ადგილები, სადაც თამბაქოს ვეღარ მოწევთ
დღეიდან ძალაში შევიდა კანონი, რომლის საფუძველზეც შენობა-ნაგებობების უმეტესობაში თამბაქოს მოწევა აიკრძალა. თამბაქოს მოწევა აიკრძალა საზოგადოებრივ ტრანსპორტში (გარდა ტაქსისა და კატერისა); საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების, ბიბლიოთეკების, 18-წლამდე ასაკის პირებისათვის განკუთვნილი დაწესებულებების შენობა-ნაგებობების ტერიტორიებზე; სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე; ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება. თამბაქოს მოწევა აკრძალული იქნება სტადიონზეც, რომელსაც ჰყავს ადმინისტრაცია.
თამბაქოს მოხმარების შეზღუდვასთან დაკავშირებით სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებისათვის ძალაში შევიდა ვალდებულებები, რომელიც 1-ლი მაისიდან ამოქმედდა.
კერძოდ, ნებისმიერი იურიდიული პირი, ორგანიზაციული წარმონაქმნი, მეწარმე სუბიექტი, საჯარო დაწესებულება, მათ შორის, სახელმწიფო ორგანო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ვალდებულია, იმ შენობა-ნაგებობაში ან ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობს, თამბაქოს მოწევის აკრძალვა/შეზღუდვა უზრუნველყოს.
დაწესებულებამ არ უნდა დაუშვას შენობა-ნაგებობაში თამბაქოს მოხმარების შედეგად არსებული კვამლის, ფერფლის, ნამწვის არსებობა, აგრეთვე ჩილიმის განთავსება.
სავალდებულო ხდება შენობის ტერიტორიაზე - ყველა შესასვლელსა და სხვა თვალსაჩინო ადგილზე თამბაქოს მოწევის აკრძალვა/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესების განთავსება, შესაბამისი წარწერა და ნიშანი თამბაქოს მოწევის აკრძალვის თაობაზე.
გარდა ამისა, უნდა განთავსდეს იმ ფიზიკური პირის და დაწესებულების საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და სხვა ინფორმაცია, რომელთან დაკავშირებაც იქნება შესაძლებელი თამბაქოს მოხმარების აკრძალვასთან/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესების დარღვევის შემთხვევაში.
თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესების დაუმტკიცებლობაზე და შენობა-ნაგებობების ტერიტორიაზე ამკრძალავი წესების განუთავსებლობაზე დაწესებულია ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, ხოლო აღნიშნული ქმედების განმეორება - 1 000 ლარიანი ჯარიმის დაკისრებას ითვალისწინებს.
ასევე, დღეიდან ძალაში შევიდა ნორმა, რომლის მიხედვით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მასობრივი ჩვენებისა და თეატრალური წარმოდგენის მეშვეობით, თამბაქოს მოწევის ან მისი მოხმარების სხვა ფორმების დემონსტრირება აიკრძალა.
მაუწყებლის პროგრამაში თამბაქოს მოწევის ან მისი მოხმარების სხვა ფორმების დემონსტრირება გამოიწვევს დაჯარიმებას - 5 000 ლარის ოდენობით.
ადმინისტრაციული ჯარიმა იმ შემთხვევაში არ იმოქმედებს, თუკი ღია სივრცეში პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას, კადრში მწეველი შემთხვევით მოხვდება.
დღეიდან თამბაქოს ღერებით გაყიდვა აიკრძალა და 150 ლარის ოდენობით დასჯადი ქმედება გახდა. აიკრძალა თამბაქოს რეალიზაცია: ერთეული ღერებით ან ერთეული კოლოფით/შეფუთვით, თუ მასში 20 ღერ სიგარეტზე ნაკლები ან მეტია; 18 წლამდე ასაკის პირზე; ელექტრონული ან მექანიკური მანქანის საშუალებით; უფასოდ ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეებისათვის სადღეღამისო ულუფაში შეტანით; ინტერნეტით ან ფოსტით.
აღსანიშნავია, რომ თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის წამახალისებელ გათამაშებაში ან ლატარიაში პრიზად გამოყენება ან/და ლატარიის, აზარტული ან მომგებიანი თამაშობის საშუალებით დარიგება, ელექტრონული ან მექანიკური აპარატის საშუალებით უშუალოდ მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, უკანონო თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის, სარეკლამო პროდუქციისა და საშუალების კონფისკაციით. აღნიშნული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით, უკანონო თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის, სარეკლამო პროდუქციისა და საშუალების კონფისკაციით.
საჩუქრის გადაცემა ან შეთავაზება, თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის გადაცემა ან თამბაქოს ნაწარმის გასინჯვის შეთავაზება რეალიზაციის მიზნით – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სასაჩუქრე ნივთის კონფისკაციით. აღნიშნული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სასაჩუქრე ნივთის კონფისკაციით.
თამბაქოს ნაწარმის გაყიდვისას კუპონების დარიგება – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა, გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.
პირდაპირი პერსონალური კომუნიკაცია, ქსელური მარკეტინგი, საპოპულარიზაციო მასალის, მათ შორის, საინფორმაციო მასალის (კერძოდ, პირდაპირი გზავნილის) გადაცემა, რომელიც ახდენს ან შეიძლება მოახდინოს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს მწარმოებლის ან საბითუმო მოვაჭრის პოპულარიზაცია, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, თამბაქოს ნაწარმისა და შესაბამისი მასალის კონფისკაციით. ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, თამბაქოს ნაწარმისა და შესაბამისი მასალის კონფისკაციით.
ტელემარკეტინგი, მომხმარებელთა კვლევა, რომელიც ახდენს ან შეიძლება მოახდინოს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს მწარმოებლის ან საბითუმო მოვაჭრის პოპულარიზაცია, გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. ქმედების განმეორებით ჩადენა - გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
საცალო მოვაჭრისთვის თანხის გადახდა, ჯილდოს მიცემა ან საცალო მოვაჭრის საქმიანობაში წვლილის სხვაგვარად შეტანა, რაც გამიზნულია მისი მოტივირებისთვის, რათა მეტი თამბაქოს ნაწარმი გაყიდოს, გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
თამბაქოს მწარმოებლის, იმპორტიორის ან საბითუმო მოვაჭრის, მათთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული პირების მიერ თანხის გადახდა ან წვლილის სხვაგვარად შეტანა ღონისძიებაში, ფიზიკური პირის ან ორგანიზაციის საქმიანობაში, რომელიც ამის შედეგად ახდენს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს მწარმოებლის, იმპორტიორის ან საბითუმო მოვაჭრის ან მათი წარმომადგენლების პოპულარიზაციას, გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
ისეთი სათამაშოს, ტკბილეულის ან სხვა ნაწარმის გაყიდვა ან დარიგება, რომელიც არ არის თამბაქოს ნაწარმი და თამბაქოს ნაწარმის ილუსტრაცია, სიმულაცია ან იმიტაციაა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი ნივთის/ნაწარმის კონფისკაციით. ქმედების განმეორებით ჩადენა - გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი ნივთის/ნაწარმის კონფისკაციით.
თამბაქოს მწარმოებლის, იმპორტიორისა და რეალიზატორის მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი სპონსორობა – 5 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. აღნიშნული ქმედების განმეორება პირისათვის 10 000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრების საფუძველი იქნება.
ანალოგიური ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული თამბაქოს ინდუსტრიაში 18 წლამდე ასაკის პირის ჩაბმისთვის.