"ლექსი არ დამიწერია, თუმცა ყოველთვის შემიძლია ბიძინა ივანიშვილს მივმართო და მომისმინოს"
"კვირის პალიტრის" არქივი, ინტერვიუ ჩაწერილია 2018 წელს.
"რამდენი ხანია ლექციებს ვკითხულობ ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში, ევროსაბჭოშიც გამოვდივარ და ყველას ძალიან კარგად ესმის ჩემი ინგლისური. სიტყვას ვეძებდი და ფიქრისას ზმნისწინი to, to... ორჯერ გავიმეორე, ამაზე ააწყვეს, მაგრამ გაბრაზებული არა ვარ, კარგი რეკლამა გამიკეთეს, იმდენჯერ მაჩვენეს ეკრანზე"
"პოლიტიკაში რომ ხარ, სერიოზულ თემებზე უნდა დაგისვან კითხვები და შენც სერიოზულ პასუხებს იძლეოდე. მოსახლეობას უნდა აინტერესებდეს ჩემი ხედვა პოლიტიკურ პროცესებზე, მომავალზე..."
ამოქმედდა კანონი "თამბაქოს კონტროლის შესახებ", რომლის ინიციატორი დეპუტატი გუგული მაღრაძეა. რამდენად აუცილებელი იყო ამ კანონის შემოღება და რას მოუტანს მოსახლეობას მისი ამოქმედება, ამ და სხვა თემებზე გუგული მაღრაძე "კვირის პალიტრას" ესაუბრა:
"დიახ, იყიდება 10 ლარად 4 ბოთლი ზეთი"
- საქართველოს მოსახლეობის 34% ეწევა. ამ დაავადებებს ეწირებიან არა მარტო მწეველები, არამედ არამწეველებიც. ასე რომ, ამ კანონის ამოქმედება მნიშვნელოვანი იყო. ყველა ქვეყანაში ასე მოხდა - ამოქმედებიდან 4-5 თვის შემდეგ ბევრმა დაანება მოწევას თავი, ვინც არა, ეჩვევიან იმ აზრს, რომ არ შეიძლება არამწეველებთან მოწევა. რას ნიშნავს მწეველთა უფლებები? ჩვენ მოწევას არავის ვუშლით, ოღონდ იქ არ უნდა მოსწიონ, სადაც არამწეველები არიან, რათა გამონაბოლქვით არ დააზიანონ ისინი.
- თქვენ თუ ეწევით?
- არა, სადმე რომ შევდივარ, ერთი საათის წინაც რომ იყოს მოწეული, უკვე ვგრძნობ და ცუდად ვარ.
- ახალი ინიციატივაც გქონიათ ჭარბწონიანობის საკითხზე.
- ჯერჯერობით ინიციატივა არ არის, თუმცა სერიოზულად ვფიქრობ დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ამ საკითხზე თანამშრომლობას. მთელ მსოფლიოში დგას ეს პრობლემა, განსაკუთრებით, ბავშვებში. ამიტომ რაღაც ცვლილების შემოღება შეიძლება, პროპაგანდა იქნება თუ ტკბილეულის გაყიდვაზე რეგულაციები... ჯანსაღი ცხოვრებისთვის ფიზიკური აქტივობები უნდა გაიზარდოს, კვების რაციონი როგორი ჯობს, ამაზე მშობლებთან მუშაობაც არის საჭირო...
მინდა პარლამენტმა ისეთი კანონები მიიღოს, რომლებიც მომავალ თაობას კარგი ცხოვრების საშუალებას მისცემს.
ჩემი სადეპუტატო დამოკიდებულებით უფრო ორიენტირებული ვარ შორსმიმავალი მიზნების მქონე კანონებზე.
- თქვენი აზრით, რომელი ინიციატივით დაამახსოვრდებით ისტორიას?
- ალბათ, თამბაქოს კანონით... დღეს მომწერა ერთმა მეგობარმა, ხამურაბის კანონები და გუგული მაღრაძის კანონები ისტორიას დარჩებაო.
- სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ლექსით ხოტბა შეასხით ბიძინა ივანიშვილს.
- ლექსი არასდროს დამიწერია, სამეცნიერო სტატიას დავწერ, მაგრამ ლექსს - ვერა, თუმცა დიდ პატივს ვცემ და ძალიან მიყვარს ბატონი ბიძინა ბევრი თვისების გამო. მართალია არ ვარ ისე ახლოს, რომ ყოველდღე ვხვდებოდე, მაგრამ ჩვენ გვაქვს კარგი, მეგობრული და თანამშრომლობითი ურთიერთობა. თუ რამე საკითხია, ყოველთვის შემიძლია მივმართო და მომისმინოს. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ხომ თანამებრძოლები ვართ.
- სანამ ინტერვიუს ჩავწერდით, თქვენი ძველი ინტერვიუ წავიკითხე. გეკითხებიან, თქვენი პოლიტიკაში მოსვლა სააკაშვილის დედასთან მეგობრობის დამსახურება ხომ არ არისო? თქვენ კი პასუხობთ, გიული ალასანიას ბევრი მეგობარი ჰყავდა, თუმცა პოლიტიკაში მხოლოდ მე მოვედიო.
- ეგრე იყო ზუსტად. მე ამერიკული პროგრამების მონაწილეთა ასოციაციის პრეზიდენტი ვიყავი, მიხეილ სააკაშვილიც იყო ამ ასოციაციის წევრი, მისი დედაც და ბევრ აქტივობას ვაწყობდით. ეტყობა, სააკაშვილმა დაინახა, რომ ვარ აქტიური და დასავლეთზე ორიენტირებული ადამიანი, თანაც უნივერსიტეტის პროფესორი. გამიკვირდა, როდესაც მითხრეს, შენი სივი მოიტანეო... ასე აღმოვჩნდი პარლამენტში, მაგრამ ჩვენი ხედვები გაიყო და გამოვეყავი.
- ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ხელმეორედ მოსვლაზე რას ფიქრობთ?
- ბატონმა ბიძინამ გარდატეხა შეიტანა საქართველოს ცხოვრებაში. ჩვენ შეუქცევადად დავადექით განვითარების ისეთ გზას, სადაც ადამიანის უფლებები აღარ დაითრგუნება. ეკონომიკაც ნელ-ნელა წავა წინ. ბატონი ბიძინას აზრებსა და იდეებს აბსოლუტურად ვიზიარებ, რადგან ხალხის კეთილდღეობისკენ არის მიმართული.
- ცოტა მსუბუქ თემაზეც ვისაუბროთ. როგორი დიასახლისი ბრძანდებით?
- სახლს დავალაგებ, გაუთოებაც მიყვარს, საჭმელების გაკეთება არ მხიბლავს.
- პროდუქტებს თავად ყიდულობთ?
- კი, კვირაში ერთხელ.
- თქვენი გამოთქმა ფრთიან ფრაზად იქცა, 10 ლარით რომ 4 ბოთლი ზეთის ყიდვა შეიძლება.
- ეგრე ღირს, შედით მაღაზიაში და ნახეთ. იმ დღეს ვიღაცამ "კარფურის" ზეთის სექციის ფოტო დადო, ზეთის ერთ მარკას 2 ლარი და 40 თეთრი ეწერა. მახსოვს, ჩართვა მქონდა ერთ-ერთ გადაცემაში, პენსიის 10 თუ 20 ლარით მომატებაზე იყო საუბარი. დარბაზში ვიღაც ქალმა თქვა, ვინ არის თქვენი მათხოვარი, 10 და 20 ლარს ყოველთვე მე გადაგიხდითო. შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი და ვუპასუხე: ქალბატონო, შეიძლება თქვენთვის 10 და 20 ლარი არაფერია, მაგრამ ადამიანისთვის, რომელსაც ლიმიტირებული შემოსავალი აქვს, 10 ლარი ნიშნავს იმას, რომ დამატებით 4 ბოთლი ზეთის ყიდვის შესაძლებლობა ექნება-მეთქი. ამაზე ატყდა ამბავი, სად ნახა გუგული მაღრაძემ 10 ლარად 4 ბოთლი ზეთიო. რამდენჯერაც ჟურნალისტი პოლემიკაში ვერ მჯობნის, მაშინვე ამ ფრაზას ეცემა. დიახ, იყიდება 10 ლარად 4 ბოთლი ზეთი.
- იმასაც ამბობდით, კარგი დიასახლისი რამდენ ლარად შეინახავს ოჯახს...
- უფასო სასადილოების პროექტი რომ იყო მერიაში, თითო კაცზე 1,88 ლარი გათვლილი ჰქონდათ, მაგრამ ერთად ხომ ბევრი საკვები მზადდება. ვიღაცამ მკითხა, ამით სადილის გაკეთება შეიძლებაო? ვუპასუხე: 1.88 ლარად არა, მაგრამ დაახლოებით 20 ლარი სჭირდება, რომ დიასახლისმა ერთი თავი სადილი მოამზადოს-მეთქი. ესეც დაიხვიეს ხელზე. ის კი არ მითქვამს, 20 ლარად მთელი წელიწადი შეიძლება თავის რჩენა-მეთქი.
პოლიტიკაში რომ ხარ, სერიოზულ თემებზე უნდა დაგისვან კითხვები და შენც სერიოზულ პასუხებს იძლეოდე. მოსახლეობას უნდა აინტერესებდეს ჩემი ხედვა პოლიტიკურ პროცესებზე, მომავალზე... რა რამდენი ღირს, ამაზე ბაზრის კვლევა ხდება. ამ კითხვებისთვის არ უნდა იკარგებოდეს საეთერო დრო.
- ინგლისურსაც გიწუნებენ...
- რამდენი ხანია ლექციებს ვკითხულობ ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში, ევროსაბჭოშიც გამოვდივარ და ყველას ძალიან კარგად ესმის ჩემი ინგლისური. სიტყვას ვეძებდი და ფიქრისას ზმნისწინი ტო, ტო... ორჯერ გავიმეორე, ამაზე ააწყვეს, მაგრამ გაბრაზებული არა ვარ, კარგი რეკლამა გამიკეთეს, იმდენჯერ მაჩვენეს ეკრანზე.
- პენსიაში გასვლაზე თუ გიფიქრიათ?
- არ მიფიქრია. პოლიტიკაში ინტენსიურად ვმუშაობ და 25 წელია უნივერსიტეტის პროფესორი ვარ. იქ ხომ ყოველ 6 წელიწადში კონკურსი ტარდება. შარშან მივიღე მონაწილეობა და 10 წლით კიდევ ვიქნები უნივერსიტეტის პროფესორი. შემდეგ კიდევ მივიღებ მონაწილეობას...
- მოგწონთ, ამდენი ხელოვანი და სპორტსმენი რომ არის ჩართული პოლიტიკაში?
- პარლამენტი წარმომადგენლობითი ორგანოა. პროპორციულ სიაში შეიძლება პარტიამ შეარჩიოს, ეკონომისტი სჭირდება თუ პიარის სპეციალისტი, მაგრამ მაჟორიტარს ხალხი ირჩევს. ჩვენი ხელისუფლების დიდი პლუსია, რომ ხალხი არჩევნებზე ძალდატანების გარეშე აძლევს ხმას იმას, ვინც უნდა. "ნაციონალების" დროს ნახევარი საქართველო პრობაციონერი იყო, იმიტომ, რომ პრობაციონერს ხმა მიეცა იმისთვის, ვისზეც მიუთითებდა ხელისუფლება.
- დღეს როგორი ურთიერთობა გაქვთ მიშა სააკაშვილის დედასთან?
- აღარ გვაქვს ურთიერთობა. ის დედაა და თავისი შვილის პოზიციები მოსწონს, მე კი არ ვიზიარებ. ასეთ დროს მეგობრობის შენარჩუნება აღარ გამოდის.
ეკა სალაღაია