"მან თომას მანის "ჯადოსნური მთა" ქართველებისთვის თარგმნა" - დალი ფანჯიკიძე 81 წლის ასაკში გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

"მან თომას მანის "ჯადოსნური მთა" ქართველებისთვის თარგმნა" - დალი ფანჯიკიძე 81 წლის ასაკში გარდაიცვალა

"არც ერთი სერიოზული მთარგმნელი თომას მანის რთულ რომანებზე მუშაობას არ დაიწყებდა იმ მცირე ანაზღაურების სანაცვლოდ, რასაც საბჭოთა სისტემა მთარგმნელებს სთავაზობდა, თუმცა დალი ფანჯიკიძე ამას მატერიალური სარგებლისთვის არ აკეთებდა - მან თომას მანის "ჯადოსნური მთა" ქართველებისთვის თარგმნა"

ცნობილი ქართველი მთარგმნელი დალი კოკაია-ფანჯიკიძე 81 წლის ასაკაში გარადიცვალა.

ალბათ, რთულია საქართველოში ისეთი ადამიანის მოძებნა, ვისაც თომას მანის "ჯადოსნური მთა" არ წაუკითხავს, ან არ სმენია მაინც დალი ფანჯიკიძის მიერ ბრწყინვალედ გადმოქართულებულ ამ რომანზე. თუმცა "ჯადოსნური მთა" მხოლოდ ერთი შესანიშნავი ნამუშევარია იმ მრავალრიცხოვან თარგმანთა

შორის, რომლებითაც მთარგმნელმა დალი კოკაია-ფანჯიკიძემ საოჯახო ბიბლიოთეკები გაამდიდრა: "ბუდენბროკები", "ყალთაბანდ ფელიქს კრულის აღსარება" და სხვა. წაროუდგენელია საქართველოში გერმანულ ლიტერატურაზე საუბარი ამ თარგმანების გარეშე. მეტიც, დალი კოკაია-ფანჯიკიძის მიერ თარგმნილი თომას მანის რომანები საკუთარ მნიშვნელობაზე გადაჭარბების გარეშე მეტყველებს და ამის დასადასტურებლად ისიც კმარა, რომ 70-იანი წლების დასასრულსა და 80-იანი წლების დასაწყისში შექმნილი თარგმანები ათწლეულების განმავლობაში აქტუალურობასა და მნიშვნელობას არ კარგავს.

ამონარიდი ქალბატონ დალიზე შარშან მომზადებული სტატიიდან:

ლევან ბერძენიშვილი, პროფესორი:

"მან არა მხოლოდ გერმანული და ქართული ენები იცის სრულყოფილად, ლიტერატურული გემოვნებითაც გამოირჩევა და ხელს მხოლოდ ისეთ ნაწარმოებებს ჰკიდებდა, რომლებიც ქართულ ბიბლიოთეკებს გაამდიდრებდა. ამასთან, ვაცხადებ, რომ არც ერთი სერიოზული მთარგმნელი თომას მანის მსგავს რთულ რომანებზე მუშაობას არ დაიწყებდა იმ მცირე ანაზღაურების სანაცვლოდ, რასაც საბჭოთა სისტემა მთარგმნელებს სთავაზობდა. თუმცა დალი ფანჯიკიძე ამას მატერიალური სარგებლისთვის არ აკეთებდა - მან თომას მანის "ჯადოსნური მთა" ქართველი ხალხისთვის თარგმნა. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ დღეს შეგვიძლია, თომას მანის რომანებს სრულყოფილად ვეზიაროთ. ბუნებრივია, თომას მანის შემოქმედება ყველა კულტურულ ენაზეა ნათარგმნი. პირადად მე დალი ფანჯიკიძის თარგმანი ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ანალოგებს შევადარე და გაოცებული დავრჩი - ქართული ნათარგმნი არათუ ჩამოუვარდება, ზოგ შემთხვევაში სიზუსტის, ლექსიკური სიუხვისა და გამართულობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვნად აღემატება კიდეც მათ. დალი ფანჯიკიძემ მთელი ცხოვრება ქართულ კულტურას მიუძღვნა".