"დღეს პაციენტი დაუცველია!"
რატომ ცდილობენ ექიმები, პაციენტი რაც შეიძლება დიდხანს დატოვონ კლინიკაში
მას შემდეგ, რაც ჩემი ოჯახის წევრს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო, პირადად შევეჯახე ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებს... ყველაფერი კი ასე დაიწყო: ორი კვირის წინ, მაღალი არტერიული წნევითა და მეტყველების გაძნელებით, ჩემი ოჯახის წევრი დუშეთის საავადმყოფოში მოხვდა. ძნელია, ამ დაწესებულებას კლინიკა უწოდო, რადგან იქ აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობა არ არსებობს. მორიგე ექიმმა მხოლოდ ამბულატორული მომსახურება შემოგვთავაზა და პაციენტს გადასხმის სისტემა დაუყენა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში არავინ ვართ მედიცინის მუშაკები, მაინც აუცილებლად ჩავთვალეთ თავის ტვინის ულტრაბგერითი გამოკვლევა, ექიმი კი ჩვენს გადაწყვეტილებაზე უფრო და უფრო ღიზიანდებოდა. აშკარა იყო, უპირატესობას არა პაციენტის ჯანმრთელობას, მის ვაუჩერს ანიჭებდა... ჩვენი ძალისხმევით პაციენტის ქალაქში გადასაყვანად რეანომობილი გამოვიძახეთ. მედიკოსების საუბარი მოურიდებლად, ჩვენი თანდასწრებით შედგა. რადგან ოჯახის წევრებს გვსურდა პაციენტის გადაყვანა, დუშეთის საავადმყოფოს ექიმი ითხოვდა, რომ ავადმყოფისთვის ექოსკოპიური კვლევა ჩაეტარებინათ და ისევ დაებრუნებინათ დუშეთში, ყველაზე დამთრგუნველი კი ის იყო, რომ სახელად კლინიკა და რეალურად კი ამბულატორია სავსე იყო მძიმე ავადმყოფებით... გზად ვფიქრობდი, რა ბედი ეწევა მათ, ვინ აგებს პასუხს მათ ჯანმრთელობაზე...
მომხდარით გაოგნებულს, კიდევ უფრო მძიმე ისტორიის მოსმენამ მომიწია. ჩემი ნაცნობი ისე მოხვდა ფსიქიატრიულ კლინიკაში, ვერც გაიგო მიზეზი. ერთ-ერთ სუპერმარკეტში, სადაც მზა საჭმელსაც სთავაზობენ მომხმარებელს, მზარეულს ხელი ხორცსაკეპ დანადგარში მოჰყვა და მარჯვენა ხელის მტევანი მოწყდა. ნანახით შოკირებული თანამშრომელი ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, შემდეგ კი მანქანიდან ფსიქიატრიულ კლინიკაში ამოყო თავი. როგორც ამბობს, შოკურმა მდგომარეობამ რამდენიმე საათში გაიარა, მაგრამ შემდგომმა არასამართლიანმა, გაუგებარმა და არაადამიანურმა დამოკიდებულებამ უფრო მეტად მიაყენა სტრესი, რომელსაც დღემდე ებრძვის. ჩემი ნაცნობი ამტკიცებს, რომ ექიმი ყველაფერს აკეთებდა, რომ ის რაც შეიძლება დიდხანს დაეტოვებინა კლინიკაში. მას ყველაფერი ახსოვს, სანამ ფსიქიატრი მედიკამენტებს დაალევინებდა, მერე კი ყველაფერი ბუნდოვანი გახდა. რომ არა დაეჭვებული დედა, ახალგაზრდა ქალი უდიაგნოზოდ დიდხანს იქნებოდა აბებით გათიშული. პაციენტი ამბობს, რომ მას თავდაპირველად სისხლის ანალიზი გაუკეთეს. შემდეგ კი, ხუთი დღის განმავლობაში, 3-საათიანი შუალედით, საერთო ჯამში 25 უცნობი დასახელების აბს ყლაპავდა. წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა, რადგან ექთანები თითოეულ ჩვენგანს პირის ღრუს საგულდაგულოდ უთვალიერებდნენო. რომ არა დედის მიერ მოთხოვნილი კვლევის შედეგები, არავინ იცის, რამდენ ხანს გააჩერებდნენ კლინიკაში. ექიმმა, რომელმაც ვერ წარუდგინა კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტები, მუქარანარევი კითხვა დაუსვა ოჯახის წევრებს: გსურთ, ახალგაზრდა ქალს ფსიქიკური ავადმყოფის საბუთი ჰქონდეს და ვეღარსად იმუშაოსო? ასე რომ, წამლებით გაბრუებულ ქალს ხელი მოაწერინეს კლინიკიდან საკუთარი ნებით გაწერაზე. კითხვას, რა ინტერესი უნდა ჰქონოდა ექიმს, რომ პაციენტი რაც შეიძლება დიდხანს დაეტოვებინა კლინიკაში, ჩემი ნაცნობი პასუხობს, რომ მხოლოდ ფული, ვაუჩერის განაღდების შესაძლებლობა.
რამდენად დაცულია პაციენტის უფლებები, რას ფიქრობენ ამ საკითხზე ექსპერტები და რაში ხედავენ გამოსავალს, "კვირის პალიტრა" ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტს, სერგო ჩიხლაძეს ესაუბრა:
- მოსახლეობაში ჟღერს აზრი, რომ ექიმები იმაზე მეტ გამოკვლევებს უტარებენ პაციენტებს, ვიდრე რეალურად საჭიროა, ასევე, ნიშნავენ უამრავ წამალს. მსგავსი ტიპის დარღვევებზე სტატისტიკის მოშველიება გამიჭირდება, თუმცა, სხვებთან ერთად, ჩემი ახლობლებიც გამხდარან მსხვერპლი. რა შეიძლება იყოს მიზეზი?! პირველ რიგში ის, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გამომდინარე, როცა სახელმწიფო აფინანსებს სხვადასხვა სერვისს და ადამიანი არ იხდის საკუთარი ჯიბიდან ან არ სარგებლობს კერძო დაზღვევით, ნაკლებ ყურადღებას აქცევენ სახელმწიფოს მიერ ასანაზღაურებელ სერვისებს, რითაც სარგებლობენ კლინიკები.სხვათა შორის, ამას ადასტურებს წინა წლების აუდიტის დასკვნაც, როდესაც უეცრად 100 და 200%-ით გაიზარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარებების რიცხვი. არადა, თუ ქვეყანა არ იმყოფება საომარ მდგომარეობაში, ეს წარმოუდგენელია. მშვიდობიან ქვეყანაში შესაძლოა, მაქსიმუმ 10-15%-იანი ზრდა.
ხშირად კლინიკები ცდილობენ გადაუდებლის კოდი მიანიჭონ პაციენტს და 100%-იანი დაფინანსება მოიპოვონ. ბოლო დროს ეს საკითხი ცოტა დარეგულირდა, რადგან სახელმწიფომ სადაზღვევო პირობები შეცვალა შეკვეცის ხარჯზე. ხშირია შემთხვევა, როცა საჭიროზე მეტ გამოკვლევას ან წამალს უნიშნავენ პაციენტს, რაც მეტ შემოსავალს მოუტანს დაწესებულებას. პრობლემაა მონოპოლიაც - როცა კლინიკა გზავნის პაციენტს თავის დაქვემდებარებაში მყოფ ლაბორატორიასა და აფთიაქში. ასევე ხშირია შემთხვევა, როცა ერთსა და იმავე გამოკვლევას სხვადასხვა კლინიკაში მიმართვისას თავიდან უტარებენ პაციენტს - მიზეზად სხვა კლინიკებისადმი უნდობლობასა და არაპროფესიონალიზმს ასახელებენ, ან იმიზეზებენ, თითქოს ვერ მოიძIიეს შედეგები, არ არსებობს ერთიანი ელექტრონული ბაზა და სხვ.
- როგორ უნდა დაიცვას პაციენტმა თავი, რა პრევენციული ზომები არსებობს?
- ჯანდაცვის სამინისტროს მარეგულირებელმა ორგანომ მონიტორინგი უნდა გააძლიეროს. ხშირად ასეთი ფაქტები არ ხმაურდება და არ მიდის შესაბამის უწყებებამდე. ამას ემატება ისიც, რომ პაციენტმა არ იცის თავისი უფლებები. სხვა პრევენციული მექანიზმი ვერ გადაჭრის პრობლემას. მართალია, ყოველწლიურად იზრდება კონტროლის მექანიზმი დაჯარიმების, საქმიანობის შეწყვეტის ან სხვა სანქციების ამოქმედებით, მაგრამ პრობლემა მაინც რჩება. პაციენტისთვის რთული გასაკონტროლებელია, რამდენი გამოკვლევა სჭირდება მკურნალობისთვის.
მთავარი პრევენცია მაინც ჯანდაცვის დაფინანსების გაუმჯობესებაა. სახელმწიფო არ უნდა იყოს მთლიანად დამფინანსებელი, განმკარგავი და მაკონტროლებელი. ამ სქემაში უნდა ჩაერთონ კერძო სტრუქტურებიც და მათაც აწარმოონ კონტროლი - მონიტორინგისა და ხარისხის გაუმჯობესება ამ გზით არის შესაძლებელი.
მეორე მხრივ, ისიც კარგად მესმის, რომ მონიტორინგი ძალიან რთულია. დღეში ასიათასობით პაციენტი მიმართავს კლინიკას და მონიტორინგზე ნახევარი სამინისტროს კადრებიც რომ მუშაობდნენ, მაინც ვერ შეძლებენ სრულად გაკონტროლებას. სწორედ ამიტომ არის საჭირო პასუხისმგებლობის გადანაწილება, სტრუქტურის დეცენტრალიზაცია. ახლა რაც კონტროლდება, ფინანსური ანგარიშგებაა, საავადმყოფოების გაწეული მომსახურების ანაზღაურება დაახლოებით 4 თვეს აგვიანებს, სექტემბრის ხარჯები შესაძლოა დეკემბერში ანაზღაურდეს, ეს კი პირდაპირ ურტყამს ხარისხს. გაჭიანურებულია შემოწმებაც. სახელმწიფო ცდილობს, მაგრამ ფიზიკურად შეუძლებელია ხარისხის გაკონტროლება. ხარისხი გაკონტროლდება მაშინ, თუ საჩივარი შევა და დაიწყება მოკვლევა.
- გამოდის, დღეს პაციენტის უფლება დაუცველია და დიდი ალბათობით, ასე იქნება დიდხანს.
- შეულამაზებლად რომ ვთქვათ, დღეს პაციენტი დაუცველია ზედმეტი სამედიცინო მანიპულაციებისგან, რომელიც მას არ სჭირდება. საგულისხმოა ისიც, რომ ექიმის ხელფასი მიზერულია. მაღალანაზღაურებადი ექიმი ქვეყანაში სულ 5-7%-ია. კიდევ უფრო კატასტროფული ვითარება აქვთ ექთანებს. როცა მედპერსონალი მძიმე დღეშია, ხარისხისა და კეთილსინდისიერების მოთხოვნა რთულია.
- კლინიკის სარგებელი სახელმწიფო ვაუჩერით სარგებლობის შემთხვევაშიც იკვეთება?
- დიახ, არსებობს სხვადასხვა პაკეტი, რომლებიც სხვადასხვა ოდენობის თანხით ანაზღაურდება. ბევრმა მოიხსნა, მაგრამ ბევრიც ვაუჩერით მოსარგებლე დარჩა. იყო შემთხვევები, როცა პაციენტებს სტაციონარში, სამის ნაცვლად, ხუთ დღეს აჩერებდნენ. თუ პაციენტი თავად იხდის ან აფინანსებს კერძო სადაზღვევო კომპანია თავისი კომერციული ინტერესების გათვალისწინებით, სქემა ვერ მუშაობს.
უფრო მომგებიანი იყო კლინიკებისთვის, როცა საყოველთაო დაზღვევა შეუზღუდავად მოქმედებდა. ახლა რისკი დაბალია, მაგრამ ცალკეული შემთხვევები მაინც ხდება და დაზღვეული ვერ ვიქნებით. როდესაც სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაცია სოლიდურ თანხას აღწევს, ეს არ ნიშნავს, რომ მთელი ფული ექიმამდე მიდის - მოგეხსენებათ, ყველა კლინიკა კერძო საკუთრებაშია და მესაკუთრე განსაზღვრავს ხელფასის ოდენობას. საბოლოო ჯამში, ექიმთა ანაზღაურება ძალიან მცირეა.
"კვირის პალიტრამ" სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსს, ლია მელიქიძეს მიმართა: "
- გადაცდომების შესახებ საკითხებს სამედიცინო დოკუმენტაციებზე დაყრდნობით ან განმცხადებლის მიმართვის საფუძველზე ვსწავლობთ. თავს უფლებას ვერ მივცემთ, პაციენტის მონათხრობიდან დასკვნა გამოვიტანოთ. რაც შეეხება ფსიქიატრიულ კლინიკაში მომხდარს, ამ შემთხვევაშიც ვერაფერს ვიტყვი, მომართვის შემთხვევაში კი ჩვენ შევისწავლით საკითხს. როდესაც ფინანსურ ინტერესებს ეხება საქმე, ეს სამართალდამცავებისა და სხვა უწყებების თემაა. რეგულირების სააგენტო ახდენს სახელმწიფო პროგრამებზე რევიზიას და გადაცდომის შემთხვევაში სანქციებს აწესებს. ატარებენ გეგმურ და არაგეგმურ მონიტორინგსაც.
წინა წლებთან შედარებით, წელს განმცხადებლების რაოდენობა მნიშვნელოვნად არ განსხვავდება - არც გაზრდილა და არც შემცირებულა. 2017 წელს 162 განცხადება განიხილა სასამართლომ. ხარისხის შესწავლის მიზნით 170 შემთხვევა შევისწავლეთ. 2018 წლის მარტის ჩათვლით, კვარტალურად, შემოსულია 47 საჩივარი. რეგულირების სააგენტო მონიტორინგს არ ახორციელებს. კონტროლზე შესულ მაკონტროლებელს მოჰყვება ანგარიშის მომზადება დარღვევების შესახებ, იქმნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მიმართავს სასამართლოს. სანებართვო სანქცია 0-დან 10 000 ლარამდე მერყეობს ფულადი ჯარიმა სამედიცინო დაწესებულების მიმართ. გათვალისწინებულია: კადრების კვალიფიკაციურობა, ინფრასტრუქტურა, ტექნიკური აღჭურვა და ა.შ.
თორნიკე ყაჯრიშვილი