"ვინც შეურაცხყოფად მიიღო ცეკვა, შევახსენებთ, რომ 9 აპრილს დაღუპულებიც ცეკვავდნენ და მღეროდნენ, როცა ისინი დაარბიეს"
პარლამენტთან შეკრებილმა "თეთრი ხმაურის" მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა ცხრა აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
"თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრის, ბექა წიქარიშვილის თქმით, ამ სიმბოლური ჟესტით გამოეხმაურნენ იმ უკმაყოფილებას, რომელიც სოციალურ ქსელებში აქციის მონაწილეების მიერ გუშინ მემორიალზე ცეკვას მოჰყვა. მისი განმარტებით, ეს იყო ორგანიზაციული გადაცდომა და იმ ადამიანებს, ვინც ეს შეურაცხყოფად მიიღო, ბოდიშს უხდის.
"ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ეროვნულ გმირებს. ვიცით, რომ ისინი ჩვენი თავისუფლებისთვის იბრძოდნენ და დღეს რომ აქ ვდგავართ, მათი დამსახურებაა. ჩვენ ქედს ვიხრით მათი ღვაწლის წინაშე. ვინც შეურაცხყოფად მიიღო ცეკვა, შევახსენებთ რომ 9 აპრილს დაღუპულებიც ცეკვავდნენ და მღეროდნენ, როცა ისინი დაარბიეს. ისინი რომ ჩვენს გვერდით ყოფილიყვნენ, ასევე მოიქცეოდნენ",- განაცხადა წიქარიშვილმა.
"ინტერპრესნიუსი"