"ზრდილობიანად და კულტურულად გავატარე სამი საათი პოლიციის განყოფილებაში"
არაფერი დამიშავებია, მაგრამ წამიყვანეს და სამი საათი მშვიდად, წყნარად, კულტურულად გავატარე პოლიციის განყოფილებაში, - ამის შესახებ “გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ჯაფარიძემ განაცხადა, მისი დაკავების მიზეზი არ იყო ის, რომ რამე დააშავა, არამედ მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ ერთ-ერთი აქტიური ადამიანი იყო.
"ის, რაც გუშინ ვნახეთ, იყო წარმოუდგენელი ამბავი. ქვეყანაში არავინ არ ელოდა მსგავს ამბავს. ეს არის არა მხოლოდ თავდასხმა ბიზნესსექტორზე, არამედ ჩვენ ვნახეთ ძალის გადამეტების კონკრეტული ფაქტები, როგორ სცემდნენ ადამიანებს. მათ შორის, მე, არაფერი დამიშავებია და ერთადერთი რასაც ვითხოვდი იყო, რომ ვინმე პასუხისმგებელი პირი გამოსულიყო და დამლაპარაკებოდა. ამის შემდეგ ამიღეს და წამიყვანეს, სამი საათი გავატარე პოლიციის განყოფილებაში. მშვიდად, წყნარად მექცეოდნენ და ვისაუბრეთ ბევრ რამეზე. ცოტა ხანი მაკატავეს, შემდეგ წესიერად და ზრდილობიანად მექცეოდნენ. დაკავების მიზეზი არ იცოდნენ, გლდანში გადამიყვანეს. ბევრ სხვადასხვა თემაზე ვისაუბრეთ პოლიციელებთან. დაკავების შინაარსი თვითონაც არ იცოდნენ. იგინებოდიო, არ ვიგინებოდი-მეთქი. მერე გამახსენდა, რომ ტელევიზიისთვის კომენტარის მიცემისას ბილწი სიტყვა ვთქვი და ვუთხარი. გაუხარდათ, ანუ აღიარებო. არაფერს ვაღიარებ-მეთქი და სულ ეს იყო. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შემიდგინეს და გამომიშვეს. ზრდილობიანად და კულტურულად გავატარე სამი საათი პოლიციის განყოფილებაში“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
ამასთან, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ვისაც იმედი ჰქონდა, რომ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა შეიცვლებოდა, ხელისუფლებამ მათ პასუხი გასცა. მისივე თქმით, სინამდვილეში ახლა რაც ხდება, ეს აღარ არის ნარკოპოლიტიკის საკითხი, ეს არის ცივილიზაციური ომი.
"გასარკვევია, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ გუგული მაღრაძისა და ზაქარია ქუცნაშვილის სამყაროში, თუ ისეთ სამყაროში, სადაც ჩვენ შეგვიძლია ერთად თანაცხოვრება," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
"ინტერპრესნიუსი"