"ეს ბავშვები მარსიდან ჩამოსვა ვინმემ? ჩვენი შვილები არ არიან? ეს "ჩვენი შემოქმედება" და ჩვენი ანარეკლია" - კვირის პალიტრა

"ეს ბავშვები მარსიდან ჩამოსვა ვინმემ? ჩვენი შვილები არ არიან? ეს "ჩვენი შემოქმედება" და ჩვენი ანარეკლია"

12 მაისს კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ დაწყებულ საპროტესტო აქციებს "ფეისბუკის" პირად გვერდზე mshoblebi.ge -ის რედაქტორი შორენა ბურდილაძე გამოეხმაურა :

"რუსთაველის გამზირზე უარესებიც მომხდარა, ვიდრე მემორიალზე ცეკვაა. რა მნიშვნელობა აქვს ამ დეტალებს, როცა 2 დღეა ქვეყნის ერთი ნაწილი მეორეზე იბოღმება, აგრესიით ივსება და რაღაც ძალიან დიდი ორთქლი გროვდება ქალაქში. 17 მაისიც დაანონსებულია...

ახალდაჩეკილი ფბგვერდები მიზანში "ისვრიან" ფოტო-ვიდეოპოსტებს: "ეს მოგწონთ?", "ამას შეხედეთ", "ამან უნდა გვასწავლოს ჭკუა?" მსგავსი გამაღიზიანებელი მოწოდებებით. ჩვენი საზოგადოება კი ყველა მახეში ებმება, რასაც დაუგებ...

აქციის ორგანიზატორები, მომხრეები თუ მოწინააღმდეგეები ყველანი ცეცხლს ეთამაშებიან. ისე ნუ იზამთ, ქვეყნის ერთი ნაწილი მეორეს დაერიოს, დიდი ჭკუითა და მოთმინების უნარით არცერთი არ გამოირჩევა, ვიცით ეს... შევწყვიტოთ შეფასებები, როგორ მოგვწონს ან გულს გვირევს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროცესები, გავიგეთ, ბატონო... უკვე ყველამ დააფიქსირა თავისი აზრი.

ამ ახალგაზრდებმაც ცოტა კონსტრუქციული მოთხოვნები წამოაყენონ, იქნებ, მართლა აიძულონ ხელისუფლება, ტვინი გაანძრიოს და რამე სასიკეთოდ შეცვალოს... მოკლოდ, ემოციებს მოვუკლოთ და საღი აზრი ავამუშავოთ.

რაც შეეხება ამ ახალგაზრდებს, ასე ძალიან რომ არ მოგვწონს და საშინლად რომ იქცევიან... მეც მივიღე შოკი რამდენიმე კადრისგან და მეც მომაწვა ბრაზი და ბოღმა, მაგრამ...

ეს ბავშვები მარსიდან ან მთვარიდან ჩამოსვა ვინმემ? ჩვენი შვილები არ არიან? ჩვენს ბაღებსა და სკოლებში არ დადიოდნენ, ან ჩვენს ოჯახებში და უბნებში არ იზრდებოდნენ? ჩვენ ვიყავით მათი მასწავლებლები, დედები, მამები, ბიძიები და დეიდები... ეს "ჩვენი შემოქმედებაა"... ჩვენი ჩადენილია, ჩვენი "გაკეთებულია", ჩვენი ანარეკლია. ახლა, უბრალოდ, სარკეში ვიყურებით...

არ მოგვწონს, არა? სანამ მათ ლანძღვაზე მოვცდებით, გავიხსენოთ, რომ ბაღებში და სკოლებში ახლაც იზრდება მომავალი თაობა. სანახევროდ ინტერნეტი და გაჯეტი რომ ზრდის. ფიქრობთ, წლების შემდეგ ისინი როგორები იქნებიან? მოგეწონებათ? წაკითხულიდან აზრი რომ ვერ გამოაქვთ, იცით? ძალიან ბევრი წელია, წიგნიერებაში და აზროვნებაში საგანგაშო შედეგები გვაქვს. ხომ დავინახეთ შედეგი...

ასე რომ, მემორიალზე მოცეკვავე გოგოს თავი დავანებოთ და იმათ მივხედოთ, ახლა რომ იზრდებიან ტელეფონებით ხელში, ვირტუალურ რეალობაში ჩაძირულები. მათი განათლებისთვის, აზროვნებისთვის და ადამიანობისთვის შევწუხდეთ, ვიბრძოლოთ და ვიჩხუბოთ... ნათელი გონების, მოაზროვნე თაობა გვჭირდება და არა მხოლოდ უფლებებზე "ჩაციკლული" ადამიანები.

თორემ... ჯერ კიდევ ახალგაზრდები ვართ და ჩვენზე უფრო ახალგაზრდებს ჯერაც მენტორის ტონით ვესაუბრებით. ხვალ კი ეს თაობა ჩაიბარებს ქვეყანას. ჩვენ მათ ხელში ვიქნებით, მოხუცები და უძლურები. ჰოდა, ისე მოგვექცევიან, როგორც ახლა ჩვენ მოვიქცევით... რასაც ჩვენგან ისწავლიან, აუცილებლად დაგვიბრუნებენ უკან..."