდა დავსახლდეთ.
- ჩემგან რა გინდა? - მივხვდი პოპოვიჩს სხვა რაღაცაც აწუხებდა.
- ვოვოჩკა, უფროსებმაც ცოტა შემახურეს, ზედმეტი მოგივიდაო. ახლა არ იქნება ლამაზი, ეს რომ ვინმემ გაიგოს, რუსებმა მღვდელი მოკლესო, ქალები და ბავშვები დახოცესო. მოკლედ, მიმიხვდი არა, რისი თქმაც მინდა?
არაფერი მიპასუხია. მივხვდი, თუ არ დავთანხმდებოდი, გამასაღებდნენ.
- ოღონდ, მეტი მსგავსს არაფერს ვაკეთებთ, - მოვუჭერი მე.
- კი, ვოვოჩკა, პირობას გაძლევ, - აშკარად გაუხარდა პოპოვიჩს.
- სიმართლე გითხრა, ძმაო, ორი ღამეა, არც მე მძინებია წესიერად. სულ ის მღვდელი მესიზმრება.
პოპოვიჩმა პირჯვარი გადაიწერა. თუმცა მივხვდი, რომ მსახიობობდა.
სამი დღის შემდეგ პოპოვიჩი ისევ გამომეცხადა.
- ვოვოჩკა, რა ვქნათ, ინფორმაცია მოგვივიდა, ქართველებს ერთ ადგილას იარაღის საწყობი აქვთ, მთელი არსენალი, ამერიკული სტინგერები და კიდევ ათასი უბედურება. უნდა შევიპაროთ იქ და ან წამოვიღოთ, ან გავანადგუროთ. რა ვქნათ, ვისხდეთ ასე და ვუყუროთ?
- კარგი, წავიდეთ.
- შენ თუ გინდა, ნუ წამოხვალ. თუ შეუძლოდ ხარ, შეგიძლია დარჩე.
- არა, წამოვალ, - მივხვდი რაღაცას ეშმაკობდა.
დღე იყო და ტყე-ტყე ვიარეთ. საღამოს ერთ დასახლებაში შევედით. როდესაც დანიშნულ ადგილს მივადექით, პოპოვიჩმა მითხრა
- შენ აქ დარჩი, თუ საეჭვო რამ შენიშნო, ორჯერ გაბმით დაუსტვინე. ჩვენ შენობაში შევალთ.
ღობის უკან ისე ჩავსაფრდი, რომ გზას ორივე მიმართულებით ვაკონტროლებდი. ბიჭები შენობაში შევიდნენ. ცოტა ხნის შემდეგ საიდანღაც მუსიკის სუსტი ხმა შემომესმა. პიანინოზე უკრავდნენ. ამ ხმამ მიმიზიდა. ინსტრუქცია დავარღვიე და შენობის იმ ფანჯარას მივადექი, საიდანაც ეს ჰანგები გამოდიოდა. ფანჯრის კუთხიდან შევიჭვრიტე. ბავშვები და მასწავლებელი ქალი რაღაც თეატრალურ წარმოდგენაზე ვარჯიშობდნენ. აშკარად საბავშვო ბაღის აღსაზრდელები იყვნენ. პატარა გოგონებს და ბიჭუნებს ყვავილების ფორმის სამოსი ეცვათ და ლექსებს რიგრიგობით ამბობდნენ. ღმერთო ჩემო! ის გვირილისფერკაბიანი გოგონა როგორ ჰგავდა ჩემს ანკას. მასსავით ქერა კულულები, მასსავით ლურჯი თვალები. მასსავით გამობზეკილი ტუჩები.
- შენ აქ რა გინდა? - ბრაზიანად წაისისინა პოპოვიჩმა.
- ის ბავშვი როგორ ჰგავს ჩემს ანკას, - ბავშვებს თვალს ვერ ვაცილებდი.
- წამოდი, თორემ თუ ქართველებმა მოგვისწრეს, მერე გაცეკვებენ ლეზგინკას, - ჩაიქირქილა არმენამ.
ფაცხა-ფუცხით გამოვიქეცით. რატომღაც უკან დაბრუნების გადაულახავი სურვილი გამიჩნდა.
- ბიჭებო, თქვენ წადით, მე ცოტა ხანში დაგეწევით, - ერთხელაც რომ არ
შემევლო იმ ბავშვისათვის თვალი, ალბათ გული გამისკდებოდა.
- ხომ არ გაგიჟდი, ფეხს აუჩქარე. ახლა აქ ისეთი ამბები ატყდება... - არ
დაამთავრა პოპოვიჩმა.
გულმა ცუდი რაღაც მიგრძნო.
- რა ამბები, რა ისეთი ამბები?... - გავხევდი ადგილზე.
- წამოდი, გამოიქეცი, შენობა დავნაღმეთ, ახლა იფეთქებს, - გაიკრიჭა
არმენა.
უცებ ტვინში რაღაც ჩამწყდა. უნდა გადავარჩინო, გამიელვა თავში და ადგილიდან მოვწყდი. ორიოდე ნაბიჯიც არ მქონდა გადადგმული, რომ ძლიერი აფეთქების ხმამ ყველაფერი გააყრუა. ჰაერში ერთმანეთში ირეოდა მტვერი, სამშენებლო ნანგრევები, ცეცხლის ალი, ყვავილებიანი კოსტიუმები...
- გავედით, ბიჭებო, გავედით! - ყურში პოპოვიჩის ხმა ჩამწვდა.
გაოგნებული შემოვბრუნდი, რამდენიმე მეტრის დაშორებით სამი წაკუზული კაცის ფიგურა დავლანდე, რომლებიც ხეებისკენ გარბოდნენ. ავტომატის სასხლეტს ხელი გამოვუსვი და სამივე მოვცელე.
- ვოვა, რა ჰქენი, შე ძუკნის შვილო? - მხოლოდ პოპოვიჩი იკლაკნებოდა და
წამოწევას ცდილობდა.
- წაეთრიე ჯოჯოხეთში, შე მართლა ძუკნის გაგდებულო, - ავტომატის
ჯერისგან პოპოვიჩის სხეული ხტოდა და ძაგძაგებდა.
ავტომატი ძირს დავაგდე და გავიქეცი. მივრბოდი უაზროდ, უმისამართოდ...
მერე თქვენმა ბიჭებმა ამიყვანეს.
ვოვა სადღაც შორს იყურებოდა. სახე ქვასავით გახევებოდა.
* * *
ვოვას ამბავი შტაბში გავაგებინეთ, თან სოსოს დავაბარე, იქნებ რომელიმე კორესპონდენტი ჩავრთოთ და ეს ამბები გავახმაუროთ-მეთქი. უკან დაბრუნებულმა სოსომ ჩვენს იმედებს ცივი წყალი გადაასხა.
- უარი გვითხრეს ზემოდან. ვერ გავიგე, რას ბოდიალობენ... ორი რუსეთიო! ჩვენდამი კეთილგანწყობილი რუსები არ გავაღიზიანოთო! მაგათი დედაც რა, ნოდარ! - გულიანად შეიკურთხა სოსომ და მივხვდი, რომ თემა ამოწურული იყო.
* * *
ჩემი ბიჭები ლომებივით იბრძოდნენ, მრავალი მომხვდური გავაცილეთ საიქიოსკენ და ერთი მტკაველით არ დაგვიხევია უკან, მაგრამ როდესაც ფლანგებიდან შემოგვიტიეს, მივხვდით, ფრონტის ხაზი დარღვეული იყო და ალყაში მოხვედრას და ტყვედ ჩავარდნას უკან დახევა ვარჩიეთ.
ბევრი დაჭრილი გვყავდა. მტერი სწრაფად კრავდა ალყას. მათ შესაჩერებლად რაღაც უნდა გვეღონა, თორემ დაჭრილების გაყვანას ვერ მოვასწრებდით.
- ნოდარ, მომეცი იარაღი. - მითხრა ვოვამ როდესაც მის გამოსაყვანად შევედი.
მისი თვალებიდან საოცარი სიმტკიცე და თავდაჯერებულობა გამოსჭვიოდა. ყოყმანის დრო აღარ იყო და ავტომატი მივეცი.
სამი მებრძოლი წავიყვანე და მოწინააღმდეგის შესაკავებელ პოზიციებზე გავედით. ვოვა ჩემთან ერთად წამოვიდა.
ფიცხელი ბრძოლა გაჩაღდა. ცეცხლის ნაკადზე ვგრძნობდით, რომ რამდენიმე ათეული კაცი გვიტევდა. უკვე ძალიან ახლოს იყვნენ. ნიკო და გიორგი მოკლეს. ავთო სისხლში ცურავდა.
ჩემს გვერდით ვოვა მოფორთხდა.
- ნოდარ, ალყაში გვაქცევენ, უნდა გავიდეთ!
- შენ დაჭრილი გაიყვანე, მე დაგაზღვევ და მერე დაგეწევი!
ვოვამ თავი წამოწია, ირგვლივ მიმოიხედა და მომიბრუნდა.
- მგონი გვიან არის უკვე, - უცებ თითქოს რაღაც გაახსენდაო, სახე
გაუნათდა, - ლიმონკები მომეცი!
- რას აპირებ? - ვკითხე გაკვირვებულმა.
- ნოდარ, დრო აღარ არის, - ხელყუმბარები წამოკრიბა და უბეებში ჩაიწყო. შემდეგ ხელში რაღაც ქაღალდი შემაჩეჩა.
- ეს წერილი ჩემ ანკას გადაეცი! - ბეჭზე ხელი დამადო, რამდენიმე წამი
გაირინდა, - შევხვდებით... იქ მაინც!
- Не стреляйте Братья! - დაიყვირა და საფარიდან ხელებაწეული გავიდა.
მოწინააღმდეგის საფარამდე ორმოცდაათიოდე ნაბიჯი ღიღინ-ღიღინით გაიარა, მერე რაღაც დაიძახა და ბუჩქებიდან რამდენიმე ავტომატმომარჯვებული კაცი გამოვიდა.
- ნოდარ, გასასვლელი თავისუფალია! - მომესმა ვოვას ხმა, რომელიც
გამაყრუებელმა გრგვინვამ დაფარა.
როდესაც კვამლი გაიფანტა, იმ ადგილას ბუჩქების ნასახიც აღარსად იყო.
* * *
ჩემო ძვირფასო ანკა, ჩემო სიცოცხლე.
შენ ალბათ უკვე დიდი გოგო ხარ. როგორ მინდოდა, ერთხელ კიდევ მოგფერებოდი, თუნდაც ერთი წამით თვალი შემევლო შენთვის. შეიძლება, ცოცხალი ვეღარასოდეს მნახო, მაგრამ იცოდე ჩემი ცოდვილი სული სულ შენ ირგვლივ იფარფატებს და ყოველგვარი ბოროტისაგან დაგიცავს.
ალბათ თავიდან რომ ვიწყებდე სიცოცხლეს, შევეცდებოდი, უფრო უკეთესად მეცხოვრა... შენ გვერდით ვიქნებოდი. მაგრამ ვინ იცის, იქნებ ვერაფერი შემეცვალა. ჩვენს ბედს ხომ ჩვენ არ განვაგებთ. ჩვენს მაგივრად სხვა ღებულობს გადაწყვეტილებას.
მხოლოდ ერთს გთხოვ - არ დაანებო არავის ითამაშოს შენი ცხოვრებით. იყავი სულით ძლიერი და რაგინდ განსაცდელი მოგივლინოს ღმერთმა, არ გატყდე, შეინარჩუნე ადამიანური სახე. ცხოვრება მშვენიერია... არ შეაქციო ზურგი ღმერთს და არც ის მიგატოვებს არასდროს.
მარად შენი ერთგული და მოსიყვარულე მამა.
დიოსკურია