"რძლის გული ვერაფრით მოვიგე"
ოჯახში შესული რძლები კი თავიანთ ნაბიჯებზე კარგად უნდა დაფიქრდნენ - თუ ქმარი გიყვარს, უნდა შეეცადო, მის მშობლებს გული არ ატკინო, მაგრამ ხშირად, ოჯახში შესულ ადამიანს თავად ოჯახის წევრები ხვდებიან ცუდად - ამ შემთხვევაში, რძალს ვერავინ დაადანაშაულებს.
გულნაზი, 65 წლის:
- რძლის გული ვერაფრით მოვიგე. ჩემი შვილი 18-ის იყო, როცა 17 წლის გოგონაზე დაქორწინდა. სად გაიზარდა ან ვინ გაზარდა ასეთი, არ ვიცი, მაგრამ ოჯახში შემოსვლისთანავე გამოგვიცხადა: ახლა ამ სახლის დიასახლისი მე ვარო და ყველაფერს ადგილი შეუცვალა. დანარჩენი ოთახები ჯანდაბას, ახალგაზრდები არიან და როგორც თვითონ სურთ, ისე მოაწყონ, მაგრამ ჩემს ოთახს რაღას ერჩოდა? მითხრა, - მიცვალებულების ფოტო ცუდი აურის მატარებელიაო, ჰოდა, როცა სახლში არ ვიყავი, ჩემი მეუღლის, მშობლების და ერთადერთი ძმის ფოტო დაუწვავს. ლამის გადავირიე, მთელი კვირა ვტიროდი... ახლა ბავშვი შეეძინათ და პატარას ახლოსაც არ მაკარებს, - მოხუცი ხარ და ხელიდან გაგივარდებაო. დამცინავად მეუბნება: თქვენ დროს პამპერსი სად იყო, ახლა რომ ისწავლო მისი გახდა-ჩაცმაო და თურმე, ვერც ბავშვის ჭურჭელს გავრეცხავ. ტანისამოსი, რომელიც შვილიშვილისთვის ვიყიდე, დაიწუნა, - ეს "დენიკინის" დროინდელი შარვლები სად იშოვეო და უკან მომიყარა. მოკლედ, ამ ლაწირაკის გული ვერაფრით მოვიგე. ახლა აიჩემა: ყველა ჩემი დაქალი, ქმართან ერთად, ცალკე ცხოვრობს და მე რატომ უნდა ვიცხოვრო დედამთილთან? იქნებ მინდა, ქმარს შუა სამზარეულოში მოვეფეროო.
ყველაზე ცუდი ისაა, რომ ჩემი შვილიც მის მხარესაა და ამბობს: ახალგაზრდა წყვილი ცალკე უნდა ცხოვრობდეს. მოდი, ბინა გავყოთო. სხვა რა გზა მაქვს და მაკლერი ავიყვანე, საცხოვრებელს უკვე ვყიდით. ალბათ, ჩემთვის ერთოთახიან ბინას ვიყიდი, აბა, მეტი რაში მჭირდება? ვმუშაობ, როგორც ინვალიდს, პენსიაც მეკუთვნის, ქალიშვილის ქმარიც თან მყვება და იმათ იმედად ვიქნები... სამწუხაროდ, ვაჟმა ამაგი ვერ დამიფასა. თურმე, მასზე ტყუილად ვდარდობდი...
ჩემი მომდევნო რესპონდენტი, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, მამაკაცია, რომელიც რედაქციაში მესტუმრა. მან საკუთარი ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა და მითხრა, - ეს ჩემმა რძალმა რომ წაიკითხოს, შინიდან გამომაგდებს. თქვენთან უბრალოდ, გულის გადასაშლელად მოვედიო. (იხილეთ სრულად)