მარიამ ჭანტურია ეჭვობს, რომ სამართალდამცავების მისამართით გაკეთებული განცხადებების გამო სამსახურიდან გათავისუფლებას უპირებენ - კვირის პალიტრა

მარიამ ჭანტურია ეჭვობს, რომ სამართალდამცავების მისამართით გაკეთებული განცხადებების გამო სამსახურიდან გათავისუფლებას უპირებენ

გენერალ სამსონ ქუთათელაძის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებული და შემდგომ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას დამ მარიამ ჭანტურიამ, ოჯახის ადვოკატ ანა კეკენაძესთან ერთად, ქვემო ქართლის ტელერადიო კომპანიის პრესკლუბში, დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა.

როგორც მარიამ ჭანტურიამ განაცხადა, ის ა(ა)იპ ,,რუსთავის კორპუსში“ იურისტის პოზიციაზე მუშაობს, 24 აპრილს კი, მას სამსახურში დაგვიანების გამო, გაფრთხილების წერილი ჩააბარეს. მარიამ ჭანტურია, ვარაუდობს, რომ მას რამდენიმე დღის წინ, სამართალდამცავი სტრუქტურების მისამართით გაკეთებული განცხადებების გამო, სამსახურიდან გათავისუფლებას უპირებენ.

"საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ 20 აპრილს საგამოძიებო ორგანოების მიერ თუ როგორ ხდებოდა ჩემი ავტომობილიდან აუდიო-ვიდეო ჩანაწერის ამოღება ფარულად. შემდეგ, 23 აპრილს, მედიასთან გავაკეთე განცხადება, რომ საგამოძიებო ორგანოებმა არ გადმომცეს მოსამართლის ის განჩინება, რომელიც მათ უფლებამოსილებას აძლევდათ ჩემს ავტომობილში დაემონტაჟებინათ აუდიო-ვიდეო ჩამწერი და ასე განეხორციელებინათ თვალთვალი. 24 აპრილს ჩვეულებრივ გავდივარ იმ საჯარო სამსახურში, რომელიც რუსთავის მერიის დაქვემდებარებაშია და უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მაძლევს გაფრთხილებას დაგვიანების შესახებ. გადაცდომა მიუთითებს, რომ თურმე 18 აპრილს მე სამსახურში დამიგვიანია. მე ჩავიბარე ბრძანება გაფრთხილების თაობაზე და მივაწერე, რომ არ ვეთანხმები. შეიძლება დავიგვიანე, შეიძლება არ დამიგვიანია, ძნელია ამის მტკიცება ჩემი და ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან",- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში მარიამ ჭანტურიამ.

მისივე თქმით, ის მოგვიანებით ხელმძღვანელობასთან დაიბარეს და ჰკითხეს, თუ რატომ არ ეთანხმებოდა ზემოთ აღნიშნულ ბრძანებას გაფრთხილების თაობაზე. "მე ხელმძღვანელობას ვუთხარი, თუ რატომ არ ვეთანხმებოდი ამ გაფრთხილებას, რაზეც პასუხად მივიღე, რომ არ შეიძლება მუშაობდე სახელმწიფო სამსახურში და აქვე აკეთებდე ხმამაღალ კომენტარებს სახელმწიფოს წინააღმდეგ, იქვე მეგობრულად სიჩუმისკენ მომიწოდეს. მეორე დღეს სამსახურში მყოფი მეგობრების მეშვეობით შემომითვალეს, რომ არ გამეკეთებინა ამის შესახებ ხმამაღალი კომენტარი მედიასთან“, - დასძინა მარიამ ჭანტურიამ, თუმცა უარი თქვა იმ პირის ვინაობის გამხელაზე, ვისთანაც მსგავსი შინაარსის საუბარი ჰქონდა.

გიორგი ჭანტურიას ადვოკატის ანი კეკენაძის განცხადებით, რამდენიმე თვის წინ სამსახურიდან გათავისუფლდნენ როგორც გიორგი, ასევე ზურა ჭანტურიები და სწორედ ამიტომ, ის მარიამ ჭანტურიასთან ერთად, აპირებს არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნას.

"მარიამ ჭანტურია და მისი ოჯახის სხვა წევრები, ჩემთან ერთად, ვაპირებთ არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნას, რომელიც შეებრძოლება მსგავს უკანონობას და დაიცავს, იმ ადამიანებს რომელთა უფლებებიც ირღვევა ჩვენს ქვეყანაში მაღალჩინოსნების მხრიდან. შესაბამისად, ჩვენ ვიქნებით ყველა იმ ადამიანის დაცვის სადარაჯოზე, რომელთა უფლებებიც შეილახება აი ასე უკანონოდ, როგორც აღმასრულებელი, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების თუ საგამოძიებო ორგანოების მხრიდან", - განაცხადა ადვოკატმა ანი კეკენაძემ.

"ინტერპრესნიუსი"