"სოჭი ჩემს წინაპრებს ეკუთვნოდა, ორჯონიკიძემ აჩუქა რუსებს. და თუ რუსეთმა ყირიმი წაიღო, მაშინ ჩვენ სოჭი დაგვიბრუნოს"
BBC - ის რუსულმა რედაქციამ გამოაქვეყნა ინტერვიუ, ცნობილ ქართველ რეჟისორ ოთარ იოსელიანთან, სათაურით: "პოლიტიკა არ შეიძლება ხელოვნების მიზანი იყოს"
გთავაზობთ ინტერვიუს შემოკლებულ ვერსიას:
რამდენიმე დღის წინათ ლონდონში თითქმის ერთდროულად ორი კინოფესტივალი გაიხსნა: პირველი - საბჭოთა პერიოდის "ახალი ტალღის" ფილმების სეზონი და მეორე - ქართული ფილმების ჩვენება. 84 წლის ქართველი და შეიძლება ითქვას, ფრანგი კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი ორივე ფესტივალს დაესწრო, რომლებშიც მისი ფილმი "გიორგობისთვეც" მონაწილეობდა."ბი-ბი-სი"-ს მიმომხილველმა ალექსანდრე კანმა ისარგებლა შესაძლებლობით და ოთარ იოსელიანს გაესაუბრა.
- ოთარ, თქვენ ქართველი რეჟისორიც ხართ და ფრანგიც. როგორც ვიცი, ლონდონში იმიტომ ჩამოხვედით, რომ თქვენი ფილმი "გიორგობისთვე" საბჭოთა ფილმების ფესტივალს ხსნის... როგორი დამოკიდებულება გაქვთ ამ ფაქტისადმი? არ გრძნობთ უხერხულობას, რომ საბჭოთა კინორეჟისორიც ბრძანდებით?
- იცით, "გიორგობისთვე", მართალია, საბჭოთა საქართველოში, საბჭოთა ეპოქაშია გადაღებული, მაგრამ ეს ფილმი აკრძალული იყო - მას საქართველოში არ აჩვენებდნენ. სამაგიეროდ, ჩვენების ნება დართეს რუსეთში. დიდ ეკრანზე კი არა, საკლუბო ჩვენებისთვის, ანუ კინოთეატრებში არ გამოსულა - აჩვენებდნენ, მხოლოდ კინოს მოყვარულებისათვის. ასეთივე მიდგომა იყო სერგო ფარაჯანოვის, გლებ პანფილოვის, ილია ავერბახის ფილმებისადმი.
ქართველები რაღაცნაირ საზოგადოებას წარმოადგენენ. თქვეს, რომ ფილმის ჩვენება არსად არ შეიძლებოდა და აკრძალეს. რუსებმა კი იფიქრეს და ჩათვალეს, რომ კლუბებში შეიძლებაო. საერთოდ, საბჭოთა კავშირში ცენზურა იყო. ცენზორები კრძალავდნენ, მაგრამ ისინიც ზეწოლის ქვეშ იყვნენ: აბა, არ აეკრძალათ და რაც მოუვიდოდათ, ნახავდნენ. ფილმის გადაღება ბოლომდე მადროვეს, თუმცა იცოდნენ, რომ აიკრძალებოდა.
- თქვენ 1984 წელს, საფრანგეთში ყოფნის დროს გადაწყვიტეთ უკან, საბჭოთა კავშირში არ დაბრუნებულიყავით. ალბათ, პერიოდი იყო ისეთი - ქვეყანა ჩამკვდარს, ერთ ადგილზე გაჩერებულს ჰგავდა...
- მოდით, თარიღები დავაზუსტოთ: მე მიმაჩნია, რომ საფრანგეთში 1979 წელს წავედი, ხოლო ფილმი"მთვარის ფავორიტი" იქ 1983-84 წლებში გადავიღე... საერთოდ, მე ემიგრანტი არასდროს არ ვყოფილვარ. უბრალოდ, 8 წელი უსაქმოდ გაჩერებული ვიყავი, ფილმებს ვერ ვიღებდი. ჰოდა, მივედი სადაც ჯერ არს და ვუთხარი, საფრანგეთში მიმიწვიეს ფილმის გადასაღებად და გამიშვით-მეთქი.
იქ ნიძლავი დადეს, დავბრუნდებოდი თუ არა. ბევრმა წააგო, რადგან მე დავბრუნდი. მერე "პერესტროიკის" დრო მოვიდა, ფილმების დაფინანსება შეჩერდა, დაიხურა კინოსტუდიები... ისევ საფრანგეთში წავედი. რუსეთში კაპიტალიზმმა ის გამოიწვია, რომ ჰოლივუდს გაეჯიბრნენ ფილმების გადაღებაში. არადა, ჰოლივუდში ყველაზე უარეს ფილმებს იღებენ. ასე შევრჩი საფრანგეთს, სადაც ფილმების დაფინანსების საოცარი სისტემაა.
- ხშირად გვიწევს იმის მოსმენა, რომ თქვენს მიერ საფრანგეთში გადაღებული ფილმები,"მთვარის ფავორიტიდან" დაწყებული, თითქოსდა საქართველოდან ფრანგულ ნიადაგზე გადატანილი ქართული ხასიათებია... არსებობს თქვენში რაღაც ნათესაობა ქართულ-ფრანგულს შორის?
- ალბათ, არსებობს, მაგრამ არა იმ საფრანგეთთან, რომელიც დღესაა. მე 80-იან წლებში ჯერ კიდევ მოვასწარი უკან დარჩენილი საოცარი კულტურის შლეიფი მენახა, რომელიც დღეს აბსოლუტურად გამქრალია. საერთოდ კი, საქართველოდან საფრანგეთში გადასვლისას რაიმე დიდი დანაკარგი არ განმიცდია. სხვათა შორის, ჩემი ფრანგი მეგობრები, სამწუხაროდ, ყველა კომუნისტი იყო. ისე მოხდა, რომ მოსკოვში მხოლოდ კომუნისტ რეჟისორებს იწვევდნენ, ისინი მოსკოვის ფესტივალებზე გავიცანი. ვცდილობდი მათთვის მეთქვა, რომ ისინი ცდებოდნენ, მაგრამ ეს საკმაოდ რთული იყო. ვცდილობდი მათ თავებში ჩამეხედა და ჩამენერგა, რომ ისინი რომანტიკულად უყურებდნენ საბჭოთა უმსგავსოებას, რომელშიც ჩვენ ყოველდღიურად ვცხოვრობდით. მინდოდა მათთვის მეთქვა, - გამოფხიზლდით, ბიჭებო!.. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მე მართალი ვიყავი.
- თქვენს ფილმებში"შანტრაპასა" და"ზამთრის სიმღერაში" თითქოს საქართველოა წარმოდგენილი, სადაც სულ მუდმივი ქაოსია: ქვემეხები ისვრიან, ადამიანები ერთმანეთს ხოცავენ...
- მე ვფიქრობ, რომ ქვემეხები საქართველოში კი არა, რუსეთიდან ისვრიან...
- არა, მე არ ვამბობ, რომ ისინი რუსეთისაკენ ისვრიან-მეთქი...
- საქართველოში ქვემეხებს სროლა არ შეუძლიათ, იქ არავინაა ისეთი, ვისაც შეიძლება ესროლო.
- ჰო, მაგრამ ხომ იყო სამოქალაქო ომი, აფხაზეთის ომიც...
- აფხაზეთის ომი რუსეთმა გააჩაღა. აფხაზეთი სამთავრო იყო. აფხაზეთი საქართველოს ძველი სახელწოდებაცაა. აფხაზეთის სამთავრო იოსებ სტალინმა ავტონომიურ რესპუბლიკად გადააქცია, ასევე ოსეთიც, რომელიც ავტონომიური ოლქი გახდა, ადრე კი სამაჩაბლო ერქვა. სხვათა შორის, სოჭიც ჩემს წინაპრებს ეკუთვნოდა. სოჭი სერგო ორჯონიკიძემ აჩუქა რუსებს. და თუ რუსეთმა ყირიმი წაიღო, მაშინ ჩვენ სოჭი დაგვიბრუნოს.
- იოსებ სტალინის მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
- იოსებ სტალინს მე ვუყურებ როგორც ისეთ ადამიანს, რომელსაც რაღაცის გაკეთება უნდოდა, რაღაცის მიღწევა, მაგრამ არ გამოუვიდა. უნდოდა, ალბათ, რომ მსოფლიო რევოლუცია მოეხდინა და რომ მთელ მსოფლიოში საბჭოთა წყობა გაბატონებულიყო, მაგრამ ვერ მოახერხა. მან კოლოსალური ადამიანური რესურსები დახარჯა და ომი მაინც ვერ მოიგო. არავითარი გამარჯვება არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ჟუკოვმა უამრავი ჩვენი თანამემამულე გაწირა, ამერიკა-ინგლისის გარეშე მაინც ვერ გავიმარჯვებდით... საშინელებაა ამაზე ფიქრი.
- მოდი, რეალურ საქართველოზე ვისაუბროთ. სადღაც გაკრთა ცნობა, რომ თქვენ საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნდით...
- მე საქართველოში ვცხოვრობ, საფრანგეთში კი სამუშაოდ დავდივარ...
- როგორი შთაბეჭდილება გრჩებათ დღევანდელ საქართველოზე?
- ვშიშობ, ვაითუ დღევანდელი სიტუაცია შეუქცევადი გახდეს. ჩვენს ისტორიაში ყოველთვის იყო მძიმე პერიოდები, უძველესი დროიდანვე დაწყებული. იყვნენ მონღოლები, სპარსელები, თურქები... ჩრდოლოკავკასიელი მთიელებიც გვესხმოდნენ ხოლმე. კოშმარი იყო. საერთოდ კი, საქართველოში მონობა არასდროს ყოფილა და ქვეყანაც ბოლომდე არასოდეს დაქცეულა. ქართული ენის ცოდნა მნიშვნელოვანი საკითხია. ძნელია მისი სწავლა. ჩვენ სულ სამი მილიონი ვართ, მაგრამ ენაც გვაქვს და დამწერლობაც. მსოფლიოში სულ 14 ანბანია, აზრის წერილობითი გადმოცემის 14 საშუალება: ჩინურ-იაპონური იდეოგრამები, არაბული დამწერლობა, ქართული, სომხური და ა.შ. საქართველო ის ქვეყანაა, რომელმაც საკუთარი დამწერლობა შექმნა და ამ დამწერლობის წყალობით ადამიანები ერთმანეთს უგებენ, ძალიან სერიოზულ და ღრმა ნაწარმოებებს ქმნიან.
ამერიკანიზმის შემოჭრა საქართველოში - ეს უკვე რუსული ძალადობა არ არის. ამერიკული ახალგაზრდებისათვის ძალიან მიმზიდველია. ძალიან მეშინია, რომ ეს პროცესი შეუქცევადი არ გახდეს. წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ