"პირადად ვარ იმის გარანტი, რომ დღეს თქვენს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება" - კვირის პალიტრა

"პირადად ვარ იმის გარანტი, რომ დღეს თქვენს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება"

"მე პირადად ვარ იმის გარანტი, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში თქვენი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება" - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რამდენიმე წუთის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

ის ბოლო 2 დღის განმავლობაში თბილისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

"გუშინ დილიდან ჩვენს გუნდში მიმდინარეობდა იმ საკითხების აქტიური განხილვა, რაზეც ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი შვილები დღეს და გუშინ ქუჩაში ამ შენობიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით ასე ემოციურად საუბრობდნენ. გუშინ საღამოსვე კახა კალაძემ ჩვენი გუნდის სახელით გააკეთა განცხადება, სადაც მკაფიოდ იქნა გამოხატული ჩვენი პოზიცია დღევანდელ აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით და მოუწოდა ყველას, ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს საზოგადოებას გაერთიანებისკენ იმ უმძიმეს დანაშაულთან ბრძოლაში, რასაც ნარკოტიკების რეალიზაცია ჰქვია და რასაც ბოლო პერიოდში არაერთი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა.

ის, რომ სახელმწიფოს ექნება ერთის მხრივ ნარკორეალიზტორების მიმართ მკაცრი პოზიცია და იქნება გაცილებით უფრო ჰუმანური მომხმარებლების მიმართ, არაერთხელ მაქვს ნათქვამი და კიდევ ერთხელ ვადასტურებ. მინდა კიდევ ერთხელ მოგმართოთ, ჩემო შვილებო, ჩვენო ახალგაზრდებო თქვენ ხართ მომავალი თაობა, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, მე პირადად ვარ იმის გარანტი, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში თქვენი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება, სწორედ ის არის ერთ-ერთი იმ უდიდეს მონაპოვართაგანი, რომლითაც ჩვენი ხელისუფლება ამაყობს და რა თქმა უნდა ეს უპირეველს ყოვლისა თქვენი მონაპოვარიც არის. ის რომ ადამიანი, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა ჩვენი პრიორიტეტია, გასული საათების მანძილზე დადასტურდა. პოლიცია, სამართალდამცველი უწყებები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ თქვენ შეუზღუდავად შეძლოთ თქვენი აზრის გამოხატვა.

ამ ფონზე, როდესაც სახელმწიფო მოწოდებულია და ძალისხმევას არ იშურებს ადამიანის ამ უმნიშვნელოვანესი უფლების დასაცავად, კატეგორიულად მიუღებელია რაიმე სახის დაპირისპირება და საზოგადეობის გახლეჩის მცდელობა. მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს მაქსიმალურად გააძლიერონ უსაფრთხოების ღონისძიებები. ნებისმიერი შესაძლო დაპირისპირების პრევენციის მიზნით. ყველა მხარეს აქვს უფლება თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი, თუმცა აზრის გამოხატვისას დაპირისპირება არის ყოვლად დაუშვებელი, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ. კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, შევინარჩუნოთ ერთიანობა ერთი საერთო მიზნის გარშემო, იმ მიზნისა რომელსაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, ჩვენს ახალგაზრდებზე ზრუნვა და მათი სიცოცხლის დაცვა. ნუ დავუშვებთ სიძულვილს განსხვავებული მოსაზრებების გამო. გავერთიანდეთ ადამიანების სიცოცხლის და ჩვენი ქვეყნის მომავლის დასაცავად", - განაცხადა კვირიკაშვილმა.