"თავის უნიჭო კლიპში ეკლესიას დაესხა თავს" - როგორ ეხმაურება სააკაშვილი ბერას ახალ სიმღერას? - კვირის პალიტრა

"თავის უნიჭო კლიპში ეკლესიას დაესხა თავს" - როგორ ეხმაურება სააკაშვილი ბერას ახალ სიმღერას?

"3 წლის დაგროვებული სათქმელი..." - ამ კომენტარით გაავრცელა რეპერმა ბერა ივანიშვილმა "ფეისბუკის" გვერდზე ახალი სიმღერა "ჩემო ძმაო", რომელსაც რეპერ Sf-x-თან (ზაზა ნოზაძესთან) ერთად ასრულებს.

სიმღერის ტექსტში რეპერი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას გადმოსცემს, მათ შორის, კრიტიკულია თანამდებობის პირების და ეკლესიაში არსებული ვითარების მიმართ.

"ალერგია მაქვს იმ თანამდებობის პირებზე, რომლებიც მატყუებენ ჩემი ქვეყნის ნარჩენებით კბილებზე... მე არ ვიცი რას იკადრებს კაცი კაბით, ვინც შენ საიდუმლოს იბარებს... ვინც ჩემს გამო ეწამა, მხოლოდ მისას ვიწამებ..." - ეს ფრაზებია ბერას ახალი სიმღერიდან.

ბერას ახალ სიმღერას ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუკში" გამოეხმაურა.

"ბერა ივანიშვილი,რომელიც მთავარი "დამკრიშავია"კლუბური ნარკოტიკის თბილისში, ამჯერად საქართველოს ეკლესიას დაესხა თავს, თავის უნიჭო კლიპში. ივანიშვილთან რამდენიმე შეხვედრა იმით დამამახსოვრდა, რომ ძალიან აგრესიულობდა ეკლესიაზე და პატრიარქზე. ახლა მისი მთავარი სპიკერი რეპით გამოთქვამს ამ ყველაფერს. ივანიშვილის მთავარი მიზანი საქართველოს უკლებლივ ყველა ინსტიტუტის დაკნინება და მიწასთან გასწორებაა. მის სამიზნეთა სიაში ეკლესია ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. ახლა, პრინციპში, ამას უკვე ღიად ამბობენ. სპეციალურად ვაშეარებ კლიპს.. ამ საცოდაობის ავტორის მამა ოცნებობს საქართველოს ოფიციალურად პრეზიდენტად მოევლინოს შემოდგომაზე. ამჯერად, ეს ოცნება ოცნებად დარჩება და აღარ გადაიქცევა ქართველი ერის კოშმარად", - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

იხილეთ ბერას ახალი სიმღერა