ვინ და რატომ დაუპირისპირდა ერთმანეთს თბილისსა და ბათუმში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს?
ფაშიზმზე გამარჯვების დღიდან 73 წელი გავიდა. 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.
ამ დღეს ომის ვეტერანები ვაკის პარკში იკრიბებიან და უცნობი ჯარისკაცის საფლავს პატივს მიაგებენ.
ამ დღესთან დაკავშირებით დაპირისპირება მოხდა თბილისსა და ბათუმში.
ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან "თავისუფალი ზონის" წევრი გიორგი რუხაია და "კომუნისტური პარტიის" წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
"კომუნისტური პარტიის" წევრები უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან საბჭოთა კავშირის დროშებით და სტალინის სურათებით მივიდნენ, რაც "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლებმა გააპროტესტეს.
გიორგი რუხაიამ "კომუნისტური პარტიის" ლიდერს გრიშა ონიანს და მის თანამოაზრეებს ქვეყნის გამყიდველები უწოდა. თავის მხრივ, გრიშა ონიანმა მას უპასუხა, რომ ის არის მოსყიდული ადამიანი, რის შემდეგაც რუხაიას ფიზიკურადაც დაუპირისპირდა და რამდენჯერმე ხელი ჰკრა. ინციდენტი რამდენიმე წუთში ამოიწურა.
"საქართველოს უკვდავი პოლკი" - ამ სახელწოდებით 9 მაისთან დაკავშირებით ბათუმში "სლავ ხალხთა კონგრესის" აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები საბჭოთა სიმბოლიკებით მივიდნენ. აქციის რამდენიმე მონაწილეს ეცვა მაისური წარწერით - СССР. აღნიშნული ადგილზე მისულმა მოქალაქეებმა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებსა და მათ შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
იხილეთ ბათუმში მომხდარი დაპირისპირების ვიდეო