"ბევრი დრო არ აქვთ" - ვის "გარიცხავს" ივანიშვილი სკოლიდან და ვის დააყენებს კუთხეში? - კვირის პალიტრა

"ბევრი დრო არ აქვთ" - ვის "გარიცხავს" ივანიშვილი სკოლიდან და ვის დააყენებს კუთხეში?

"ღმერთმა ნუ ქნას ჩემი პოლიტიკაში დაბრუნება. ამას მეორედ მოსვლას ვადარებ", - ასე უპასუხა ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა 2015 წელს ჟურნალისტის შეკითხვას პოლიტიკაში მისი შესაძლო დაბრუნების შესახებ, თუმცა მას მოუწია ერთ მდინარეში მეორედ შესვლამ. ის აქტიურ პოლიტიკას "ქართული ოცნების" თავმჯდომარედ უბრუნდება - ეს საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აცნობა. რა ფაქტორებმა მიაღებინა ბიძინა ივანიშვილს ეს გადაწყვეტილება?  ამ საკითხებზე გაზეთ "კვირის პალიტრას" ესაუ ბრა ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომელმაც კარგა ხნით ადრე ივარაუდა ივანიშვილის პოლიტიკაში მეორედ მოსვლა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- ივანიშვილს ამ გადაწყვეტილების მიღება რომ მოუწევდა, ჩემი აზრით, აშკარა იყო. პრობლემა ბევრი იყო, მაგრამ მთავარი, რამაც ბიძინა ივანიშვილს ეს ნაბიჯი გადაადგმევინა, მმართველობითი სისტემის კრიზისია. ქვეყანაში ინსტიტუციური წესრიგი დარღვეულია, ძალისა და ინსტიტუციური ცენტრები აცდენილია ერთმანეთს. დღემდე ყველაფერი ისევ და ისევ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორზე იდგა. "ქართული ოცნების" პოლიტიკური ელიტა, ფაქტობრივად, ქმედუუნაროა... იმის შიშით, რომ რამე არ გაეფუჭებინათ, არანაირ გადაწყვეტილებას არ იღებდნენ. ეს იმდენად სერიოზულ პრობლემად იქცა, რომ ხელისუფლების ქმედუნარიანობაზე აისახა. ივანიშვილმა პირველ რიგში ეს უნდა "დაალაგოს".

დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან მძიმე გადასაწყვეტი იყო, არანაკლებ მძიმე, ვიდრე 2011 წელს, როცა ის პოლიტიკაში გამოჩნდა.

კარგია, რომ ეს ნაბიჯი გადადგა.სხვა შემთხვევაში გველოდა არა მხოლოდ მმართველობითი სისტემის კრიზისი, არამედ ჩნდებოდა სახელმწიფოებრივი არასტაბილურობის საფრთხეც.

როდესაც მმართველ პოლიტიკურ ძალაში იწყება ქაოსი, ქვეყანაში კი არ არსებობს სხვა პოლიტიკური ცენტრები, რომელთაც შეუძლიათ, გადაიბარონ პასუხისმგებლობა, უდიდესია საფრთხე, რომ პარტიის კრიზისი სახელმწიფოებრივ კრიზისში გადაიზარდოს.

...

- ყველა დიდი ინტერესით ელის ამ ცვლილებებს. ფაქტია, რომ ამ პროცესში ბიძინა ივანიშვილს დასჭირდება დასაყრდენი. რომელი ჯგუფი შეიძლება აღმოჩნდეს ეს საყრდენი და არის კი "ქართულ ოცნებაში" განახლების რესურსი, თუ სადმე სხვაგან უნდა ეძებოს?

- გეთანხმებით, რომ საჭიროა რეფორმატორთა გუნდი, რომელშიც ადამიანები ერთი მსოფლმხედველობის, ერთიანი გეგმისა და სტრატეგიის ირგვლივ იქნებიან გაერთიანებული... ვფიქრობ, ამისთვის რესურსი მცირეა, თუმცა ბოლო პერიოდში რეფორმატორული პოტენციალი გამოჩნდა. გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი ბოსტნის შემოღობვას არ ცდილობდნენ და ამ იწილო-ბიწილოში არ იყვნენ გარეული. ვფიქრობ, ივანიშვილს დასჭირდება შევსება გარედანაც.

ბიძინა ივანიშვილს და ყველას კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ბევრი დრო არ აქვთ. საჭიროა სწრაფი და ეფექტიანი მოქმედება. საზოგადოების იმედგაცრუება დიდია, თანაც ივანიშვილს შეცდომის უფლება აღარ აქვს - პირველივე შეცდომის ფასი შეიძლება ძალიან მაღალი აღმოჩნდეს მისთვისაც და "ქართული ოცნებისთვისაც".

ვფიქრობ, მთავრობაშიც არის რამდენიმე მინისტრი, რომლებიც ივანიშვილის საყრდენად შეიძლება მივიჩნიოთ...

ვრცლად იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში", ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია