"თუ შევატყვეთ, რომ თანამშრომლობის ფორმატმა არ გაამართლა, ისევ აქციაზე გადავინაცვლებთ"
"თუ შევატყვეთ, რომ თანამშრომლობის ფორმატმა არ გაამართლა, ისევ აქციაზე გადავინაცვლებთ", - ამის შესახებ "თეთრი ხმაურის მოძრაობის" ლიდერმა, ბექა წიქარიშვილმა შს მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"დღეს მიგვაქვს გზავნილი, რომ არ ვაპირებთ არცერთ დათმობაზე წასვლას. ჩვენ გუშინდელი დროებითი დაშლა იყო კომპორომისი, თუმცა საჭირო, დანარჩენი კი ერთად შეთანხმდება. ხვალ იქნება ის დღე, როცა დეტალურად განვიხილავთ 12 მაისის ღამეს. წინასწარი შეთანხმება ასეთი იყო და ზუსტ დროს ველოდებით. რაც შეეხება ნარკოპოლიტიკის საკითხს, პრინციპული წინააღმდეგობა იყო სრულიად ყურითმოთრეულ მიზეზზე, თითქოს ნარკორეალიზაციას ვინმე აპრავებს ამ ქვეყანაში. ეს სიმართლე არ არის. რეალიზატორების მიმართ ბრძოლა არის ლეგიტიმური, თუმცა მომხმარებლები არ უნდა დავსაჯოთ. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკა და დღეს ეს მესიჯი გაისმა", - აღნიშნა ბექა წიქარიშვილმა.
ბექა წიქარიშვილი დარწმუნებული არ არის, რომ ხელისუფლება ყველაფერზე შეძლებს წასვლას იმ რეფორმასთან დაკავშირებით, რაც იყო, თუმცა წინასწარი მზაობა არის, რომ "უფრო მეტად გაიხსნას ხელისუფლების კარი".
მოძრაობის კიდევ ერთი წარმომადგენელის, დავით სუბელიანის თქმით, დღევანდელი შეხვედრის შინაარსი იყო შემდგომი შეხვედრის ფორმატის და შინაარსის განსაზღვრა.
"ჩვენ დეტალებში არ წავსულვართ. ნარკოპოლიტიკის მიმართულებით შს მინისტრს აქვს ხედვა, რომ ის მოხმარების და ფლობის ნაწილში ცვლილებებს განახორციელებს. ჩვენ ვთანხმდებით, რომ ქვეყანაში რეალიზაცია დარჩება დასჯადი და რეალიზატორებთან ბრძოლა გაგრძელდება. ეს არც არის კითხვის ნიშნის ქვეშ, იმიტომ რომ ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ მომზადებულ კანონპროექტშიც ნარკოტიკების რეალიზაცია იყო მკაცრად დასჯადი ქმედება. თუმცა მე არ მაქვს არანაირი განცდა, არანაირი ინფორმაცია, რომ რაიმე მნიშვნელოვან, განსაკუთრებულ წინსვლას მივიღებთ, მით უმეტეს, რომ კობახიძემ თქვა, რომ კიდევ ახალ კანონპროექტს შეიტანენ. ჩვენი კანონპროექტი არის ერთადერთი მსხვილი კარგი კანონპროექტი, რაც არსებობს. არის კიდევ რვა ნივთიერების კანონპროექტი. შინაარსზე არ გვინდოდა ლაპარაკი, გაკვრით ვახსენეთ, რომელ კანონპროექტზე იქნებოდა საუბარი და ზუსტი პასუხი ვერ მივიღეთ. ითქვა, რომ რამეთი დავიწყოთო. მაქვს განცდა, რომ ოთხშაბათს შეიძლება გვითხრან, რაზე არიან წამსვლელები. არ მგონია, რომ შსს განსაკუთრებულად დიდ ძვრებზე წამოვა. ჩემი ვარაუდით, ეს იქნება უკეთესი ვერსია, ვიდრე 8 ნივთიერების კანონპროექტი და უარესი, ვიდრე ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ მოზადებული კანონპროექტი“, - განაცხადა სუბელიანმა.