ქართლის თავგანწირული ბრძოლების ექო ელისაბედ I-ის ინგლისში
ინგლისის სამეფო კანცელარიაში, კერძოდ, XVI საუკუნის საგარეო საქმეთა სახელმწიფო დოკუმენტებში დაცულია ინგლისურ ენაზე 1584-1585 წლებში შედგენილი საინტერესო წერილი, რომელშიც საქართველოზეა საუბარი.
წერილის ადრესატი ფრენსის უოლსინგემი (1532-1590), ავტორი კი უილიამ ჰარბორნია (1542-1617).
დოკუმენტის მნიშვნელობა სათანადოდ რომ წარმოვაჩინოთ, რამდენიმე სიტყვით ისტორიულ პირებზე შევჩერდეთ. ფრენსის უოლსინგემი ელისაბედ I-ის მინისტრი, საიდუმლო საბჭოს წევრი, ინგლისის დაზვერვისა და კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი იყო. სწორედ მის სახელს უკავშირდება მერი სტიუარტის შეთქმულების გახსნა. მინისტრმა ინგლისსა და ევროპაში მზვერავთა მძლავრი ქსელი შექმნა და ხელი მიუწვდებოდა მსოფლიოში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციაზე. წერილის ავტორი უილიამ ჰარბორნი კი ცნობილი ვაჭარი და დიპლომატი იყო. იგი ელისაბედმა კონსტანტინოპოლში ინგლისის ელჩად 1582 წელს დანიშნა. ჰარბორნის დამსახურებით, ინგლისის დედოფალსა და ოსმალეთის სულთან მურად III-ს შორის აქტიური მიმოწერა მიმდინარეობდა.
ინგლისის სამეფო კანცელარიაში დაცული წერილის დაწერის ადგილად მითითებულია "რაპამატი". ეს იყო თავისებური ვილა, რომელიც სტამბოლის ევროპულ ნაწილში - ბეიოღლუში მდებარეობდა, რომელსაც XVI საუკუნეში პერა ეწოდებოდა.
რაც შეეხება წერილის შინაარსს, მასში ნათქვამია: "ამბობენ, რომ დიდი სულთანი საბერძნეთში უზარმაზარ ძალასთან ერთად არა მარტო ბეგთაბეგს გაგზავნის, არამედ ვეზირ ოსმანსაც იმ არმიის თანხლებით, რომელიც განმწესებულია სეფიანთა და ქართველთა წინააღმდეგ. ამ ქვეყანაში მთავარი პრინცი არის საიდის ძმა სიმონი, რომელმაც სპარსეთთან ომის მეორე წელს თბილისი მუსტაფას დაუთმო და მას შემდეგ იგი ხსენებულ ძმასთან ერთად ვაჟკაცურად იბრძოდა სპარსელთა ძალაუფლების ქვეშ, თუმცა ახლა თავისი 20 წლის შვილთან ერთად "აჯანყდა და შური იძია". ამიტომაც ორი კვირის წინ პატივით მიიღეს და ოსმანის მფარველობაც მოიპოვა.
ვეზირი ხელახლა გახდა თბილისის მმართველი და თავისი შვილი დიდ სულთანს მძევლად დაუტოვა. სულთნის ძალების დახმარებით იმედი აქვს, რომ ადვილად შეძლებს ხსენებულ ქართველთა დამორჩილებას".
წერილის შინაარსი მკითხველისთვის გასაგები რომ გახდეს, საჭიროა იმდროინდელი ეპოქა მიმოვიხილოთ, მოხსენიებულ ისტორიულ პირთა ვინაობა განვმარტოთ და გავაანალიზოთ საქართველოს როლი მაშინდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში.
1555 წელს სპარსეთის შაჰ თამაზ I-სა და ოსმალეთის სულთან სულეიმან I-ს შორის ქალაქ ამასიაში ზავი გაფორმდა, რომლის საფუძველზეც ორ სახელმწიფოს შორის საზღვრები დადგინდა. იმპერიებმა საქართველო და სომხეთი შუაზე გაიყვეს. იმერეთის სამეფო, სამეგრელო, გურიის სამთავრო და სამცხე-საათაბაგო ოსმალეთის შემადგენლობაში შევიდა. ქართლისა და კახეთის სამეფოები კი სპარსეთის მფლობელობაში მოექცა. ზავის პირობები საქართველოს არც ერთ ნაწილს არ აკმაყოფილებდა, მაგრამ თუ სხვა მეფე-მთავრები ასე თუ ისე შეურიგდნენ შექმნილ მდგომარეობას, ქართლი ბრძოლას განაგრძობდა.
მეფე ლუარსაბ I და მის გარშემო შემოკრებილ ქართველ პატრიოტთა მებრძოლი დასი პარტიზანული ბრძოლის მეთოდებს წარმატებით იყენებდა. თავგანწირული ბრძოლების მიუხედავად, საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობის მიღწევა შეუძლებელი გახდა. ამის მიზეზების საყურადღებო ახსნა აქვს მოცემული ისტორიკოს ფარსადან გორგიჯანიძეს. მისი სიტყვით, საქართველოს "იქით ურუმნი არბევდეს და აქეთ ყიზილბაშნი და ამისთანას ორს დიდ ხელმწიფეს შუაში ბევრს ეცადნეს, აქეთ იქნიეს ხმალი, იქით იქნიეს და მრავალთ ნავნებიც ქნეს, მაგრამ არ იქნა და ვერცა რა თავს გაუვიდეს". ავტორის შეხედულებით, ხონთქარმა და ყაენმა იმიტომ შეძლეს საქართველოს ურთიერთშორის გაყოფა, რომ "საქართველო თავად ცოტა იყო და მერმე მრავლად გაყოფილი და ერთმანეთის ურჩნი და ქიშპნი, მტერნი, ერთმანეთისა მარბევნი და მაწყინარი"...
უილიამ ჰარბორნის წერილი ასახავს თბილისისთვის ბრძოლას XVI საუკუნის მეორე ნახევარში. როგორც ცნობილია, ეს პროცესი ცვალებადი წარმატებით მიმდინარეობდა. ქალაქი ხელიდან ხელში გადადიოდა - ხან ოსმალების, ხან სპარსელების, ხან კი ქართველთა კუთვნილება ხდებოდა... წერილში მოხსენიებული ქართველთა პრინცი, "საიდის ძმა სიმონი" ქართლის გმირი მეფე უნდა იყოს. იგი ლუარსაბ I-ის შემდეგ ტახტზე 19 წლის ასაკში სიმონ I-ის სახელით ავიდა. ახალგაზრდა უფლისწული მამასავით ენერგიული და დამოუკიდებლობისთვის თავდადებული მებრძოლი იყო.
ჰარბორნის მიერ სიმონის მისამართით გამოყენებული ფრაზა "სპარსეთთან ომის მეორე წელს თბილისი მუსტაფას დაუთმო და მას შემდეგ იგი ხსნებულ ძმასთან ერთად ვაჟკაცურად იბრძოდა სპარსელთა ძალაუფლების ქვეშ", შემდეგ ამბავს უნდა გულისხმობდეს: 1569 წელს ფარცხისის ბრძოლაში ტყვედ ჩავარდნილი და ალამუთის ციხეში გამოკეტილი სიმონი 1578 წელს ირან-ოსმალეთის ომის დაწყებისთანავე შაჰმა ტყვეობიდან გაათავისუფლა, ქართლის მეფობა უბოძა, რაყამი (ბრძანება) ძმობით მისწერა და ყიზილბაშ სარდალ ალი ყული ხანთან ერთად, 5000 მხედრითა და რამდენიმე ქვემეხით, საქართველოში გამოგზავნა.
1579 წელს ქართლის მეფემ სპარსელ ხანთან ერთად ოსმალთა გამოგზავნილ დამასკოს ფაშასა და მის 20-ათასკაციან ლაშქარს მართლაც დიდი ზარალი მიაყენა. ასე რომ, ოსმალთა კამპანია ჩავარდა. სულთანმა მურად III-მ იმის გამო, რომ საქართველო ვერ დაიმორჩილა, მთავარსარდლობიდან გადააყენა ლალა მუსტაფა ფაშა და სინან ფაშა დანიშნა, თუმცა ოსმალებს ვერც ამან უშველა. 1582 წელს სიმონმა მუხრანის ბრძოლაში კიდევ ერთხელ დაამარცხა სულთნის ჯარები. ამდენად, ჰარბორნისეული ფრაზა "სპარსელთა ძალაუფლების ქვეშ" სიმონ მეფის ოსმალთა წინააღმდეგ ვაჟკაცური ბრძოლის შესახებ ძირითადად რეალობას ასახავს.
ინგლისელი დიპლომატის ეპისტოლედან ისიც ირკვევა, რომ წერილის შედგენის დროს სიმონს ოსმალთა მფარველობა მოუპოვებია, შვილი სტამბოლს მძევლად დაუტოვებია, სულთნის ვეზირი კი თბილისის მმართველი გამხდარა. ჩვენ დანამდვილებით არ ვიცით, რამდენად შეესაბამება ისტორიულ სინამდვილეს ცნობა სიმონის მიერ შვილის (სავარაუდოდ, მომავალი მეფე გიორგი X-ის) მძევლად დატოვების შესახებ, მაგრამ ზუსტად არის ცნობილი, რომ ქართლის გმირი მეფე ოსმალებს 1588 წელს დაუზავდა, მას შემდეგ, რაც შაჰსა და სულთანს შორის წინასწარი შეთანხმება მოხდა. შეთანხმების მიხედვით, სიმონი ვალდებული იყო ოსმალეთის სასარგებლოდ ყოველწლიური ხარკი ეხადა. სამაგიეროდ, ოსმალეთი სიმონს ქართლის ქრისტიან მეფედ ცნობდა, აღიარებდა მემკვიდრეობით უფლებას და მის შინაურ საქმეებში არ ერეოდა.
როგორც ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ვხედავთ, უილიამ ჰარბორნი ინგლისის უმაღლეს ხელისუფლებას უმეტესწილად რეალური ვითარების ამსახველ ინფორმაციას აწვდის. ვფიქრობთ, მცდარია წერილის დათარიღება. ეპისტოლე არა 1584-1585 წლებში, არამედ უფრო მოგვიანებით, კერძოდ სიმონ I-ის ოსმალებთან დაზავების შემდეგ, ანუ 1588 წლისთვის არის შედგენილი. თუმცა ამ შემთხვევაში საყურადღებო უფრო სხვა გარემოებაა. ელისაბედ I-ის პირველი მინისტრისთვის განკუთვნილ წერილში სიმონ მეფის მოხსენიება ცხადყოფს, რომ იმდროინდელი ქართლის ხელისუფლების ბრძოლა ჯერ ირანელ და შემდეგ ოსმალ დამპყრობთა წინააღმდეგ მხოლოდ ეროვნული მასშტაბებისა არ იყო და ხშირ შემთხვევაში რეგიონალურ დატვირთვას იძენდა. ეს ბრძოლა იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ის შორეული ინგლისის უმაღლესი ხელისუფლებისა და მათ შორის, ალბათ, თავად დედოფლის ყურადღებასაც იქცევდა.
ამიტომაც ქართველთა თავდადებული წინააღმდეგობა აზიის უძლიერესი იმპერიების წინააღმდეგ დასავლური ანუ ქრისტიანული სამყაროს წარმომადგენლებისთვის იმედის მომცემი, არაერთხელ სამაგალითო, ზოგჯერ კი პოლიტიკური თუ დიპლომატიური ქმედებების საფუძველი ხდებოდა. ამ უკანასკნელის საუკეთესო ილუსტრაციაა 1532 წელს ინგლისის მონარქ ჰენრი VIII-სა და საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-ს შორის ქალაქ კალეში გაფორმებული ანტიოსმალური შეთანხმების პროექტი, სადაც ევროპელი მონარქები საქართველოს ხელმწიფეს ერთ-ერთ უმთავრეს მოკავშირედ მიიჩნევდნენ.
გიორგი კალანდია
პროფესორი, საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორი
ჟურნალი "ისტორიანი",#88