"დანაშაულის თანამონაწილე ვხდებოდი, ამიტომ პოლიციას მივმართე" - ვინ არის ნარკორეალიზატორების საქმის მთავარი მოწმე?
თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს 12 მაისს დაკავებული 8 ნარკორეალიზატორის საქმის მთავარი მოწმის, 1981 წელს დაბადებული სოლომონ მათიკაშვილის დაკითხვა.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, ის დანაშაულის ფიგურანტ ხუთ პირს ამხელს, მათ შორის ქეთი მურუსიძესაც.
ირკვევა, რომ სწორედ მათიკაშვილი გამოიყენა პროკურატურამ საკონტროლო შესყიდვებისას და მისი ჩვენებები საქმის მთავარი ღერძია.
ბრალდებულების ადვოკატები ამბობენ, რომ სრულიად მოულოდნელი იყო მათთვის სასამართლო სხდომის ჩანიშვნა და მთავარი მოწმის დაკითხვა, მათი მტკიცებით, ეს სპეციალურად გააკეთა პროკურატურამ იმისთვის, რომ სოლომონ მათიკაშვილი აღარ წარსდგეს სასამართლოზე საქმის არსებითი განხილვისას.
"ბრალდება არსებითი განხილვისას, სავარაუდოდ, სასამართლოსთვის დღეს მიცემულ ჩვენებას გამოიყენებს. ამ ჩვენების შემდეგ კი მათიკაშვილს, დიდი ალბათობით, ქვეყნიდან გაიყვანენ", - გვითხრა ერთ-ერთმა ადვოკატმა.
"კვირის პალიტრისთვის" ცნობილი გახდა სოლომონ მათიკაშვილის მიერ პროკურატურისთვის მიცემული ჩვენებების ფრაგმენტები, რომელშიც ის ამბობს, რომ მძღოლია, თუმცა უყვარს კლუბური ცხოვრება. შესაბამისად, ხშირად სტუმრობდა ამ დაწესებულებებს. მისი თქმით, მან ის ადამიანები, ვინც დღეს საბრალდებო სკამზე სხედან, კლუბ "გალერიში" გაიცნო, მათთან მეგობრობდა კიდეც, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ შესთავაზეს ნარკოტიკები. "მას მერე, რაც გავაცნობიერე, რომ დანაშაულის თანამონაწილე ვხდებოდი, პოლიციას მივმართე", - ამბობს ამ ჩვენებაში მათიკაშვილი.
სხდომას ესწრებიან ბრალდებულებიც, მათგან ერთი ქეთი მურუსიძე სხდომის მსვლელობისას ცუდად გახდა, რის გამოც პროცესი ცოტა ხნით შეჩერდა.
სხდომა დახურულია, სავარაუდოდ, მისი დასრულების შემდეგ განცხადებებს ბრალდებულთა ადვოკატები გააკეთებენ.
თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)