"ვერაფერი შევნიშნე ელენეს, გარდა იმისა, რომ ოდნავ საკუთარ თავში ჩაიკეტა" - რას ამბობს 13 წლის გოგონას დედა, რომელიც "ლურჯ ვეშაპს" ემსხვერპლა
ნანა ბერძენიშვილის ერთადერთი ქალიშვილი, 13 წლის ელენე 9 თვის წინ გახმაურებულ ონლაინთამაშს "ლურჯ ვეშაპს" ემსხვერპლა - გოგონა მე-13 სართულიდან გადმოხტა. სასოწარკვეთილი დედა იბრძვის, რომ ყველა მშობელი გააფრთხილოს ონლაინ-საფრთხეებზე, გადაარჩინოს სხვა მოზარდები მსგავსი საბედისწერო შემთხვევებისა და უფრო მეტიც - სიკვდილისგან.
სამწუხაროდ, მშობლები, რომლებიც ეჭვობენ, რომ ბავშვი ჩართულია ამ თამაშში, როგორც წესი, სამართალდამცველებს არ მიმართავენ. ისინი ბავშვთან მოლაპარაკების გზით ცდილობენ მოაგვარონ ეს პრობლემა. უფრო მეტად ის მშობლები მიმართავენ, რომელთა შვილებიც უკვე ემსხვერპლნენ "ლურჯ ვეშაპს". სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული და მიმდინარეობს გამოძიება თვითმკვლელობის მცდელობის მუხლით.
- თქვენ შემთხვევაშიც არის საქმე აღძრული. ამ ეტაპისთვის, თუ აქვს გამოძიებას რამე კონკრეტული შედეგი?
- ამ წუთისთვის რამე კონკრეტული შედეგი არ არის. 9 თვეა გასული. მე ველოდები გამოძიების დასრულებას და ამ ეტაპისთვის არანაირი უარყოფითი კომენტარი არ გამიკეთებია სამართალდამცველების მისამართით. რაც შეეხება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თამამად ვიტყვი, რომ სირაქლემის პოზიციაში არიან და არანაირი საინფორმაცია კამპანია არ უწარმობიათ ამ თემაზე, მსჯელობის დონეზეც კი.
- მშობელმა და ბავშვმა, რომლებიც ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან, როგორ უნდა დაიცვან თავი, ვის უნდა მიმართონ?
- სამწუხაროდ საქართველოში, მე რამდენადაც მომეპოვება ინფორმაცია, ბავშვის დაცვის თვალსაზრისით, ან ცხელი ხაზი, ან განათლების სამინისტროს რომ ჰქონდეს რამე პროგრამა, ასეთი არ არსებობს. არის რაღაც ფრაგმენტული პროგრამები არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ - ინტერნეტ უსაფრთხოებაზე, თუმცა კონკრეტულად ამ თამაშისგან როგორ უნდა დავიცვათ თავი, მსგავს რამეს ვერსად წავაწყდი.
- რა ნიშნებით უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვი ჩართულია თამაშში? თქვენ ელენეს ტრაგედიამდე ამჩნევდით რამეს?
- გარდატეხის ასაკში მყოფ ბავშვებში ხასიათის ცვლილება ხშირია და მშობელი შესაძლოა ვერც მიხვდეს, რით არის გამოწვეული ეს ცვლილება. მე პირადად ვერაფერი შევნიშნე ელენეს გარდა იმისა, რომ ოდნავ საკუთარ თავში ჩაიკეტა. ჩვენ თვითდაზიანებები არ გვინახავს იმიტომ, რომ დახურული ტანსაცმელი ეცვა. ამ ყველაფერს ელენეს მეგობრებთან საუბრის შემდეგ მივხვდით. უკვე ინტრნეტშიც უხვად იძებნება ის ნიშნები, რაც "ლურჯი ვეშაპისთვის" არის დამახასიათებელი. ეს არის: ჩაკეტილობა, თვითდაზიანება, ძილის დარღვევა (გამთენიისას ბავშვებს ეკითხებიან პირად რაღაცებს და მერე ამით ხდება მათი დაშანტაჟება. მათი მიზანია ბავშვს შეუქმნან დაუცველობის შეგრძნება). გაგრძელება