კარლ ვოლფი - ზედმეტად ჭკვიანი ნაცისტი გენერალი - კვირის პალიტრა

კარლ ვოლფი - ზედმეტად ჭკვიანი ნაცისტი გენერალი

1973 წელს ტელეეკრანებზე გამოვიდა საბჭოთა სერიალი "გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება" და მაყურებელმა მისი ერთ-ერთი პერსონაჟი, გენერალი კარლ ვოლფი გაიცნო.

ეს პიროვნება რეალურად არსებობდა და მემუარებიც ჰქონდა დატოვებული. თუმცა კარლ ვოლფის სახელს იმხანად უმკაცრესი ტაბუ ედო. გენერლის როლის შემსრულებელ მსახიობ ვასილი ლანოვოის სუკი დაეხმარა, რომლის დახურულ ბიბლიოთეკაშიც ინახებოდა კარლ ვოლფის წიგნი და მსახიობს მასთან გაცნობის შესაძლებლობა მისცა...

კარლ ვოლფი (1900-1984) სასამართლოს მოხელის ოჯახში დაიბადა. სამხედრო კარიერაზე ბავშვობიდან ოცნებობდა, ჩვიდმეტი წლისა ფრონტზე მოხალისედ წავიდა და ბრძოლებში გამოჩენილი სიმამაცისათვის რკინის ჯვარიც დაიმსახურა. თუმცა ყოველივე ამაო გამოდგა.

- გერმანია ომში დამარცხდა, - წერდა შემდგომში ვოლფი, - მას მძიმე სამშვიდობო პირობები წაუყენეს. დავკარგეთ ტერიტორიები, დაგვაკისრეს რეპარაციები.

ცნობილი გამოთქმაა - "ყველა ომი ზავით მთავრდება, გეშინოდეთ მშვიდობის!" პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიაში შფოთი დაიწყო: ბავარიის საბჭოთა რესპუბლიკის გამოცხადება (1919 წ.), კომუნისტური პუტჩი ჰამბურგში (1923 წ.), ე.წ. "ვაიმარის რესპუბლიკის" შექმნა, რომელმაც ხალხის იმედები ვერ გაამართლა, კორუფცია, ინფლაცია, ზნეობისა და ეკონომიკის სრული მოშლა. ყოველივე ამას ხელისუფლებაში ნაცისტების მოსვლა მოჰყვა.

- ან კომუნიზმი, ან ნაციზმი, საკითხი სწორედ ასე დადგა. ბევრმა გერმანელმა ნაციზმი ამჯობინა, არსებული ჩიხიდან ერთადერთ გამოსავლად მიიჩნია, - წერს გერმანელი ისტორიკოსი კურტ ფონ ტიპელსკირხი.

ამ გერმანელთა შორის კარლ ვოლფიც იყო, რაც კომუნიზმისადმი მისმა ანტიპათიამ განაპირობა. კონსერვატორულ ოჯახში აღზრდილ ვოლფს მემარცხენეები ჭირივით სძულდა, ამიტომ ბავარიის საბჭოთა რესპუბლიკის ჩახშობაში აქტიურად მონაწილეობდა. შემდგომში ვოლფმა სავაჭრო-საადვოკატო ფირმა გახსნა და მსხვილი მრეწველის ქალიშვილზე დაქორწინდა. 1931 წელს ვოლფი ნაცისტური პარტიის წევრი ხდება.

გერმანიის ფედერალური კანცლერი კონრად ადენაუერი

- ვოლფის ცოლი ჰიმლერის ნათესავი იყო. რაიხსფიურერიც ვოლფისადმი ნდობით განიმსჭვალა, - წერს ტიპელსკირხი.

ჰიმლერს მოეწონა კარგი გარეგნობის, განათლებული ახალგაზრდა კაცი, რომელიც ომში მონაწილეობდა და საბრძოლო გამოცდილებაც გააჩნდა. ვოლფი აქტიურად მონაწილეობდა დამცავი რაზმების (SS) შექმნაში.

- SS-ის თავკაცი ჰიმლერი იყო. თუმცა მთელი "შავი სამუშაო" ამ სტრუქტურის შესაქმნელად ვოლფმა გასწია, - მოგვითხრობს ტიპელსკირხი.

ჰიტლერი შეშფოთებული იყო მოიერიშეთა რაზმების (SA) აღვირახსნილობითა და მათი მეთაურის, ერნსტ რემის თავხედობით. რემს თავი ნაცისტური პარტიის შემქმნელად მოჰქონდა. ფიურერთან ფამილარული იყო. "ძმაო ადოლფ" - ასე მიმართავდა ის ჰიტლერს. ხელისუფლებაში მოსვლამდე ჰიტლერი იძულებული იყო, ამას შეგუებოდა.

- მოიერიშეებმა არჩევნებში ნაცისტების გამარჯვება უზრუნველყვეს, - წერს ამერიკელი ჟურნალისტი და ისტორიკოსი უილიამ შირერი, - მათი ლიკვიდაციის ჟამიც დადგა.

1934 წელს რემი და მისი გარემოცვა გაანადგურეს. ვოლფმა ამ დროს თავი გამოიჩინა. მისი ღვაწლი თავად ჰიტლერმა აღნიშნა.

- ამის შემდეგ ვოლფის კარიერა აღმა წავიდა, - წერს შირერი.

ვოლფი ჰიმლერის პირადი შტაბის უფროსი გახდა. 1938 წელს კი რაიხსტაგის დეპუტატადაც ირჩევენ. რაიხსფიურერი მას ენდობოდა. ვოლფიც მის ყველაზე საიდუმლო და დელიკატურ დავალებებს ასრულებდა.

"გერმანია უნდა გადავარჩინოთ"

1942 წელს ცხადი გახდა, რომ რუსეთში ბლიცკრიგი ჩაიშალა. პროფესიონალები, მათ შორის ვოლფიც, ხედავდნენ, რომ გერმანია ამ ომს ვერ მოიგებდა. კარლ ვოლფმაც ამის თაობაზე შელენბერგს გულახდილად განუცხადა.

- ჯერჯერობით ფრონტზე საქმეები კარგად მიდის, მაგრამ უნდა ვიჩქაროთ და გერმანიის გადარჩენაზე ახლავე ვიზრუნოთ, - უთხრა შელენბერგს ვოლფმა.

- რას გვთავაზობთ? - შეეკითხა შელენბერგი.

- რაისხფიურერი ჰიმლერი ერთადერთია, ვისაც ქვეყნის გადარჩენა შეუძლია, - ვოლფი წამით გაჩუმდა, - ის ხომ SS-ს უდგას სათავეში, ეს კი დღეისთვის გერმანიაში ყველაზე მძლავრი ორგანიზაციაა.

- კეთილი, უთხარით ამის შესახებ რაიხსფიურერს, - უპასუხა შელენბერგმა, ამ თემაზე საუბარი აშკარად არ სიამოვნებდა.

ჰიმლერს დასავლეთთან ზავის დადების თაობაზე პირადად ვოლფი ელაპარაკა. რაიხსფიურერი შეცბუნებული იყო. ჰიმლერმა წაიჩურჩულა:

- აბა, რას ლაპარაკობთ...

- გერმანიის გადარჩენაზე ახლავე უნდა ვიზრუნოთ, - ჯიუტად წარმოთქვა ვოლფმა.

გენერალს გეგმა მზად ჰქონდა. SD-ს (უშიშროების სამსახური) გერმანიის წინააღმდეგობის მოძრაობაში თავისი აგენტურა ჰყავდა. მათი მეშვეობით შესაძლებელი იყო დასავლეთთან კავშირის დამყარება, მოსალოდნელი ზავისთვის ნიადაგის მოსინჯვა.

- ჰო, მაგრამ ჰიტლერი მოლაპარაკებებზე არ წავა, - წაიჩურჩულა ჰიმლერმა, - ფიურერს ხომ თავისი ვარსკვლავისა ბრმად სჯერა.

- ეგეც რომ არ იყოს, ჰიტლერთან მოლაპარაკების მაგიდასთან არავინ დაჯდება, - ვოლფმა გაიღიმა.

- მაშ, როგორ მოვიქცეთ?

- დაე, ე.წ. "ანტიფაშისტებმა" ფიურერს ანგარიში გაუსწორონ. ამის შემდეგ კი მთელ წინააღმდეგობის მოძრაობას გავანადგურებთ, - ვოლფს სახე სერიოზული გაუხდა, - დასავლეთი იმასთან ილაპარაკებს, ვის ხელშიც რეალური ძალა და მართვის რეალური ბერკეტებია. ეს კი მხოლოდ ჩვენ ვართ.

- ჩვენ?!

- უფრო სწორად, თქვენ, ჰერ რაიხსფიურერო! გერმანიის გადარჩენის უმთავრესი ტვირთი თქვენ უნდა იკისროთ. მე თქვენს ერთგულ ჯარისკაცად მიგულეთ. მეტზე პრეტენზია არ მაქვს.

- ხომ არ შეიშალეთ?! - ფერწასული ჰიმლერი სავარძელში ჩაეშვა.

რაიხსფიურერი კარგა ხანს ყოყმანობდა, თუმცა ბოლოს მაინც გასცა სანქცია, დაწყებულიყო მოლაპარაკებები დასავლეთთან.

მშვიდობის ძიებაში

ჰიმლერი საშუალო მონაცემების კაცი იყო. თანამდებობისთვის, რომელიც ეკავა, არც ინტელექტით, არც განათლებით, არც სიმამაცით შესაფერისი არ ყოფილა. ამან რაიხსფიურერის ეჭვიანობაც განაპირობა. ჰიმლერი არავის, მათ შორის, თვით ვოლფსაც არ ენდობოდა.

- ის ჩემზე ახალგაზრდა, განათლებული, მამაცი და ჭკვიანია, ამიტომ პირველსავე ხელსაყრელ შემთხვევაში სარმას გამომდებს, - განუცხადა ჰიმლერმა თავის ადიუტანტს.

ჰიმლერის აგენტებიც ვოლფს გულდასმით უთვალთვალებდნენ. თავის მხრივ, ვოლფს არც SD-ს მაშინდელი შეფი ჰაიდრიხი ენდობოდა. ის გენერალს "ჰიმლერის კაცად" მიიჩნევდა, ამიტომ ჯაშუშები მიუჩინა. ვოლფის ადიუტანტი ჰაიდრიხისთვის მუშაობდა. თავის მხრივ, ვოლფს გესტაპოს შეფი მიულერიც თვალს არ აშორებდა. რაინჰარდ გელენის აზრით, მიულერს იმხანად ორი პატრონი ჰყავდა: რუსები და ბორმანი.

- არ გამოვრიცხავ, რომ ბორმანიც უკვე რუსებისთვის მუშაობდა, - წერს ჰიტლერული გერმანიის სამხედრო დაზვერვის (აბვერის) პირველი შეფი რაინჰარდ გელენი.

ამას ვალტერ შელენბერგიც იზიარებს, თუმცა არც მას, არც გელენს არავითარი დამამტკიცებელი საბუთი არ მოჰყავთ. ფაქტია მხოლოდ ის, რომ მიულერიცა და ბორმანიც ყველაფერს აკეთებდნენ, რათა დასავლეთთან სეპარატული ზავის დადება ჩაეშალათ.

- აქედან გამომდინარე, მართლაც ლოგიკურია ვარაუდი, რომ მიულერიცა და ბორმანიც რუსების აგენტები იყვნენ, თუმცა მხოლოდ ლოგიკაზე დაყრდნობით საბოლოო დასკვნის გამოტანა არ შეიძლება. ასე რომ, ეს მხოლოდ ვარაუდია, რომელსაც არსებობის უფლება უდავოდ აქვს, - წერს უილიამ შირერი.

ვალტერ შელენბერგი ნიურნბერგის პროცესზე

ამრიგად, ვოლფი გაძლიერებული ყურადღების ქვეშ იმყოფებოდა. მისი ადიუტანტი ჰაიდრიხის აგენტი იყო. დაცვის უფროსი მიულერისთვის, იმავდროულად კი ჰიმლერისთვის მუშაობდა. ასევე ორი პატრონი ჰყავდა ვოლფის მდივან ჰერტა ჰასსაც, რომელიც მუშაობდა როგორც ჰაიდრიხისთვის, ასევე მიულერისთვის. გესტაპოს აგენტი იყო გებელსის მზარეული ფრაუ ჰილდაც. მიუხედავად ამისა, ვოლფმა მაინც გარისკა და მშვიდობის დამყარებისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადადგა.

1943 წელს ვოლფი ე.წ. "სალოს რესპუბლიკაში" (მარიონეტული სახელმწიფო ჩრდილოეთ და ნაწილობრივ ცენტრალურ იტალიაში) რაიხის სრულუფლებიან და საგანგებო წარმომადგენლად დაინიშნა. იმავდროულად ვოლფი იყო იტალიაში მთელი გერმანული უშიშროებისა და პოლიციური აპარატის უფროსი. მან კავშირი დაამყარა ვატიკანთან, რაშიც ძველი მეგობარი, ხორვატი კათოლიკე მღვდელი კრუნისლავ დრაგანოვიჩი დაეხმარა. ვატიკანის მეშვეობით ვოლფი გავიდა ევროპაში აSS-ის დაზვერვის რეზიდენტ ალენ დალესზე, რომელიც მაშინ ბერნში (შვეიცარია) იმყოფებოდა. 1943 წლის ბოლოს ვოლფსა და დალესს შორის კონტაქტი დამყარდა.

რამ გადაარჩინა ვენეცია

და ფლორენცია

დალესი გამოცდილი პროფესიონალი იყო და ესმოდა, რომ ჰიტლერული გერმანიის შენარჩუნება ისეთივე ბოროტება იქნებოდა, როგორიც გერმანიის დაქუცმაცება და ევროპაში პრორუსული მარიონეტული რეჟიმების დამყარება. საფრთხე კი რეალური გახლდათ. 1944 წლისთვის იტალიაში, საფრანგეთში, საბერძნეთში და სხვა ქვეყნებში კომუნისტური მოძრაობა გაძლიერდა. დალესმაც ვოლფს განუცხადა:

- სავსებით გეთანხმებით, რომ შექმნილ ვითარებაში გერმანია-დასავლეთს შორის ზავი ერთადერთი ხსნაა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს უკვე შეუძლებელია.

- რატომ? - შეეკითხა ვოლფი.

- იმიტომ, რომ თქვენ, გერმანელებმა, მოახერხეთ და მთელი მსოფლიო გადაიმტერეთ! სამწუხაროდ, დღეს სიტყვა გერმანელი ბარბაროსის სინონიმი გახდა.

- ჩემი აზრით, ცნებები გერმანია და ჰიტლერიზმი ერთმანეთისგან უნდა განვაცალკევოთ, - ვოლფი შეიშმუშნა.

- გეთანხმებით, მაგრამ ამას არც ჩვენი პოლიტიკოსები, არც ხალხი არ იზიარებს! საღმა აზრმა უკანა პლანზე გადაიწია. დაიწყო ფსიქოზი. ხალხიც მთავარ მტრად არა ივანს, არამედ ჰანსს მიიჩნევს.

- ჰიტლერი რომ გადავაყენოთ?

- ეს არაფერს შეცვლის. უსიტყვო კაპიტულაცია, - ასეთია როგორც ვაშინგტონის, ასევე ლონდონის პოზიცია! - დალესმა ნაღვლიანად ამოიოხრა, - ეს თანაბრად ეხება როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის ფრონტსაც.

- ნუთუ არაფრის გაკეთება აღარ შეიძლება? - ვოლფს ხმა აუკანკალდა.

- ახლა დასავლეთ ევროპის გადარჩენაა აუცილებელი, - დალესმა კვლავ ამოიოხრა, - ამასაც უდიდესი ძალისხმევა დასჭირდება.

ბერნში საუბარი იყო არა გერმანია-აSS-ს შორის ზავის დადებაზე, არამედ იტალიაში გერმანული არმიის კაპიტულაციაზე, თუმცა დალესის პოზიციას ბევრი არ ეთანხმებოდა. ფრანკლინ რუზველტის ვაჟი ელიოტი წერს:

- რუსეთმა ომის ძირითადი ტვირთი საკუთარ თავზე აიღო! ამიტომ თუკი ვოლფთან მოლაპარაკება დავიწყეთ, მას რუსებიც უნდა დასწრებოდნენ!

დალესმა რის ვაი-ვაგლახით მიაღწია, რომ ვაშინგტონს მისთვის მხარი დაეჭირა. ასე მოეწყო ოპერაცია "სანრაიზი" (რომელსაც ბრიტანელები "კროსუორდს" უწოდებდნენ), რომლის მიზანიც იტალიაში გერმანული არმიის კაპიტულაცია და კომუნისტებისთვის ხელისუფლებაში მოსვლის ხელის შეშლა გახლდათ. ვოლფის დახმარებით, ოპერაცია წარმატებით დამთავრდა. მეტიც, მოხერხდა ვენეციის, მილანის, ფლორენციის გადარჩენა, თუმცა ჰიტლერმა ამ ქალაქების განადგურების ბრძანება გასცა. ვოლფის დახმარებით გადარჩა უამრავი ხელოვნების ნიმუში. ვოლფმა, შეიძლება ითქვას, გმირობა ჩაიდინა, მაგრამ 1945 წელს, მასობრივი ანტიგერმანული განწყობის პირობებში, ამას ბევრი არ იზიარებდა.

ომის შემდეგ

დალესთან მოლაპარაკებები ვოლფს კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ბორმანმა ფიურერს მოახსენა, რომ ჰიმლერი თავისი ემისრის, ვოლფის დახმარებით თქვენ ზურგს უკან ამერიკელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდაო. გააფთრებულმა ჰიტლერმა ვოლფის დაპატიმრება ბრძანა.

- ვოლფი სასწრაფოდ ბერლინში გამოიძახეს. აეროდრომზე მას გესტაპოს შემპყრობი ჯგუფი დახვდა. მიულერმა მათ პირადად უბრძანა, ვოლფს გენერლის სამხრეები ჩამოაგლიჯეთ, ხელბორკილი დაადეთ და ჰიტლერის ბუნკერში ისე მოიყვანეთო, - წერს ტიპელსკირხი.

ვოლფს მხსნელად შელენბერგი მოევლინა. ის აეროდრომზე პირადად გაემგზავრა და გესტაპოელები აიძულა, უკან დაეხიათ. შელენბერგმა ფიურერს ამომწურავი მოხსენება მიართვა და დაუმტკიცა, რომ გენერალი მის საწინააღმდეგო შეთქმულებაში არ მონაწილეობდა. ფიურერმაც ვოლფის დასჯაზე ხელი აიღო. ოპერაცია "სანრაიზი" წარმატებით დასრულდა.

1945 წლის მაისში მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა. ჰიტლერული რაიხი აღიგავა პირისაგან მიწისა. ორგანიზაციები SS, SD, გესტაპო და სხვ. დანაშაულებრივ სტრუქტურებად გამოაცხადეს. მათი ბევრი წევრი, როგორც სამხედრო დამნაშავე, საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე წარდგა. ბევრი მოითხოვდა, განსასჯელთა სკამზე ვოლფიც დაესვათ. ალენ დალესმა თავისი გერმანელი მეგობრის დასახმარებლად ყველაფერი იღონა, თუმცა 1946 წელს ვოლფი მაინც დააპატიმრეს. ზოგიერთი მის სამხედრო დამნაშავედ გამოცხადებასა და ნიურნებერგის ტრიბუნალზე გაყვანასაც მოითხოვდა. "რაო, ჰიმლერის ნდობით აღჭურვილი პირი უდანაშაულოა?!"

1946 წელს ვოლფს ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. დალესმა ციხეში მოინახულა. "ეს უსამართლო განაჩენია. ყველაფერს ვიღონებ, რათა გაგათავისუფლონ", - განუცხადა დალესმა და პირობა შეასრულა. 1949 წელს ვოლფი გაათავისუფლეს. გერმანიის კანცლერი ადენაუერი მის შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნას აპირებდა, მაგრამ გერმანიის ლიბერალური წრეები ამას გააფთრებით შეეწინააღმდეგნენ: "როგორ, ნაცისტური პარტიის წევრი, SS-ის გენერალი, ჰიმლერის ყოფილი მარჯვენა ხელი დემოკრატიული გერმანიის მინისტრი უნდა გახდეს?!"

ადენაუერი იძულებული გახდა, დაეთმო. კარლ ვოლფი დასავლეთ გერმანიაში რიგით მოქალაქედ რჩებოდა. როგორც SS-ის გენერალს, პენსია არ ეკუთვნოდა და შემოსავლის ძირითადი წყარო ლექციები გახდა. თუმცა მასზე შეტევები არ ცხრებოდა და დაჟინებით მოითხოვდნენ უკვე მოხუცი ვოლფის გასამართლებას. კანცლერი ადენაუერი ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა, რამაც შედეგი გამოიღო. კარგა ხანს ვოლფისთვის ხელის ხლებას ვერავინ ბედავდა. მტრები კი არ ცხრებოდნენ. მათ ვოლფს 300 ათასი ებრაელის მკვლელობაში დასდეს ბრალი. ის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა.

ჰიმლერის ვიზიტი მატჰაუზენში, 1941 აპრილი. მარჯვნივ კარლ ვოლფი

1961 წელს ვოლფი დააპატიმრეს. კანცლერმა ადენაუერმა მიაღწია, გენერალი თავდებით გამოეშვათ ციხიდან, თუმცა გამოძიებაც გრძელდებოდა. 1963 წელს ადენაუერმა კანცლერის პოსტი დატოვა, მომდევნო წელს კი ვოლფი სასამართლოს წინაშე წარდგა. ის უკვე მძიმე ავადმყოფი იყო (გადაიტანა ინფარქტი), თუმცა მაინც გაასამართლეს და თხუთმეტი წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

მოხუცი გენერალი საავადმყოფოში მოათავსეს, გერმანელი საზოგადოება მის გათავისუფლებას კატეგორიულად მოითხოვდა, თუმცა კარგა ხანს ამას შედეგი არ გამოუღია. ვოლფი პატიმრობიდან მხოლოდ 1971 წელს გაათავისუფლეს. ექიმებმა დაასკვნეს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვოლფის პატიმრობაში გაჩერება აღარ შეიძლებოდა.

მწერალ-ჯაშუში

1978 წელს მოხუც ვოლფს მოახსენეს, რომ საბჭოთა მწერალ იულიან სემიონოვს მასთან შეხვედრა სურს. ვოლფი დათანხმდა. მეორე დღეს სემიონოვი გენერალს შინ ესტუმრა.

- დიდხანს და გულახდილად ვისაუბრეთ, - იგონებდა შემდგომში ვოლფი, - სემიონოვი ჭკვიანი და ინტელიგენტი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა, თუმცა მისი სუკ-თან კავშირი საუბრის პირველივე წუთებიდან ნათელი გახდა.

სემიონოვმა ვოლფს სთხოვა, დაედასტურებინა, რომ უკრაინელ ნაციონალისტთა ლიდერი სტეპან ბანდერა ჰიმლერის აგენტი იყო და რაიხსფიურერისგან გვარიან გასამრჯელოსაც იღებდა. ვოლფი ამის გაგონებისთანავე შეხტა:

- ეს ტყუილია! ბანდერა ჩვენს წინააღმდეგ იარაღით ხელში იბრძოდა! ამის გამო საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსეს. მისი ორი ძმა ოსვენციმში დაიღუპა, თავად ბანდერა სასწაულით გადარჩა.

- მაგას მნიშვნელობა არ აქვს, - სემიონოვმა გაიღიმა, - მთავარია, არსებობს ხალხი, რომელსაც სურს, ბანდერა ნაცისტების აგენტად წარმოაჩინოს და ამაში ფული გადაიხადოს, მაგალითად, ოცი ათასი ამერიკული დოლარი...

- როგორ მიბედავთ? - გაბრაზდა ვოლფი.

- ოტო სკორცენი დაგვთანხმდა ამ თანხის სანაცვლოდ ბანდერაზე ჩვენთვის სასურველი ცნობების მოწოდებას.

- ის სკორცენია, მე კი ვოლფი! - ცივად წარმოთქვა გენერალმა და ფეხზე წამოდგა იმის ნიშნად, რომ საუბარი დამთავრდა.

მოსკოვში დაბრუნებულმა სემიონოვმა კი დაწერა, რომ ვოლფი თავდაჯერებულ ნაცისტად და ანტიკომუნისტად დარჩა.

* * *

კარლ ვოლფმა ღრმა მოხუცებულობამდე იცოცხლა. ის როზენკაიმში (ბავარია) 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი პერსონა დღემდე იწვევს მწერალთა და მკვლევართა ინტერესს. იგი არაერთი რომანისა თუ ფილმის გმირია. ვოლფის ცხოვრებას უამრავი სამეცნიერო მონოგრაფია მიეძღვნა.

ნიკა თევზაძე

ისტორიის დოქტორი

ჟურნალი "ისტორიანი",#37