მეუფე შიო: "ოჯახთან და მის ღირებულებებთან ბრძოლა არის ღმერთთან ბრძოლა"
ქაშვეთის ეკლესიაში შეკრებილი მრევლი სამების საკათედრო ტაძრისკენ დაიძრა. მსვლელობის მონაწილეებს შეუერთდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის მოსაყდრე, მეუფე შიო.
როგორც მეუფე შიომ განაცხადა, დღევანდელ მსვლელობაზე თითქმის ყველა ეპარქიის წარმომადგენელი იმყოფება.
"მრავალშვილიანი ოჯახები დავლოცეთ და მათ სამების ტაძარში გადაეცემათ სიგელები. ჩვენთვის ოჯახის სიწმინდე არის მთავარი ღირებულება და ასეა არა მხოლოდ ქრისტიანებისთვის, არამედ ტრადიციული რელიგიებისთვის, რადგან როცა ღმერთმა შექმნა ადამიანი, შექმნა ოჯახად. ხშირად ამბობენ, რომ ოჯახი არის ინსტიტუტი, ოჯახი ინსტიტუტი არ არის, ეს არის ღმერთის მიერ შექმნილი ყოფიერების ფორმა", - განაცხადა მეუფე შიომ.
მანამდე კი მეუფე შიო ქაშვეთის ტაძარში ქადაგებას დაესწრო, ქადაგების შემდეგ კი მრავალშვილიანი ოჯახები დალოცეს.
"დღეს არის ოჯახის სიწმინდის დღე. ეს არის დღე, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დაგვიდგინა, როგორც ეროვნული დღესასწაული და მადლობას ვუხდით ამისთვის. როგორც არასდროს, ისეთი საჭირო იყო ბოლო წლებში ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე, ვინაიდან ოჯახის დანგრევის და განშორებათა სტატისტიკა არის საგანგაშო. სულ უფრო და უფრო მეტად გაისმის მოწოდებები ანტიოჯახური ღირებულებების დაკანონებისა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შემაშფოთებელია. დღეს ჩვენ ვიკრიბებით, რომ დავიცვათ ოჯახური სიწმინდე, დავიცვათ ოჯახური ღირებულებები. ადამიანის უმთავრესი გზა ეს არის ოჯახური ცხოვრება. როცა ღმერთმა შექმნა ადამიანი, ის ოჯახად შექმნა, ადამიც და ევაც. ოჯახი ეს არ არის უბრალო ინსტიტუტი, როგორც ხშირად ამბობენ, ეს არის ყოფიერების ის ფორმა, რომელიც ღმერთმა შექმნა. ჩვენ ღმერთმა ასეთი ცხოვრებისთვის შეგვქმნა. ჩვენ ვიცავთ ყველაზე ძირეულს. ოჯახთან და მის ღირებულებებთან ბრძოლა არის ღმერთთან ბრძოლა, ადამიანის ამაღლებასთან, მის განწმენდასთან, ცხონებასთან ბრძოლა. უფალმა ინებოს არასოდეს დავთმოთ ოჯახური სიწმინდე, შევინარჩუნოთ და ეს არის საწინდარი ჩვენი ამაღლებისა", - განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას.
მანვე კომენტარი გააკეთა ნარკოტიკების საკითხზე.
"ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ იმ ადამიანების მკურნალობა, დახმარება, ვინც არის დამოკიდებული, მაგრამ თავად ნარკოტიკი არის დიდი ცოდვა, შხამი და ბოროტება. რეალიზაციაზე იყო საუბარი, ეს ყოვლად დაუშვებელია, პირველ რიგში, ოჯახს ანგრევს, ოჯახის ტრაგედიას ქმნის. ამიტომ ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ", - განაცხადა მეუფე შიომ.
ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა ფილარმონიიდან დაიწყო. მსვლელობის მონაწილეებს ჯერ "ვარდების მოედანზე" შეკრებილები შეურთდნენ და ქაშვეთის ეკლესიასთან გადაინაცვლეს, სადაც ისინი სასულიერო პირებმა დალოცეს.
ქაშვეთიდან მსვლელობის მონაწილეები სამების საკათედრო ტაძარისკენ მიემართებიან, სადაც, დაახლოებით 14:00 საათზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამადლობელ პარაკლისს გადაიხდის და ერს დალოცავს.
"ინტერპრესნიუსი"