"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მზადაა, სრული სიმართლე თქვას, თუ რა მოხდა ხორავას ქუჩაზე"
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დღეს ჩვენებას ის ბრალდებული მისცემს, რომელიც პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით 2017 წლის 1-ელ დეკემბერსვე დააკავა. როგორც ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა ინგა შარაშენიძემ განუცხადა, ბრალდებული სასამართლოს სრულ სიმართლეს ეტყვის და ასევე ისაუბრებს იმ ახალ გარემოებებზე, რომელზეც გამოძიება უნდა გაგრძელდეს.
"დღეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მზადაა, სასამართლოს სრული სიმართლე უთხრას, თუ რა მოხდა ხორავას ქუჩაზე პირველ დეკემბერს. რა თქმა უნდა, ისაუბრებს იმ ახალ გარემოებებზე, რომელზეც გამოძიება გაგრძელდება და ძალიან ბევრი გარემოება დადგინდება, როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფზე, ასევე სხვა პირზე. ძალიან ცუდი სათქმელია, მაგრამ მის მიერ მიცემული ჩვენებით ბევრი რამ დადგინდება და გამოძიება გაგრძელდება, რომელიც პროკურატურას გამოყოფილი აქვს. გამოიკვეთება სხვა დამნაშავე. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ მიცემული ჩვენება გამოძიების დაწყების საფუძველი არ გახდება, მაგრამ გამოყოფილ გამოძიებაში გაგრძელდება თუ ვინ, ვის, როდის მიაყენა დაზიანება და რა მოხდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან", - განაცხადა ინგა შარაშენიძემ.
ადვოკატის თქმით, ის აღარ აპირებს პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანის დაკითხვას.
"ჩემი უფლებაა მოვხსნა მოწმე დასაკითხ პირთა სიიდან. დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე, რატომღაც გადავწყვიტე, რომ სასამართლოზე არ უნდა მომეყვანა. სუბელიანი ჩემთვის მთავარი მოწმე არ არის, აქედან გამომდინარე, მისი დაკითხვა ჩემთვის არაფრის მომცემი იყო", - აღნიშნა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.
"ინტერპრესნიუსი"