"ვანურად და ხონურად რომ ვთქვა, გავატყავებ როგორც რწყილს და არ გავატან ქონს"
ვანურად და ხონურად რომ ვთქვა, გავატყავებ მას როგორც რწყილს და არ გავატან ქონს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა გიგი უგულავამ არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ თავისი კონკურენტის „ქართული ოცნების“ კანდიდატის გივი ჭიჭინაძის მისამართით განაცხადა.
როგორც გიგი უგულავამ განაცხადა, „ქართული ოცნება“ ისევ ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებითა და ბევრი ფულით ახდენს არჩევნებზე მანიპულირებას.
გიგი უგულავას თქმით, გივი ჭიჭინაძეს პირობას აძლევს, რომ ის ვერ იქნება ფორმალური მაჟორიტარი და რეალურად მოუწევს ზრუნვა ვანსა და ხონზე.
მან ვანისა და ხონის მოსახლეობას მადლობა გადაუხადა არჩევნებში მონაწილეობისთვის.
„პირველ რიგში, მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ვანელსა და ხონელს, ვინც არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა მათ, ვინც მხარი დამიჭირა და მენდო. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მათი ნდობა გავამართლო. მთელ რიგ სოფლებში ჩვენ გავიმარჯვეთ და სამწუხაროდ, ქალაქებში, სადაც „ქართული ოცნების“ ადმინისტრაციული რესურსია მობილიზებული ძირითადად, ამის ხარჯზე ახდენს უკვე მერამდენე წელია, „ქართული ოცნება“ არჩევნებში მანიპულირებას. ამას ემატება ძალიან სამწუხარო და საგანგაშო რამ, რომ ბოლო ორ დღეში ჩამოდის ძალიან ბევრი შავი „ჯიპი“ ძალიან ბევრი ფულით და ხდება ყველაზე ამაზრზენი რამ - მანიპულირება ყველაზე უფრო გაღატაკებული მოსახლეობით.
ამის ერთადერთი პრევენცია არსებობს, რომ ჩვენ უფრო მეტი უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ჩვენ უფრო მეტი ვიქნებით. ძალიან მისასალმებელია ის, რომ ჩვენ მაგალითად, ვანში ორჯერ უფრო მეტი ხმა ავიღეთ, ვიდრე რამდენიმე თვის წინ. გაუმჯობესებულია ჩვენი მონაცემები ასევე ხონშიც. ამასთანავე, როგორც ჩანს, ხვალიდან ბატონი ჭიჭინაძე იქნება დეპუტატი ვანისა და ხონის მაჟრიტარული ოლქიდან.
მე პირადი პასუხისმგებლობა ავიღე ამ ორ რაიონზე. ამიტომ მას ვაძლევ პირობას, რომ დარჩენილი ორი წელიწადი ის არ იჯდება პენსიაზე. მას მოუწევს ვანელ და ხონელ პენსიონერებზე ზრუნვა. მას მოუწევს აქაური სოციალურად დაუცველი მოსახლეობაზე ზრუნვა. ის ვერ იქნება ფორმალური მაჟორიტარი, როგორიც ჰყავს „ქართულ ოცნებას“ დანარჩენ რაიონებში. ვანურად და ხონურად რომ ვთქვა, გავატყავებ მას როგორც რწყილს და არ გავატან ქონს. ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ აქაური ცხოვრება გაუჯობესდეს და ადამიანებმა იგრძნონ გაუმჯობესება. მე ყოველთვის დავრჩები ხონელების და ვანელების გვერდით. ჩემთვის ეს იყო უმნიშვნელოვანესი კამპანია. მე მათ ნდობას ყოველთვის გავამართლებ“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ 57.86%, ხოლო „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა გიგი უგულავამ - 38.38% მიიღო.
"ინტერპრესნიუსი"