ახლა კლუბებში "მეფედრონი" "მეფობს"
"მეფედრონის" მოხმარებამ ზოგიერთები საშიშ ადამიანებად ჩამოაყალიბა"
ბოლო დროს მძიმე ინტოქსიკაციით ახალგაზრდები სისტემატურად შეჰყავთ სასწრაფო დახმარების ბრიგადებს კლინიკებში. სიმპტომები ყველას ერთნაირი აქვს: ცნობიერების ღრმა დათრგუნვა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. სამწუხაროდ, რამდენიმე შემთხვევა გარდაცვალებით დასრულდა. მიზეზად სინთეზური ნარკოტიკი "მეფედრონი" სახელდება.
27 აპრილს ღამის კლუბიდან შინ დაბრუნებული 22 წლის ახალგაზრდა გულის უკმარისობით გადაიყვანეს ღუდუშაურის კლინიკაში. სავარაუდოდ, "მეფედრონი" ჰქონდა მიღებული. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. იმავეს ამბობენ 21 წლის გოგონაზეც - 29 აპრილს ღამის კლუბში პირველად მიიღო "მეფედრონი" და შინ დაბრუნებული დაიღუპა. ჩვენი ინფორმაციით, 28 აპრილს 31 წლის მამაკაცი იმავე მიზეზით დაიღუპა.
ჩვენი რესპონდენტი ახლახან გამოწერეს კლინიკიდან: "მე და ჩემს მეგობრებს ბევრჯერ გამოგვიყენებია ფსიქოსტიმულატორები. ასეთ დროს ბედნიერი ხარ და ცუდ შედეგზე სულაც არ ფიქრობ. ამიერიდან აღარ გავეკარები, თავს არ მოვაკვლევინებ. ახალგაზრდების გასართობი მხოლოდ ღამის კლუბებია. ადრე იქვე შეიძლებოდა შეძენა, აქეთ გთავაზობდნენ... ერთ დღეს ჩემმა მეგობარმა მოიტანა და ოთხმა გამოვიყენეთ, ყველას გვეგონა, რომ "ემდეემი" იყო, რომელიც სხვა დროსაც გამოგვიყენებია. თურმე "მეფედრონი" ყოფილა. ორმა სასმელიც დავამატეთ და, ფაქტობრივად, სიკვდილს გადავურჩით. მოხმარებიდან 5-6 საათის მერე კანკალი და გულის ფრიალი დამეწყო. მეგონა, გული გამისკდებოდა, ამას ღებინებაც დაემატა, თავიც მისკდებოდა, კლუბიდან გამოვედი და ქუჩაში გონება დავკარგე... ორი დღე სიკვდილს ვებრძოდი. მერე რამდენიმე დღე ჭამაც მიჭირდა. თითქმის ყოველდღე მიჰყავთ ღამის კლუბებიდან ახალგაზრდები სასწრაფო დახმარების მანქანებით. თუ დროულად არ იმოქმედე, იქვე მოკვდება. ჩვენც ვიცით მეთოდები და ვცდილობთ ადგილზე ვუშველოთ. პირადად მე ბევრი გადამირჩენია".
ჩვენს რესპონდენტთან ბევრი კითხვა მქონდა, მაგრამ ყველა კითხვას არ უპასუხა, ერთი კი მითხრა, დღეს თავისუფლად შეიძლება ნარკოტიკებისა და სტიმულატორების შეძენა და ერთ-ერთი საშუალება ინტერნეტიაო... ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, "მეფედრონი", იგივე სინთეტიკური კათიონი, ძლიერი სტიმულატორია, რომლის მიღება ჰორმონ დოფამინის გამოყოფას აძლიერებს. მიიღება როგორც საჭმელთან ერთად, ასევე სასუნთქი გზებით ან ინტრავენურად.
თათა ასათიანი, ნარკოლოგი: - "მეფედრონზე" დამოკიდებულება სწრაფად ყალიბდება და ბევრი გართულება ახასიათებს. ვითარდება კრუნჩხვა, ჩნდება ინფარქტისა თუ ინსულტის განვითარების საშიშროება. მის მოხმარებას ახლავს ისეთი ფსიქიკური დარღვევები, როგორიც არის უძლიერესი აგრესია და ფსიქოზური მდგომარეობა. ეს ნარკოტიკი ადამიანის ძალიან სწრაფ დეგრადაციას იწვევს. "მეფედრონის" მოხმარებამ საზოგადოების გარკვეული ფენის ზოგიერთი წარმომადგენელი სოციალურად საშიშ ადამიანებად ჩამოაყალიბა. ისინი არა მხოლოდ სხვებზე ძალადობენ, თვითდაზიანებებსაც იღებენ, არის სუიციდის შემთხვევებიც.
"მეფედრონის" სინთეზი ჩინეთის არალეგალურ ლაბორატორიებში ხდება. ძირითადად, საყოფაცხოვრებო საშუალებების შემადგენლობაში შედის, მაგალითად, აბაზანის მარილში, ლაქების ამომყვან საშუალებებში, სასუქებსა და ა.შ. გამოდის ფხვნილის, აბების და კაფსულების სახით. ხშირად "მეფედრონს" ალკოჰოლთან ერთად მოიხმარენ... ძალიან პოპულარულია "მეფედრონისა" და "მეთილონის" კომბინაციაც, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვა, ტემპერატურის მომატება, ტვინის შეშუპება, კომა და სიკვდილი. თუ "მეფედრონი" კოკაინთან ერთად მოიხმარეს, ამას მოსდევს სისხლძარღვთა ძლიერი სპაზმი, დიდია პარანოიის, პანიკური რეაქციებისა და კრუნჩხვის განვითარების რისკი.
არანაკლებ საშიშია სინთეზური კანაბინოიდების შემცველი ბიონარკოტიკები, რომელთაც, ძირითადად, მოწევის გზით მოიხმარენ. იგი გაცილებით ტოქსიკურია, ვიდრე მისი ბუნებრივი ანალოგები (კანაბისის პროდუქტები). ისევე როგორც "მეფედრონი", სინთეზური კანაბინოიდების შემცველი ნარევებიც ხელმისაწვდომია საქართველოში. ეს უდიდესი და მზარდი პრობლემაა და სასწრაფოდ გასატარებელია პრევენციული ღონისძიებები".
ფსიქოთერაპევტი თამარ ბოკუჩავა: - ბოლო დროს თითქმის ყოველი მეორე პაციენტი "მეფედრონის" მოხმარების პრობლემით შემოდის. ძირითადად, საშუალო ასაკის ახალგაზრდები მოგვმართავენ, 23 წლიდან ზემოთ. ასეთ დროს ძალიან რთულია მართვა, რადგან დამახასიათებელია ფსიქოზები, შიშები, პანიკური შეტევები, პარანოიდული მდგომარეობა, ეჭვები, აგრესიულობა, აღგზნებულობა. "მეფედრონის" მოხმარების დროს ისეთ რამეებს სჩადიან, რომ მეორე დღეს ძლიერი სინანულისა და დანაშაულის განცდა აქვთ. შეწყვეტის შემდგომ მოდის დეპრესიულობა. ამ ეტაპზე ვახერხებთ მედიკამენტოზური მკურნალობით შედეგის მიღებას, მთავარია, მდგომარეობის შენარჩუნება.
- გაქვთ შემთხვევები, როცა ისევ თავიდან იწყებენ?
- დიახ. ხელახლა მიღების ძალიან ძლიერი სურვილი ყველა ნარკოტიკს ახასიათებს, ამ სახის ნარკოტიკს კი - განსაკუთრებით...
"მეფედრონის" შეძენა ძალიან ადვილია, ინტერნეტით იყიდება.
- მომხმარებლის ასაკი გაახალგაზრდავდა?
- გაახალგაზრდავდა საზოგადოდ, ნარკოტიკების მომხმარებელთა ასაკი. საგანგაშოა, რომ მოზარდებმაც მასობრივად დაიწყეს მოხმარება. სამწუხაროდ, პაციენტი კლინიკაში ერთი მონოდიაგნოზით არ მოდის, მას არსენალში ერთდროულად სხვადასხვა ნარკოტიკის მოხმარება აქვს და ეს უფრო ამძიმებს მდგომარეობას. ხშირად ყველაფერს მოიხმარნენ, რაც შეხვდებათ. "მეფედრონის" მიღებით გამოწვეული შედეგი ძალიან მძიმეა, განგაშია ასატეხი!
თეა ხურცილავა