როგორ ჩამოაგდო ქართველმა პილოტმა ლეგენდარული თურქი მფრინავი - ერთი საჰაერო ბრძოლის ისტორია
პირველ მსოფლიო ომში საბრძოლო მოქმედებებს კიდევ ერთი განზომილება - საჰაერო ბრძოლები დაემატა. თავდაპირველად თვითმფრინავები მოწინააღმდეგის განლაგებას, რეზერვებს, გზებსა და პოზიციებს ზვერავდნენ, თუმცა მალევე ახალმა საფრენმა აპარატებმა გამანადგურებლისა და ბომბდამშენის დანიშნულებაც შეიძინეს.
საჰაერო ბრძოლები კავკასიის ფრონტზეც მიმდინარეობდა, სადაც ერთმანეთს რუსული და ოსმალური ავიაცია უპირისპირდებოდა. თვითმფრინავების შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მოწინააღმდეგეები ძირითადად ერთმანეთს ზვერავდნენ და მცირემასშტაბიან დაბომბვებს აწყობდნენ, საჰაერო ბრძოლები იშვიათობას წარმოადგენდა და უშედეგოდ სრულდებოდა, აეროპლანები კი ძირითადად გაუმართაობის გამო ხვდებოდნენ კატასტროფაში.
კავკასიის ფრონტზე რუსულმა ავიაციამ, ომის რამდენიმე წლის განმავლობაში, მხოლოდ ერთი ოსმალური თვითმფრინავის ჩამოგდება შეძლო. ისიც, 1917 წლის შემოდგომაზე, როცა რუსული არმიის ქართველმა შტაბს-კაპიტანმა მიხეილ მაჭავარიანმა თურქი მფრინავი, მომავალში თურქული ავიაციის მამა და ლეგენდარული მფრინავი - ვეჩიჰი ჰურკუში ჩამოაგდო.
დასავლელი ავტორი აუგუსტ გ. ბლუმი მაჭავარიანს მეორე ოსმალური აეროპლანის ჩამოგდებას მიაწერს, რომელსაც მართავდნენ მფრინავი ვედიჰი ფეგამი და მფრინავ-დამკვირვებელი ვეჩიჰი ვახნესი. თუმცა მაჭავარიანმა რომ მხოლოდ ერთი აეროპლანი ჩამოაგდო, მისივე მემუარებიდან არის ცნობილი. ქართველი მფრინავი აღწერს სამ საჰაერო ბრძოლას, რომელთაგანაც ორში მეტოქე გაექცა, ხოლო მესამეში მოწინააღმდეგის ჩამოგდება შეძლო. იგი იქვე განმარტავს, რომ ეს იყო კავკასიის ფრონტზე ჩამოგდებული ერთადერთი თვითმფრინავი. მაჭავარიანი წერს, რომ დატყვევებული მფრინავები იყვნენ ვედიჰი ფეგამი და ალბანური წარმოშობის ვეჩიჰი ვახნესი.
სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე? რეალურად ვინ ჩამოაგდო მაჭავარიანმა, ჰურკუში თუ ფეგამი? საქმე ის არის, რომ ერთადერთ თურქულ თვითმფრინავს, რომელიც კავკასიის ფრონტზე რუსებმა ჩამოაგდეს 1917 წლის 25 სექტემბერს (ახალი სტილით 7 ოქტომბერს) სწორედ ვეჩიჰი ჰურკუში მართავდა და მფრინავ-დამკვირვებლად ლეიტენანტი ბახატინი ჰყავდა. როგორც ჩანს, ტყვედ ჩავარდნისას ისინი განგებ სხვა სახელით გაეცნენ მოწინააღმდეგეს. რა გვაძლევს ამის თქმის საშუალებას? პირველ რიგში, დატყვევებულთა შემორჩენილი ფოტოები, რომელზეც ნამდვილად ვეჩიჰი ჰურკუშია ასახული.
ასევე ის ფაქტი, რომ იმ დროისთვის კავკასიის ფრონტის თურქულ საავიაციო შენაერთებში არც ერთი მფრინავი არ იყო ვედიჰი ფეგამი, ხოლო ვეჩიჰი ჰურკუში კი მეორე საავიაციო ასეულში ირიცხებოდა. ამ ასეულმა კი სწორედ 25 სექტემბრის საჰაერო ბრძოლისას დაკარგა ერთი აეროპლანი. ამასვე ადასტურებს ვეჩიჰი ჰურკუშის მიერ ტყვეობიდან გაქცევის შემდეგ სტამბოლში გამოქვეყნებული სტატია, სადაც მფრინავი თავისი ჩამოგდების დეტალებს აღწერს.
1917 წლისთვის, როდესაც მაჭავარიან-ჰურკუშის საჰაერო ბრძოლა გაიმართა, კავკასიის ფრონტზე რუსული ავიაცია ოთხი რაზმისგან შედგებოდა. ოთხივე რაზმში ირიცხებოდა "ნიუპორის", "ფარმანის", "კოდრონის", "ვუაზენის", "მორანისა" და სხვა ფირმების სხვადასხვა მოდიფიკაციის 104 თვითმფრინავი, თუმცა მათგან მხოლოდ ათიოდე თუ იყო გამართულ მდგომარეობაში. ხოლო ოსმალებს კავკასიის ფრონტზე სამი საავიაციო ასეული ჰყავდათ, მათი საავიაციო პარკი კი 8-9 გერმანული "ალბატროსისგან" შედგებოდა.
საჰაერო ბრძოლის წინ
მიხეილ მაჭავარიანი დაიბადა 1888 წლის 20 მარტს ქუთაისში, ოფიცრის ოჯახში. დაამთავრა სუვოროვის კადეტთა კორპუსი და საარტილერიო სასწავლებელი, მსახურობდა 39-ე საარტილერიო ბრიგადაში, მოგვიანებით დაასრულა სევასტოპოლის სამხედრო-საავიაციო სკოლა და სამხედრო მფრინავი გახდა. მოწინააღმდეგის თვითმფრინავის ჩამოგდების გარდა, მის ანგარიშზე პირველ მსოფლიო ომში მრავალი წარმატებით შესრულებული საბრძოლო დავალებაა. მათ შორის იყო როგორც მოწინააღმდეგის პოზიციების დაზვერვა, ისე დაბომბვაც. საჰაერო ბრძოლაში მოპოვებულ გამარჯვებამდე სიმამაცისათვის და საომარ ვითარებაში გამორჩეული მოქმედებებისთვის მან მიიღო რუსეთის იმპერიის მრავალი ორდენი: წმინდა სტანისლავის მესამე და მეორე ხარისხის ორდენები, წმინდა ანას მეოთხე და მესამე ხარისხის ორდენები, წმინდა ვლადიმირის მეოთხე ხარისხის ორდენი. 1917 წლისთვის მაჭავარიანი მეთაურობდა კავკასიის მეორე საავიაციო რაზმს შტაბს-კაპიტნის წოდებით.
ვეჩიჰი ჰურკუში დაიბადა 1896 წლის 9 იანვარს, სტამბოლელი მებაჟის ოჯახში. 1912 წელს დაწყებულ ბალკანეთის ომში იგი მოხალისედ იბრძოდა. ომის დასრულების შემდეგ მფრინავობაზე ოცნებობდა. დაასრულა მექანიკოსის კურსები და პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ გაიგზავნა ავიამექანიკოსად ბაღდადის ფრონტზე. საავიაციო კატასტროფისას მიღებული ჭრილობის გამო სამკურნალოდ სტამბოლში დაბრუნდა. გამოჯანმრთელების შემდეგ დაამთავრა საავიაციო სკოლა და უმცროსი ლეიტენანტის წოდებით 1917 წელს ჩაირიცხა კავკასიის ფრონტზე მოქმედ ოსმალურ მეშვიდე ავიარაზმში.
საავიაციო ბრძოლა
საჰაერო ბრძოლა გაიმართა ერზინჯანთან 1917 წლის 25 სექტემბერს. თურქი მფრინავი ვეჩიჰი ჰურკუში და მფრინავ-დამკვირვებელი ლეიტენანტი ბახატინი ახორციელებდნენ ერზიჯანის მიდამოების დაზვერვას გერმანული წარმოების "ალბატროს C III"-ით (თვითმფრინავის ტექნიკური პარამეტრები და საბრძოლო შესაძლებლობები: ეკიპაჟი - 2 კაცი, მასა - 851 კგ, მაქსიმალური ასაფრენი მასა - 1353 კგ, მაქსიმალური სიჩქარე - 140 კმ/სთ, მაქსიმალური ფრენის სიმაღლე - 3400 მ, ძრავა - 160 ცხ.ძ., შეიარაღება - 1-2 ტყვიამფრქვევი და 100 კგ ბომბი). მათ ასევე ევალებოდათ ერზინჯანში რუსული აეროდრომის დაბომბვა.
ერზინჯანთან მიახლოებისას რუსული აეროდრომიდან მოწინააღმდეგესთან შესახვედრად აფრინდა მეორე საავიაციო რაზმის შტაბს-კაპიტანი მიხეილ მაჭავარიანი ფრანგული წარმოების "ნიუპორ XXI"-ით (თვითმფრინავის ტექნიკური პარამეტრები და საბრძოლო შესაძლებლობები: ეკიპაჟი - 1 კაცი, მასა - 320 კგ, მაქსიმალური ასაფრენი მასა - 495 კგ, მაქსიმალური სიჩქარე - 140 კმ/სთ, მაქსიმალური ფრენის სიმაღლე - 4500 მ, ძრავა - 80 ცხ.ძ., შეიარაღება - 1 ტყვიამფრქვევი). მაჭავარიანის თვითმფრინავის აფრენისას ვეჩიჰი მომგებიან პოზიციაში იყო მოწინააღმდეგეზე შესატევად. ის მაჭავარიანზე მაღლა, 1600 მეტრზე იმყოფებოდა, მაგრამ შეტევის ნაცვლად, პირველ რიგში, მან აეროდრომის დაბომბვა განიზრახა. ამასობაში უკვე მაჭავარიანის თვითმფრინავმა აიღო სიმაღლე და თურქს მაღლა მოექცა. საჰაერო ბრძოლა გახურდა, ორივე აეროპლანის მფრინავი ცდილობდა უკეთესი პოზიციის დაკავებას. დაიწყო საჰაერო კარუსელი, საბოლოოდ, უკეთესი სამანევრო შესაძლებლობებისა და მფრინავის ოსტატობიდან გამომდინარე, რუსული "ნიუპორი" ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა, ტყვიამფრქვევის მასირებული ცეცხლი გახსნა და ოსმალური "ალბატროსი" ჩამოაგდო.
მფრინავი ვეჩიჰი ჰურკუში და მფრინავ-დამკვირვებელი ბახატინი გადარჩნენ, თუმცა დაიჭრნენ და ტყვედ ჩავარდნენ. გამარჯვებით გახარებული მაჭავარიანი და მისი რაზმის სხვა მფრინავები, მომდევნო დღეებში ფოტოკამერის წინ პოზირებდნენ როგორც დაჭრილ თურქ მფრინავებთან, ასევე ჩამოვარდნილი "ალბატროსის" ნარჩენებთან. ამ წარმატებისთვის მიხეილ მაჭავარიანი 1918 წლის 27 მარტს დაჯილდოვდა წმინდა გიორგის მეოთხე ხარისხის ორდენით. თურქი მფრინავები კი კასპიის ზღვაში მდებარე კუნძულ ნარგინის სამხედრო ტყვეთა ბანაკში გადაიყვანეს.
მოწინააღმდეგეთა ომისშემდგომი ბედი
მიხეილ მაჭავარიანმა, პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, დამოუკიდებელი საქართველოს ავიაციაში განაგრძო სამსახური. მას პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა და ქართულ ავიაციას ჩაუდგა სათავეში. მისი მეთაურობით ქართული არმიის საფრენი აპარატები დაფრინავდნენ არა მხოლოდ აღლუმებისას, არამედ მონაწილეობდნენ სამხედრო მოქმედებებში, მაგალითად, სომხეთ-საქართველოს 1918 წლისა და რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომებში. მიხეილ მაჭავარიანის სახელთანაა დაკავშირებული 1920 წელს იტალიაში, სამხედრო კონცერნ "ანსალდოს" ტურინის ქარხანაში ათი უახლესი SVA-10 ტიპის აეროპლანის შეძენის ისტორია.
მთავრობამ ამ საკითხის მოსაგვარებლად იგი იტალიაში გაგზავნა. მართალია, აეროპლანების შეძენა მოხერხდა, მაგრამ გართულდა მათი ტრანსპორტირება. იტალიიდან პირდაპირი გადმოზიდვა გემით იტალიელი მუშების პროტესტის გამო ჩაიშალა, ამიტომ ყუთებში ჩაწყობილი აეროპლანები სახმელეთო გზით საფრანგეთში, მარსელის პორტში გადაიტანეს. გადამზიდმა კომპანია "მანჯილმა" ტრანსპორტირების დასრულება საზოგადოება "ნატურალს" მიანდო. ეს უკანასკნელი კი, საკუთარი კომერციული მოსაზრებიდან გამომდინარე, საქმეს აჭიანურებდა. ამასობაში ქართველთა აეროპლანები მარსელის პორტში ბარჟებზე იდგა, ყუთებში ჩაწყობილი, თავზე კი უბრალო ქაღალდი ჰქონდა გადაკრული, რაც წვიმის შემთხვევაში ტექნიკის დაზიანების საფრთხეს ქმნიდა.
მაჭავარიანმა შექმნილი სიტუაცია იმდენად განიცადა, რომ ნერვიული შეტევა დაემართა და მარსელის კლინიკაში მოხვდა, სადაც თითქმის ერთი თვის გატარება მოუხდა. მისი საქმე პარიზში მყოფი ქართული დელეგაციის მიერ წარმოგზავნილმა სოსიპატრე ასათიანმა მიიყვანა ბოლომდე. გამომჯობინების შემდეგ მაჭავარიანი სამშობლოში დაბრუნდა და გააკეთა მოხსენება ევროპაში ავიაციის განვითარებასა და პერსპექტივებზე.
ფიზიკურად და ფსიქიკურად გადაღლილ მფრინავს მცირეხნიანი შვებულება მიეცა, ხოლო 1920 წლის 7 დეკემბერს ერთჯერადი დახმარების სახით 61 144 მანეთი გამოეყო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ მიხეილ მაჭავარიანი ქართული წითელი არმიის საავიაციო დივიზიონს, საბჭოთა კავშირის შექმნის შემდეგ კი სხვადასხვა საავიაციო რაზმს მეთაურობდა. 1929 წელს ავადმყოფობის გამო წითელი არმიის თადარიგში გავიდა, თუმცა საყვარელი საქმის გარეშე მაინც ვერ გაძლო და 1960 წლამდე სამოქალაქო ავიაციაში მსახურობდა. ცხოვრების უკანასკნელი წლები ქუთაისში გაატარა. 1969 წელს გამოიცა მისი მემუარები.
ვეჩიჰი ჰურკუშმა ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დასრულებამდე მოახერხა ტყვეობიდან თავის დაღწევა. ნარგინის კუნძულიდან იგი ერთმა აზერბაიჯანელმა გამოაპარა და ფეხით, მალვა-მალვით მოუხდა ერზერუმამდე ჩასვლა. როცა სტამბოლში ჩააღწია, პირველი მსოფლიო ომი უკვე სრულდებოდა და იგი დედაქალაქის საჰაერო თავდაცვის ასეულში ჩაირიცხა. პირველ მსოფლიო ომში ოსმალეთის დამარცხების შემდეგ მუსტაფა ქემალ ათათურქის თანამებრძოლი გახდა. განსაკუთრებით თავი გამოიჩინა ბერძნების წინააღმდეგ ომში, მიიღო უმაღლესი ხარისხის სამხედრო ჯილდოები. 1923 წელს, თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ იგი ხდება თურქული ეროვნული ავიაციის დამაარსებელი.
1925 წელს ქმნის პირველ თურქულ თვითმფრინავს, სამხედრო აეროპლან VECIHI K VI-ს, რასაც მოჰყვა სამოქალაქო VECIHI K K-XIV, მონოპლანი VECIHI K XV და VECIHI K K-XVI Nური Bეი. თავისი 52-წლიანი კარიერის განმავლობაში ვეჩიჰი ჰურკუშმა 30 ათასი საათი გაატარა ჰაერში, რაც ერთად სამ წელიწადზე მეტს შეადგენს. თურქული ავიაციის ლეგენდამ 1969 წელს დაიწყო მემუარების წერა, მაგრამ ავარიაში მოხვედრის შემდეგ კომაში ჩავარდა და 1969 წლის 16 ივლისს გარდაიცვალა. ვეჩიჰი ჰურკუშს თურქეთში დღემდე დიდ პატივს მიაგებენ, როგორც თურქული ავიაციის მამასა და ლეგენდარულ მფრინავს. სტამბოლში დგას მისი გიგანტური ძეგლი, ხოლო თანამედროვე თურქული ავიაციის პირველ სამხედრო-სასწავლო თვითმფრინავს, რომელიც სულ ახლახან, 2013 წლის 29 აგვისტოს აფრინდა, ჰურკუშის სახელი დაერქვა.
დიმიტრი სილაქაძე,
თსუ-ის ისტორიის დოქტორანტი
ჟურნალი "ისტორიანი",#36