კონტრაქცია რუსთაველზე - ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარედ გიორგი გაბედავა და მისი თანამოაზრეები იკრიბებიან - კვირის პალიტრა

კონტრაქცია რუსთაველზე - ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარედ გიორგი გაბედავა და მისი თანამოაზრეები იკრიბებიან

უფლებადამცველი გიორგი გაბედავა და მისი თანამოაზრეები ამ წუთებში ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან, რის შემდეგაც ისინი პარლამენტის შენობის წინ 9 აპრილის მემორიალთან გადაინაცვლებენ და კონტრაქციას გამართავენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გიორგი გაბედავამ განუცხადა, აქცია მშვიდობიანი იქნება და ის მოუწოდებს მეორე მხარეს, არ ეცადონ პროვოცირებას, რამაც შესაძლოა დაპირისპირება გამოიწვიოს. გაბედავას თქმით, 9 აპრილის მემორიალთან შეკრება გუშინ მომხდარმა ფაქტმა გადააწყვეტინა, როდესაც აქციის მონაწილეები მემორიალზე იყვნენ ასულები და ცეკვავდნენ.

"ჩვენ ვიკრიბებით რიგითი მოქალაქეები, რათა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, რომ ნარკოტიკი არის მიუღებელი და რომ ნარკოტიკმა შეიწირა ჩვენი თაობები. ვაპირებთ, მშვიდობიანად გადავიდეთ 9 აპრილის მემორიალთან, რათა არ მოხდეს ის, რაც ვიხილეთ გუშინ და მემორიალზე კვლავ არ ავიდნენ და იქ არ გამართონ კონცერტი. მე ახლაც მზარავს და ვიბნევი, როდესაც მახსენდება ის, რაც ხდებოდა მემორიალზე. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ იქ მყოფ ადამიანებს, რომ თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და მოგვცენ ჩვენ საშუალება, მშვიდობიანად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია", - აღნიშნა გიორგი გაბედავამ.

მეორე აქცია მიმდინარეობს პარლამენტის შენობასთან, რომელსაც "თეთრი ხმაურის" მოძრაობა მართავს.

აქციის მონაწილეები პრემიერ–მინისტრისა და შს მინისტრის გადადგომას, ასევე ნარკოპოლიტკის რეფორმას ითხოვენ. ისინი ასევე პრემიერს მოუწოდებენ, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთოს.

აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა ბექა წიქარიშვილმა გააკეთა განცხადება, რომ პარლამენტის შენობასთან იგეგმება კონტრაქციის ჩატარებაც და მან აქციის მონაწილეებს მოუწოდა, პროვოკაციებს არ აჰყვნენ.

მცირერიცხოვანი კონტრაქცია პარლამენტის შენობასთან უკვე მიმდინარეობს. ისინი "თეთრი ხმაურის" მოძრაობის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებს 9 აპრილის მემორიალთან ყვავილების დაწყობის საშუალებას არ აძლევდნენ, რის გამოც სიტუაცია მცირე ხნით დაიძაბა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რომელსაც "თეთრი ხმაურის" მიერ ორგანიზებული აქცია პოლიციის კორდონით აქვს შემოსაზღვრული. დღევანდელი აქციის გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობოლო მოძრაობა არ შეზღუდულა. როგორც "თეთრი ხმაურის" აქციის მონაწილეები აცხადებენ, დღევანდელ აქციაზე გამოსვლები იქნება და განცხადებები გაკეთდება.