"მეფედრონის" სინთე­ზი­­ ჩინ­ეთის არალეგალურ ლაბორ­ა­ტორიებში­ ხდება" - სასიკვდილო ნარკოტიკები და "ომი კლუბებთან" - კვირის პალიტრა

"მეფედრონის" სინთე­ზი­­ ჩინ­ეთის არალეგალურ ლაბორ­ა­ტორიებში­ ხდება" - სასიკვდილო ნარკოტიკები და "ომი კლუბებთან"

"სპეცრაზმია შეჭრილი "ბასიანზე", ასევე "გალერიში", ალყაშია "დინამო". "ბლოუში" ქალები სცემეს. ყველა შიგნით მყოფი გარეთ გამოუშვეს, შიგნით რას იზამენ არავინ იცის. ვისაც შეგიძლიათ მოდით. ომი გამოგვიცხადეს", - დაწერა გვიან ღამით კლუბ "ბასიანის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნაჯა ორაშვილმა.

მთელი ღამის განმავლობაში ვნებათაღელვა არ ჩამცხრალა დედაქალაქში, სადაც სპეცოპერაციები ერთდროულად რამდენიმე ღამის კლუბში ჩატარდა. სამართალდამცავთა ცნობით, სპეცოპერაციების ფარგლებში დაკავებული ნარკოტიკის 8 გამსაღებელი, თუმცა მომხდარის გამო ახალგაზრდების მიერ გამოთქმული სპონტანური პროტესტისას დააკავეს ათეულობით ადამიანი, მათ შორის არიან "ბასიანის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ზვიად გელბახიანი, "თეთრი ხმაურის" აქტივისტი ბექა წიქარიშვილი და პოლიტიკური პარტია "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

საპროეტსტო აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან, სადაც დრო და დრო ვითარება აქციის მონაწილეებსა და სამართალადამცავებს შორის მწვავდებოდა.

სტატია, სათაურით: "მეფედრონის" მოხმარებამ ზოგიერთები საშიშ ადამიანებად ჩამოაყალიბა" გამოქვეყნდა 7 მაისის გაზეთ "კვირის პალიტრაში", რომელსაც გთავაზობთ:

ბოლო დროს მძიმე ინტოქსიკაციით ახალგაზრდები სისტემატურად შეჰყავთ სასწრაფო დახმარების ბრიგადებს კლინიკებში. სიმპტომები ყველას ერთნაირი აქვს: ცნობიერების ღრმა დათრგუნვა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. სამწუხაროდ, რამდენიმე შემთხვევა გარდაცვალებით დასრულდა. მიზეზად სინთეზური ნარკოტიკი "მეფედრონი" სახელდება.

27 აპრილს ღამის კლუბიდან შინ დაბრუნებული 22 წლის ახალგაზრდა გულის უკმარისობით გადაიყვანეს ღუდუშაურის კლინიკაში. სავარაუდოდ, "მეფედრონი" ჰქონდა მიღებული. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. იმავეს ამბობენ 21 წლის გოგონაზეც - 29 აპრილს ღამის კლუბში პირველად

მიიღო "მეფედრონი" და შინ დაბრუნებული დაიღუპა. ჩვენი ინფორმაციით, 28 აპრილს 31 წლის მამაკაცი იმავე მიზეზით დაიღუპა.

ჩვენი რესპონდენტი ახლახან გამოწერეს კლინიკიდან: "მე და ჩემს მეგობრებს ბევრჯერ გამოგვიყენებია ფსიქოსტიმულატორები. ასეთ დროს ბედნიერი ხარ და ცუდ შედეგზე სულაც არ ფიქრობ. ამიერიდან აღარ გავეკარები, თავს არ მოვაკვლევინებ. ახალგაზრდების გასართობი მხოლოდ ღამის კლუბებია. ადრე იქვე შეიძლებოდა შეძენა, აქეთ გთავაზობდნენ... ერთ დღეს ჩემმა მეგობარმა მოიტანა და ოთხმა გამოვიყენეთ, ყველას გვეგონა, რომ "ემდეემი" იყო, რომელიც სხვა დროსაც გამოგვიყენებია. თურმე "მეფედრონი" ყოფილა. ორმა სასმელიც დავამატეთ და, ფაქტობრივად, სიკვდილს გადავურჩით.

მოხმარებიდან 5-6 საათის მერე კანკალი და გულის ფრიალი დამეწყო. მეგონა, გული გამისკდებოდა, ამას ღებინებაც დაემატა, თავიც მისკდებოდა, კლუბიდან გამოვედი და ქუჩაში გონება დავკარგე... ორი დღე სიკვდილს ვებრძოდი. მერე რამდენიმე დღე ჭამაც მიჭირდა. თითქმის ყოველდღე მიჰყავთ ღამის კლუბებიდან ახალგაზრდები სასწრაფო დახმარების მანქანებით. თუ დროულად არ იმოქმედე, იქვე მოკვდება. ჩვენც ვიცით მეთოდები და ვცდილობთ ადგილზე ვუშველოთ. პირადად მე ბევრი გადამირჩენია".

ჩვენს რესპონდენტთან ბევრი კითხვა მქონდა, მაგრამ ყველა კითხვას არ უპასუხა, ერთი კი მითხრა, დღეს თავისუფლად შეიძლება ნარკოტიკებისა და სტიმულატორების შეძენა და ერთ-ერთი საშუალება ინტერნეტიაო... ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, "მეფედრონი", იგივე სინთეტიკური კათიონი, ძლიერი სტიმულატორია, რომლის მიღება ჰორმონ დოფამინის გამოყოფას აძლიერებს. მიიღება როგორც საჭმელთან ერთად, ასევე სასუნთქი გზებით ან ინტრავენურად.

თათა ასათიანი, ნარკოლოგი: - "მეფედრონზე" დამოკიდებულება სწრაფად ყალიბდება და ბევრი გართულება ახასიათებს. ვითარდება კრუნჩხვა, ჩნდება ინფარქტისა თუ ინსულტის განვითარების საშიშროება. მის მოხმარებას ახლავს ისეთი ფსიქიკური დარღვევები, როგორიც არის უძლიერესი აგრესია და ფსიქოზური მდგომარეობა. ეს ნარკოტიკი ადამიანის ძალიან სწრაფ დეგრადაციას იწვევს. "მეფედრონის" მოხმარებამ საზოგადოების გარკვეული ფენის ზოგიერთი წარმომადგენელი სოციალურად საშიშ ადამიანებად ჩამოაყალიბა. ისინი არა მხოლოდ სხვებზე ძალადობენ, თვითდაზიანებებსაც იღებენ, არის სუიციდის შემთხვევებიც.

"მეფედრონის" სინთეზი ჩინეთის არალეგალურ ლაბორატორიებში ხდება. ძირითადად, საყოფაცხოვრებო საშუალებების შემადგენლობაში შედის, მაგალითად, აბაზანის მარილში, ლაქების ამომყვან საშუალებებში, სასუქებსა და ა.შ. გამოდის ფხვნილის, აბების და კაფსულების სახით. ხშირად "მეფედრონს" ალკოჰოლთან ერთად მოიხმარენ... ძალიან პოპულარულია "მეფედრონისა" და "მეთილონის" კომბინაციაც, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვა, ტემპერატურის მომატება, ტვინის შეშუპება, კომა და სიკვდილი. თუ "მეფედრონი" კოკაინთან ერთად მოიხმარეს, ამას მოსდევს სისხლძარღვთა ძლიერი სპაზმი, დიდია პარანოიის, პანიკური რეაქციებისა და კრუნჩხვის განვითარების რისკი. გაგრძელება

თეა ხურცილავა