"მზად ვართ ავტოფარეხების ადგილზე სკვერები, ბაღები და სპორტული მოედნები გავაშენოთ "
თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის წევრებს მოუწოდა, თავიანთი რაიონების მოსახლეობასთან აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია აწარმოონ.
კალაძის ინფორმაციით, მოსახლეობის სურვილის შემთხვევაში, პროექტის ხარჯებს თბილისის მერია დაფარავს.
"მინდა გთხოვოთ და დავიწყოთ მუშაობა. ყველა რაიონში და უბნებში არსებობს ავტოფარეხები, რომლებზეც მგონია, რომ საინტერესოა პროექტების განხორციელება. მინდა გთხოვოთ, რომ დაიწყოთ კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან და თუ მოსახლეობის სურვილი იქნება, ჩვენ მზად ვართ ამ ავტოფარეხების ადგილზე გავაშენოთ სკვერები, ბაღები და სპორტული მოედნები. ყველა ხარჯს თავის თავზე თბილისის მერია აიღებს. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოვასწოროთ. სერიოზული პრობლემები გვაქვს და მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების განხორციელება. მე მგონია, რომ ეს იქნება ძალიან წარმატებული პროექტი, რადგან ქალაქში გაჩნდება უფრო მეტი მწვანე სივრცე", - განაცხადა კალაძემ.
"ქალაქში მოსაწესრიგებელია პარკინგების სისტემა. ასაშენებელია როგორც მიწისზედა, ასევე, მიწისქვეშა პარკინგები და ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვიწყებთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. კვლევა არის ჩატარებული და შერჩეულია 10 კონკრეტული ლოკაცია ქალაქში, სადაც შესაძლებელია მიწისქვეშა პარკინგის პროექტის განხორციელება და დღეს გამოგვაქვს სამი ლოკაცია. საუბარი ეხება გეგეშიძის ბაღის, რკინიგზის სადგურისა და ვარკეთილის მეტროს მიმდებაერე ტერიტორიებს. ჯამში სამივე ტერიტორიაზე 715 საპარკინგე ადგილის მოწყობა არის შესაძლებელი. ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდება. გაიმარჯვებს კომპანია, რომელიც მეტ საგარანტიო უზრუნველყოფას შესთავაზებს მუნიციპალიტეტს, ხოლო მიწის ნაკვეთი გამარჯვებულს 1 ლარად გადაეცემა. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების განხორციელება, რომ ჩვენ შევძლოთ იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც ამ მიმართულებით ქალაქს დღეს აწუხებს. მზად ვართ, ბიზნესთან მჭიდრო ურთიერთობით შევქმნათ საჭირო ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერი კახა კალაძე ინიციატივით გამოდის, ქალაქში არსებული ავტოფარეხები აიღონ და მათ ნაცვლად ბაღები, სკვერები და სპორტული მოედნები გაშენდეს.