"ფეისბუკის" კაცი
იხილეთ დასაწყისი: დაკარგული კოცნა
ყოველთვის დილაუთენია რეკავს, რადგან თვლის, რომ ზედმეტი ძილი ასუქებს. რამდენიც უნდა ვეცადო, მაინც ვერ გადავარწმუნებ, არც იმის მტკიცებას ვაპირებ, რომ ადამიანი ღმერთმა შექმნა და არა შრომამ. მამიდა 82 წლის არის.
გაუმარჯოს დარვინს?! აბა რა! რადგან, მამიდა ამტკიცებს, რომ ზუსტადაც შრომისმოყვარეობის დამსახურებაა მე რომ "ის" ბიჭი სიმპათიურ კაცად მეჩვენება. საყვარელი დერეკი, რომელმაც მთელი წელი გაუძლო ჩემს თმაგაჩეჩილ სიარულს პიჟამაში, ოთახიდან ოთახში ბორიალს, სიგარეტის კვამლს, კომპიუტერის კლავიშებზე კაკუნს და დაუსრულებლად სათვალის ძებნას. იმ წელს იმ წიგნს ვწერდი, რომელსაც ახლა ვერ ვყიდი.
- დაწერილი ტექსტები არ იკარგება - მამშვიდებს ჩემი ინდოელი, საუზმეს ამზადებს, თან სუშმიტა ბანერჯზე მიყვება, მწერალ ქალზე, რომელიც თალიბებმა მოკლეს. ანუ თუ მინდა, რომ ჩემი წიგნი გაიყიდოს, მინიმუმ უნდა მომკლან?
- ინდოელს დაუტკბი, ქართველ კაცებთან კი საერთო ენის გამონახვას ვერ ახერხებ! - ბობოქრობს მამიდაჩემი. ლიკას, ჩემს მეგობარს არ ესმის, რატომ არ "ვკლავ" მამიდაჩემს დერეკის თათხვისთვის.
- იმიტომ, რომ ვერაფერს გავაგებინებ!
- რას ვერ გააგებინებ, შენზე ნაკითხი, მოწესრიგებული, შენზე მშრომელი და "პრადვინუტია", რას ვერ გააგებინებ?! წინააღმდეგობაში ვარდები, თუ შენი ნააზრევის გაზიარებას აზრი არა აქვს, მაშინ რატომ წერ წიგნებს? - უკან არასდროს იხევს ლიკა.
წიგნები პირად ამბიციებს არ ლახავენ. მკითხველი არასდროს წარმოიდგენს არასასურველ პერსონაჟად თავს. წიგნები ყველაზე ტაქტიანი სულიერები არიან, ამიტომაც აქვთ მათ ძალა, მამიდაჩემი კი ჩემი ტელევიზორივითაა, ის ყველას და ყველაფერს აკრიტიკებს, მაგრამ ამის ახსნას რა აზრი აქვს? ამიტომაც ვდუმვარ.
დერეკი ბუდასავით ზის. მუსიკას უსმენს და მელოდება, როდის ვეტყვი - წავედით! როდესაც მშვიდადაა, მისი პრიალა კანიც მომწონს, გიშერივით შავი, აბურდული თმაც და უხეში სახის ნაკვთებიც.
შემამჩნია. ყოველთვის ფეხზე დგება, როდესაც ოთახში შევდივარ, მიუხედავად იმისა, რომ მე საწოლიდანაც კი არ ვდგები, როცა ჩემთან შემოდის. დგება და რეალობას ვუბრუნდები. დერეკი ჩემზე დაბალია.
- რა მნიშვნელობა აქვს სიმაღლეს, თუკი ადამიანი გიყვარს? - ვეკითხები მამიდაჩემს.
- ძალიან დაბალია! - აზუსტებს ის, ზუსტად იცის, როგორ ჩამომაგდოს ღრუბლებიდან - ფაქტის კონსტატაციით. ჰო, ვერაფერს ვუხერხებ საკუთარ წარმოსახვებს, სადაც ჩემი მამაკაცი ჩემზე ერთი თავით მაღალი უნდა იყოს.
- და ეგ აზრი ვინ ჩაგინერგა? - აინტერესებს ნატას, - გეცადა და ეგებ კარგი იყოს?
იქნებ ეს აზრი ზღაპრებმა ჩამინერგეს? ოღონდ რომელ ზღაპარში წერია, რომ ბიჭი, რომელმაც ურჩხულებისგან გამოიხსნა გოგო, ათი ან თხუთმეტი სანტიმეტრით მაღალი იყო გოგოზე?
- ეგ კაცი, იმის გარდა რომ ქართველია, მეტი არაფერიც არ არის! - ახლა კოტეს მიწუნებს მამიდა. ამოიჩემა. მგონი ის არ მოსწონს, რომ ფეისბუქით გავიცანი.
- მამიდა, 45 წლის ვარ და არავინ მყავს!
- ჰოდა, რა უნდა ფეისბუქზე 45 წლის კაცს?!
- 40 წლის, უცოლო, უშვილო. არც მოვალეობები აქვს წარსულთან, არც მისი ყოფილი ცოლები მოგიცვივდებიან. - საპირისპიროს ამტკიცებს ლიკა.
არ ვიცი, ოდესმე შევხვდები თუ არა ფეისბუქში გაცნობილ კაცს, მაგრამ მამიდას მისი ასაკი უნდა დავუმალო...
- ქალები გამუდმებით მომავალზე ლაპარაკობენ, ან წარსულზე - ამბობს დერეკი. მართალია. ეგებ არ ვიფიქრო რა შეიძლება მოჰყვეს ამ ურთიერთობას და წავიდე პაემანზე. დაბალი რომ აღმოჩნდეს?!
სახლიდან გამოვდივართ. ბევრია ფარდიანი ფანჯარა თავს ზევით, რკალად. არავის სურს საკუთარ ცხოვრებაში შეგახედოს.
- გვითვალთვალებენ, მოგეხვიო? - მეხუმრება დერეკი.
ქუჩაზე ვეშვებით, ბენზინით "გამდიდრებულ" ჰაერში ხეებიდან სვეტებად დაღვრილ მზის სხივებს ვცდილობ სახე მივუშვირო. ლეონიძის ქუჩის კუთხეში ნაცნობ სახეს ვლანდავ. ვუახლოვდები, ჰო, ის არის, ის თვალები, ის ტუჩები, ის კაცი. ერთმანეთის პირისპირ ვდგავართ, თავი უკან მაქვს გადახრილი და ყელ აჭიმული მის სუნთქვას ვიჭერ.
- შენი მცველი თუ არ გაბრაზდება, დილის შეხვედრა ყავით აღვნიშნოთ. - რა უცნაურია, უცნობი კაცი გულში ახლობელივით მიკრავს და ჩემი სხეული ამას არ აპროტესტებს.
"დერეკს მოუბოდიშე და წაყევი!" - ჩამესმის ლიკას ხმა.
"ფეისბუკის კაცი!" - ეს უკვე მამიდაჩემის დამცინავი ხმაა.
საკუთარ თავს ვუჯერებ და მივყვები. გაგრძელება: ახლა თვითონ მელოდოს!