ბინები ლონდონში და პარიზში, სახლები ირლანდიასა და ისრაელში - რომელი დეპუტატები ფლობენ უცხოეთში უძრავ ქონებას? - კვირის პალიტრა

ბინები ლონდონში და პარიზში, სახლები ირლანდიასა და ისრაელში - რომელი დეპუტატები ფლობენ უცხოეთში უძრავ ქონებას?

ისინი ფლობენ ბინებს, საცხოვრებელ სახლებს, ავტომანქანებს, ფასიან ქაღალდებს, ფერწერულ ტილოებს, თუმცა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.

წარმოგიდგენთ ქართველ დეპუტატებს, რომელთაც უძრავი ქონება საქართველოს გარდა, უცხოეთშიც აქვთ. მათ შორის არიან როგორც მამაკაცი, ისე ქალბატონი დეპუტატები.

სალომე ზურაბიშვილი ფლობს 60 კვ.მ ფართობის ბინას საფრანგეთში, პარიზში, რომელშიც 1989 წელს 150 000 ევროა გადახდილი. ეს გასაკვირი ალბათ არ არის, რადგან ქალბატონიო სალომე საფრანგეთშია დაბადებული და გაზრდილი.

სალომე სამადაშვილის საკუთრებაშია 70 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი ირლანდიაში, ლიმერიკის საგრაფოში, რომელშიც 2015 წელს 80 000 ევრო გადაიხადა.

დეპუტატ ნატო ჩხეიძის მეუღლე ზაზა ოქუაშვილი ფლობს 170 კვ.მ ფართობის ბინას დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, რომელშიც 2013 წელს გადაიხადა 6 500 000 ფუნტი სტერლინგი.

ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი დეპუტატი შოთა შალელაშვილი, რომლის უძრავი ქონების ჯამური თანხა მონიტორინგის ცენტრის "მედიატორის" ინფორმაციით, 34 მილიონზე მეტია, ბინებს ფლობს საქართველოში, რუსეთსა და ისრაელში.

შოთა შალელაშვილის საკუთრებაშია 650 კვ.მ ფართობის ბინა ისრაელში, სავიონში, რომელიც 2010 წელს 18 000 000 ისრაელურ შეკელად შეიძინა. მის მფლობელობაშია ასევე სავიონში 40000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი. ის ფლობს მემკვიდრეობით მიღებულ 165 კვ.მ ფართობის ბინას ისრაელში, ქალაქ აშდოდში. შალელაშვილის საკუთრებაშია 155 კვ.მ ფართობის ბინა მოსკოვში, რომელშიც 1992 წელს 1 390 000 დოლარი გადაიხადა.

ლევან კობიაშვილი ფლობს 425 კვ.მ ფართობის საცხოვრებელ სახლს გერმანიაში, დუსელდორფში, ასევე, საცხოვრებელს ბერლინში და 790 კვ.მ მიწის ნაკვეთს დუსელდორფში.

დეპუტატი პაატა კვიჟინაძე ფლობს 53 კვ.მ ფართობის ბინას მოსკოვში, რომელშიც 2001 წელს 40 000 დოლარი გადაიხადა, ასევე, 107 კვ.მ ფართობის ბინას მოსკოვში, რომელიც 2007 წელს 100 000 დოლარად იყიდა, მის საკუთრებაშია ავტოფარეხი მოსკოვში და 2000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი რუსეთში, სოფელ სოლოსლოვოში.

ერთ-ერთი უმდიდრესი ქართველი დეპუტატი კობა ნაყოფია ფლობს 300 კვ.მ ფართობის ბინას ესპანეთში, კანარის კუნძულებზე, რომელშიც 1995 წელს 50 000 დოლარი აქვს გადახდილი.

იხილეთ ასევე: ბინები, მანქანები, ფასიანი ქაღალდები - რა ქონებას ფლობენ ქართველი პარლამენტარი ქალები?