შეწყვეტს თუ არა მეტრო 3 მაისს მუშაობას? - რას ამბობს კალაძე? - კვირის პალიტრა

შეწყვეტს თუ არა მეტრო 3 მაისს მუშაობას? - რას ამბობს კალაძე?

"3 მაისს, დილიდან, შესაძლოა, თბილისის მეტროპოლიტენმა მუშაობა შეწყვიტოს", - ამის შესახებ მეტროპოლიტენის ალტერნატიული პროფკავშირების "ერთობა 2013"-ის წევრებმა მეტროსადგურ "რუსთაველთან" დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. "ერთობა 2013"-ის მოთხოვნაა, რომ მეტროს მემანქანის საათობრივი ანაზღაურება 7-დან 10 ლარამდე გაიზარდოს.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძე ჟურნალისტებს თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლების შესაძლო გაფიცვასთან დაკავშირებით განუცხადა, არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე რაიმე თანხების მატებაზე საუბარი შეუძლებელია.

თბილისის მერის განცხადებით, მეტროს თანამშრომლების ნაწილის მიერ გაფიცვის მოწყობა მათი კონსტიტუციური უფლებაა, თუმცა აცხადებს, რომ არიან ადამიანები, რომელთა ხელფასი მეტროპოლიტენის თანამშრომლების ხელფასთან შედარებით გაცილებით ნაკლები - 400, 700, 800 ლარია, მაშინ როდესაც მეტროპოლიტენის თანამშრომელთა ხელფასები დაახლოებით 1 300-1400 ლარს შეადგენს.

"არანაირი პარალიზება არ მოხდება, მეტრო იმუშავებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მეტროს გაჩერება არ მოხდეს. გაფიცვა მათი კონსტიტუციური უფლებაა. უბრალოდ ადამიანურად ასეთი მიდგომები გულდასაწყვეტია და ძალიან ცუდი. ჩვენ გვყავს ადამიანები, რომელთაც არანაკლები პასუხისმგებლობა აქვთ და იმ ადამიანებს აქვთ გაცილებით ნაკლები ხელფასი. თუმცა, მომდევნო წლების განმავლობაში, როდესაც უკეთესი ეკონომიკური ზრდა და უფრო მეტი შესაძლებლობები იქნება, რა თქმა უნდა, ხელფასის მომატება იქნება ყველა მიმართულებით", - განაცხადა კახი კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"