"ძალიან მეშინია საყვარელი ქალის დაკარგვის"
"გამარჯობა. მე გიორგი ვარ, 45 წლის. დასავლეთ საქართველოში ვცხოვრობ. მიჭირს ჩემს სატკივარზე საუბარი, მაგრამ სხვა გზაც არ მაქვს - მინდა, ხალხმა გაიგოს ჩემი ცხოვრების შესახებ და რჩევა მომცენ.
ცოლი მოვიყვანე საკმაოდ გვიან, 29 წლის ასაკში. შეიძლება, ვიღაცამ თქვას, - ეს რა გვიანიაო? მაგრამ ჩემთვის ნამდვილად, გვიანი გახლდათ, რადგან დედისერთა ვარ და მშობლები შვილიშვილებზე ოცნებობდნენ... მეუღლეში არ გამიმართლა. უფრო სწორედ, არც ვიცი, მისი შერთვა რამ გადამაწყვეტინა. ასე მგონია, ჯადოს მსხვერპლი გავხდი... მოგვიანებით, ოჯახი დამენგრა. წლების შემდეგ ვიპოვე საყვარელი ადამიანი, რომელმაც გამომაფხიზლა, გამაბედნიერა, მაგრამ ცოტა ხანში გეგმები თავზე დამემხო, რადგან ის საზღვარგარეთYწავიდა სამუშაოდ, მე კი მის გარეშე სიცოცხლეც აღარ მინდა..."
- პატიოსანი მშობლების გვერდით გავიზარდე. მამა რომ გარდაიცვალა, 40 წლის ვიყავი და მაშინ უფრო კარგად გავაცნობიერე, თურმე რა დიდი განძი მყოლია მისი სახით. ჩვენ სოფელიც გვქონდა და ამ 40 წლის განმავლობაში იქ ერთი დღეც არ მიშრომია. განა იმიტომ, რომ საქმის კეთება მეზარებოდა, უბრალოდ, მამა მეუბნებოდა: ვიდრე ცოცხალი ვარ, შენ გვერდით მიგულე, არ დაგჭირდება ფიზიკური მუშაობაო და ასეც იყო - ხელს არაფრისთვის მაკარებინებდა. ძალიან მანებივრებდნენ და შესაძლოა, ამანაც დამღუპა. ეტყობა, რაღაც ზედმეტიც მომინდა. ჰოდა, მშობლების სურვილის საწინააღმდეგოდ, საბჭოთა ჯარში წავედი. იმ პერიოდში აირია საბჭოთა კავშირში სიტუაცია და მომიხდა ყარაბაღის ომში ყოფნა. მართალია, სხვა ქართველებთან ერთად, გამზავებლის როლში გახლდით, მაგრამ ხომ გაგიგონიათ, გამშველებელს უფრო მეტი ხვდებაო და მართლაც, ასე იყო. მერე სომხეთში დიდი მიწისძვრა რომ მოხდა, იქაც ვიყავი. როცა "რასჩისტკაზე" მივდიოდი, მეგონა, ადამიანებს უნდა დავხმარებოდი, ისინი ნანგრევებიდან გამომეყვანა, მაგრამ ცოცხალი ადამიანების სანაცვლოდ, ხან ვიღაცის ფეხი, ხანაც - თავი გამომქონდა და ეს 19 წლის ბიჭისთვის დიდი სულიერი ტრავმა იყო...
საქართველოში რომ დავბრუნდი, აქ ეროვნული მოძრაობა ბობოქრობდა და თავით გადავეშვი ამ ორომტრიალში. არ დამკლებია არც აფხაზეთის ომი, არც სამოქალაქო ომი. როდესაც ჩემი უსაყვარლესი ძმაკაცი - დათო დაიღუპა, ეს ჩემთვის მძიმე გადასატანი აღმოჩნდა, რადგან თავად ვიყავი იმ ოცეულის მეთაური, სადაც ის იბრძოდა. მე ჩამოვასვენე აფხაზეთიდან. შვილის ცხედარი რომ ჩავუტანე, დედამისს ჩემთვის ზედმეტი სიტყვაც არ უთქვამს, მაგრამ დათოს გამზრდელმა მამიდამ მომატირა: შენ კი ხარ, შვილო, ცოცხალი, მაგრამ ჩემი ძმისშვილი მკვდარი ჩამომისვენეო. არა, მას ამ სიტყვებისთვის არ ვამტყუნებ. გამწარებული იყო, რადგან მისი გაზრდილი, უცოლშვილო ბიჭი ჩამოვუსვენე, მაგრამ მისი სიტყვები ვერაფრით დავივიწყე და ომში დაბრუნებული სიკვდილს ვეძებდი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. საკუთარ თავს ვადანაშაულებდი მეგობრის დაღუპვაში, რადგან მისი მეთაური ვიყავი და ვერ დავიცავი. არ მინდოდა, ამ ოცეულში კიდევ ვინმე მომკვდარიყო და რომელიმე მათგანის ოჯახის წევრისგანაც მომესმინა ასეთი სიტყვები...
ომში მონაწილეობის პარალელურად, უნივერსიტეტში სწავლასაც ვახერხებდი, სადაც გაგიკვირდებათ და მისაღები გამოცდები უმაღლესი ქულებით ჩავაბარე ისტორიის ფაკულტეტზე. ხშირად ვაცდენდი ლექციებს, მაგრამ ლექტორები ყველანაირად მიწყობდნენ ხელს, რადგან იცოდნენ, ვიბრძოდი. ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი: ამ ომში ბევრი ისეთი მებრძოლი რომ ყოფილიყო, როგორი ბიჭებიც ჩემს ოცეულში ირიცხებოდნენ, შესაძლოა, უკეთესად წასულიყო ჩვენი საქმე, სხვანაირად შეტრიალებულიყო სიტუაცია... გაგრძელება