"ხელყუმბარაზე თემირლან მაჩალიკაშვილის თითის კვალი არ ფიქსირდება"- რას ამბობს ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"ხელყუმბარაზე თემირლან მაჩალიკაშვილის თითის კვალი არ ფიქსირდება"- რას ამბობს ადვოკატი?

ხელყუმბარაზე, რომელიც შემთხვევის ადგილიდან არის ამოღებული, თემირლან მაჩალიკაშვილის თითის კვალი არ ფიქსირდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თემიერლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, არგუმენტი, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს ეჭირა ხელყუმბარა და მოქმედებაში მოყვანა სურდა, გაქარწყლებულია. "ჩვენ დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის პასუხები მივიღეთ. ეს გულისხმობს თითის აბანეჭდებს.

ექსპერტიზას მივმართეთ კითხვით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ცილინდრული ფორმის საგანზე, იგივე ხელყუმბარაზე აღინიშნება თუ არა თითის კვალი და ვარგისია თუ არა პიროვნების იდენტიფიცირებისთვის. დასკვნა ასეთია, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ხელყუმბარისმაგვარ კორპუსზე გამოისახა ხელის დვრილოვანი ხაზების სუსტად ხილული კვალი, ფრაგმენტების და ნაწყვეტების სახით, რომელიც პიროვნების იდენტიფიცირებისთვის უვარგისია.

ანუ არგუმენტი, რომ თემირლანს ეჭირა ხელყუმბარა, არ დასტურდება. ცხადია დეენემის კვალი დაფიქსირებულია, თუმცა თითის კვალი არ დასტურდება. შესაბამისად, ხელში ჭერასთან და სისრულეში მოყვანასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი არგუმენტი გაქარწყლებულია", - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცველებისათვის. კერძოდ, უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, როდესაც გამოყენებულ იყო პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა.

თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა და 10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

"ინტერპრესნიუსი"