"რიგი პოლიტიკური პარტიების მიერ მართული ტელევიზიები, და ე.წ. ექსპერტები მიზანდასახულად ნერგავენ სასოწარკვეთილების და შიშის ატმოსფეროს" - კვირის პალიტრა

"რიგი პოლიტიკური პარტიების მიერ მართული ტელევიზიები, და ე.წ. ექსპერტები მიზანდასახულად ნერგავენ სასოწარკვეთილების და შიშის ატმოსფეროს"

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რიგი პოლიტიკური პარტიების მიერ მართული ტელევიზიები, ტყუილის წარმოების კონვეირში ჩართული პოლიტიკოსები და ე.წ. ექსპერტები მიზანდასახულად ნერგავენ უიმედობის, სასოწარკვეთილების და შიშის ატმოსფეროს, - ამის შესახებ ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში დამკვიდრდა სტრანდარტი, რომლის თანახმადაც, ფაქტს ახალი ამბის სტატუსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ენიჭება, თუ იგი ნეგატიურ კონტექსტს შეიცავს.

"მედიის თავისუფლების ხარისხის მკვეთრმა ზრდამ, რაც ჩვენი ხალხის განსაკუთრებული მონაპოვარია და გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ არსებული ხელისუფლების დამსახურებაა, უამრავ სიკეთესთან ერთად, განაპირობა სიცრუისა და პროპაგანდის მანქანის ძალიან დიდი სიმძლავრით ამუშავება. რიგი პოლიტიკური პარტიების მიერ მართული ტელევიზიები, ტყუილის წარმოების კონვეირში ჩართული პოლიტიკოსები და ე.წ. ექსპერტები მიზანდასახულად ნერგავენ უიმედობის, სასოწარკვეთილების და შიშის ატმოსფეროს. ეს ცარიელი სიმრავლე ცდილობს დააჯეროს ხალხი, რომ ქვეყანა ინგრევა, ლამის აპოკალიფსი მოახლოვდა და ეს არის ამ ხელისუფლების დამსახურება, რომელიც თითქოს არაფერს აკეთებს მდგომარეობის გამოსასწორებლად. ცხადია ეს ბრალდებეები არც ერთი სანდო და დასაბუთებული ბრალდებებით არ არის გამყარებული, თუმცა შეჭირვებული და სიდუხჭირით დაღლილი ადამიანები ამ ოსტატურად შენიღბულ სიცრუეს იყენებენ. გადაჭარბების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში მიმდინარეობს დღეს საინფორმაციო იერიში ადამიანთა ცნობიერებაზე. ჩვენ ქვეყანაში დამკვიდრდა სტანდარტი, რომლის თანახმადაც, ფაქტს ახალი ამბის სტატუსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ენიჭება, თუ იგი ნეგატიურ კონტექსტს შეიცავს. სამწუხაროდ, ამ ნეგატიურმა ტრენდმა პრაქტიკულად საყოველთაო ხასიათი მიიღო", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. ყოფილი პრემიერის თქმით, ხელისუფლებამ ამ გამოწვევას სათანადოდ ვერ უპასუხა.

"ინტერპრესნიუსი"