"შვილო, მშვიდობით მოდი სახლში"
(ფოტო გადაღებულია 2018 წლის 12-13 მაისის აქციაზე, ფოტოგრაფი: ვახო ქარელი)
1989 წლის 9 აპრილს ამ სტრიქონების ავტორი მთავრობის სასახლის წინ იმყოფებოდა და იმ ტრაგიკული ღამის თვითმხილველიც შეიქმნა. იქვე, მთაწმინდაზე ვცხოვრობდი და სადღაც, ღამის 12 საათზე დედამ ჩამომაკითხა - "შვილო, გავიგე მიტინგის დაშლას აპირებენ და სანამ დროა სახლში წამოდიო".
რასაკვირველია, მშობლის გაფრთხილება ყურად არ ვიღე და დღემდე მიკვირს იმ უბედურებას რა სასწაული მანქანებით გადავურჩი. გამხეცებული რუსი სალდაფონების ალყა რაღაცნაირად გამოვარღვიე და შინ უვნებელი დავბრუნდი. სახლის წინ ცოცხალმკვდარი დედა დამხვდა რომელიც ლამისაა მოსასულიერებელი გამხდარიყო და ჩემი ცოცხალი ნახვის იმედი ნაკლებად ჰქონდა.
რატომ გავიხსენე 1989 წლის 9 აპრილი. ორი დღის წინ დედაჩემის ადგილზე თავად ავღმოვჩნდი, როდესაც ჩემი 19 წლის ქალიშვილი მთავრობის სასახლის წინ მიმდინარე აქციაზე, "თეთრი ხმაურის" ორგანიზებული მანიფესტაციის ერთ-ერთი მონაწილე აღმოჩნდა, იმ მიტინგისათვის "ჭკუის სწავლებას" კი "ქართული მარშისა" თუ სხვა დაჯგუფებების რამდენიმე ათასი ადამიანი დიდი გულდასმით ცდილობდა.
ამ სტრიქონების წამკითხავთა უმრავლესობა ალბათ თავად მშობელია და მიხვდებიან 13 მაისის საღამოს ჩემმა ოჯახმა რა ჯოჯოხეთური წუთები გამოიარა. 1989 წელს ქართველების სამაგალითო დასჯას უცხოტომელები ცდილობდნენ, ორი დღის წინ იმავე მისიის შესრულება... ქართველებს უნდოდათ.
არ დამიწყოთ ეხლა მორალის წაკითხვა, რა უნდოდა შენს შვილს "ნარკო აქციაზე", როგორ ვერ გაზარდე მოზარდი ისე, რომ არ იცოდეს სად უნდა მივიდეს და სად არა. გულზე ხელი დაიდეთ და მიპასუხეთ, ყოველთვის იცით თქვენი შვილები სად მიდიან და დროს როგორ ატარებენ?
გარდა ამისა, ჩემი შვილი გონიერი, განათლებული, ვფიქრობ, უკვე შემდგარი პიროვნებაა, რომელიც ძალადობას აპროტესტებდა და "ბარიგებთან" და ნარკოტიკთან არანაირი კავშირი არ აქვს ისევე, როგორც იქ შეკრებილთა უმეტესობას, თუმცა რატომღაც სწორედ ასეთი იარლიყის მიწებებას ცდილობდნენ...
სამწუხაროდ, მძიმე ფაქტის წინაშე დავდექი და ამ ცხოვრებაში ალბათ პირველად სრული უსუსურობის განცდა დამეუფლა. ტელეეკრანიდან ცალკე "თეთრი ხმაურის" ლიდერების გამოსვლებს ვუსმენდი, ცალკე კი "მოწინააღმდეგე მხრისა".
პირველ შემთხვევაში თავზარდაცემული დავრჩი, რადგან ახალგაზრდების ახლადგამოჩეკილი წინამძღოლების სიტყვებიდან ვერც ამ მიტინგის არსს ჩავწვდი დიდად, მაგრამ უარესი "მარშელთა" და მათი მონათესავე ჯგუფების წარმომადგენელთა სიტყვების გაგონებაზე მელოდა - "გადავუვლით", "არ გავახარებთ", "მათი ადგილი ქართულ საზოგადოებაში არ არის". შეიძლება "თეთრი ხმაურის" მოწოდებებს მეც არ ვიზიარებ, მაგრამ მიმაჩნია, რომ შვილების თაობას განსაკუთრებული ყურადღებით და მოთმინებითაც უნდა მოვუსმინოთ...
თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ. მიმაჩნია, რომ ნებისმიერ ჩვენთაგანს საკუთარი პოზიციის გამოხატვა თავისუფლად უნდა შეეძლოს და კორკოტასა, ბრეგაძისა თუ შავმაისურიანი კუნთმაგარი ჯეელების რისხვისა არ უნდა ეშინოდეს. პირიქით კი მოხდა. რომ არა პოლიციის ნებისყოფა და ორგანიზებულობა, რომ არა პირადად შინაგან საქმეთა მინისტრის გაბედულობა ღმერთმა იცის იქ რა დატრიალებულიყო.
მინდა ე.წ. "კონტრმიტინგის" ორგანიზატორებსა და რიგით წევრებს ვკითხო. მესმის რომ "თეთრი ხმაურის" მოწოდებები და მთავარი მიზნები თქვენთვის (ნაწილობრივ ასევე ჩემთვისაც) მიუღებელი გახლდათ, მაგრამ ნუთუ არ ფიქრობდით, რომ იმ მხარესაც ქართველთა ნაწილი, თან ახალგაზრდობა იდგა.
დავიჯერო რომ "ზრდილობიანად" მიუახლოვდებოდით, ერთ ორს მსუბუქად წამოარტყამდით და სახლებისკენ წყნარად გაუშვებდით და ხელს არავინ შემოგიბრუნებდათ?!
მართლა ტრაგედია რომ დატრიალებულიყო და იგივე ჩემს შვილს რამე შემთხვეოდა, პასუხს ვინ გამცემდა? თუ გგონიათ სამართლის საძიებლად კარდაკარ სიარულს დავიწყებდი ძალიანაც ცდებით.
თბილისი პატარა ქალაქია, ყველა ერთმანეთს ჩინებულად იცნობს. უბრალოდ მოგნახავდით და პირადად გაგისწორდებოდით. ამ სიტყვებისა არ მეშინია, პირიქით, მინდა იცოდეთ, რომ საქართველოში მცხოვრებ ყველა ადამიანს საკუთარი უფლებები გააჩნია და თუ მათ დარღვევას შეეცდებით კარგი დრო არ დაგადგებათ. აგრესიითა და ძალით ქვეყანა არავის აუშენებია.
ნუთუ კვირის იმ საღამოს არ გიფიქრიათ, რომ მდგომარეობის ესკალაციის შემთხვევაში იმ მხარეს მდგარი ადამიანების გვერდით არსებული ახლობელ-მეგობართა დიდი რაოდენობა ამ საქციელს შეგარჩენდათ. სისხლის დაღვრის (იყო ამისი საშიშროება) შემთხვევაში დიდ უკურეაქციას მივიღებდით, სახელმწიფოში უმართავი პროცესები დაიწყებოდა და ისევ თქვენს უსაფრთხოებას საშიშროება შეექმნებოდა. ნუთუ არ გესმით, რომ ამ ქვეყანაზე, რომელსაც დემოკრატიულობაზე პრეტენზია გააჩნია შეიძლება განსხვავებული აზრის ადამიანებიც არსებობდნენ. 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და ფაშიზმისა და ძალადობის პოლიტიკას ალბათ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავემშვიდობოთ.
- კვირას მიმდინარე მოვლენებმა არაერთი უპასუხო კითხვა გამიჩინა. ვის აწყობდა და ვისი სცენარით წარიმართა პარასკევს ღამით და მომდევნო დღეებში განვითარებული ამბები?
- ვისი ხელით იმართება "თეთრი ხმაურის" აქტიურობა. ვინ მისცა უფლებამოსილება ამ ორგანიზაციის ლიდერებს, რომ საკუთარი მიზნების მისაღწევად ახალგაზრდობა გამოიყენონ?
- რატომ იყო ჩრდილს ამოფარებული ქვეყნის ხელისუფლება, მანამდე, სანამ მდგომარეობა თითქმის უმართავი არ გახდა და ტრაგედიის საშიშროება გაჩნდა?!.
- როდემდე უნდა გაგრძელდეს "მარშელთა" და სხვა ანალოგიური "პროფილის" ჯგუფების დაუსჯელი საქმიანობა.
- სად იყვნენ 13 აპრილის საღამოს ქართული ეკლესიის წარმომადგენლები. რამდენიმე განცხადების გაკეთებას ხომ არ სჯობდა სამღვდელოების ნაწილი მთავრობის სასახლის წინ მოსულიყო და ორ დაპირისპირებულ ძალას შორის, შუაში ჩამდგარიყო.
რომ არა შინაგან საქმეთა მინისტრის პირადი თავდადება, შეიძლება გამოუსწორებელი ტრაგედიის მომსწრენი გავმხდარიყავით. პირადად მადლობას ვუხდი გიორგი გახარიას. საკუთარი საქციელით იგივე ჩემს შვილს სახლში მშვიდობით დაბრუნების შესაძლებლობა მისცა. გვახსოვს ერთი მისი კოლეგა, რამდენიმე წლის წინ, "ორი გვამი მინდაო", - რომ იძახდა. ისე, მავანი და მავანი გახარიას ბოდიშის მოხდის გამო დაუნდობლად აქილიკებს, მაგრამ იმ მძიმე წუთებში ალბათ ეს სწორი გადაწყვეტილება გახლდათ, რადგან უმთავრესი მიზანი მიტინგის დასრულება და მასში მონაწილე ახალგაზრდების მთავრობის სასახლის ტერიტორიიდან უსაფრთხო გამოყვანა იყო.
საბოლოოდ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, მათ შორის ჩემი საღამოს ნერვიულობაც.
შვილი შინ უვნებელი დამიბრუნდა. ეს ყველაფერი მე და ჩემი ქალიშვილის მიტინგზე მყოფი რამდენიმე მეგობრის მშობელს დიდი ნერვიულობის ფასად დაგვიჯდა. იმ საღამოს ერთადერთი ნატვრა მქონდა. თბილისური ძალადობრივი ვაკხანალია მალე დასრულებულიყო და შვილი საღსალამათი მენახა.
არ ვიცი, ქვეყანაში მოვლენები როგორ წარიმართება. მაქვს გონივრული ეჭვი, რომ 13 მაისის მსგავსი მოვლენები კიდევ არაერთხელ განმეორდება. დარწმუნებული ვარ, "უჩინარ ძალებს" ქვეყანაში მდგომარეობის აღრევა სურს. ამას საზოგადოება წინ ერთად უნდა აღვუდგეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ქვეყანა თავზე დაგვემხობა და კვლავ ბნელეთით მოცულ დროში ავღმოვჩნდებით.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს