ქართული ფალერისტიკის სათავეებთან
საარქივო მონაცემებით, 1911 წლის 11 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებას მოუწყვია პოეტ მამია გურიელისადმი (1836-1891) მიძღვნილი "ხსოვნის უზრუნველსაყოფი ღონისძიება" (ტროფიმე ხუნდაძე.
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება 1879-1921, "საბჭოთა საქართველო", თბ., 1960, გვ. 20). როგორც ჩანს, პოეტის გარდაცვალებიდან 20 წლისთავს მიეძღვნა მის პორტრეტულ გამოსახულებიანი ვერცხლის ემალირებული სამკერდე ნიშნის - "ფალერის" თუ ჟეტონის გამოშვება*.
ჩამოსაკიდი ყუნწიანი სამკერდე ნიშნის ზურგზე სიმეტრიულად არის ამოტვიფრული ნატიფი ქართული მხედრული ასოები, აბრევიატურა, რომელიც იშიფრება:
1) ქ. შ. წ. გ. ს. ანუ ქართველთა შორის წერა [-კითხვის] გამავრცელებელი საზოგადოება; 2) ქ. გ. ანუ ქუთაისის განყოფილება; 3) VII/11 1911; 4) ქუთაისი. ჟეტონის დიამეტრია 2,5 სმ.
თავისთავად მისი დამზადება საოქრომჭედლო, საიუველირო სალონ-სახელოსნოში ეჭვს არ იწვევს, მაგრამ უცნობია მისი პირველი მფლობელის სახელი. ჩვეულებრივ, ასეთი კორპორაციული სამკერდე ნიშნები სახელობითი უნდა ყოფილიყო. არც ის უნდა გამოირიცხოს, რომ ქართული წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება თავისი "საპატიო წევრების" წასახალისებლად ანალოგიურ "ჟეტონებს" იყენებდა. ასეთი სამკერდე ნიშანი უკეთია პოეტ კოტე მაყაშვილს (1878-1927), სათავადაზნაურო ბანკის დირექტორს, საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების საპატიო წევრს (როინ მეტრეველი. საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება. თბ., "ხელოვნება", 1982, გვ.: 64-65). ანუ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილება ავტონომიური ფილიალი გახლდათ, საკუთარი არჩევითი გამგეობითა და ფინანსებით, 1907 წლის 23 აპრილიდან ფუნქციონირებდა.
მას ხელმძღვანელობდა ცნობილი პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე გიორგი ზდანოვიჩი მაიაშვილი (1854-1917). დაწვრილებით ამ ფილიალის შესახებ იხ. ლამარა გოდერიძე. კულტურულ-საგანმანათლებლო მოძრაობა საქართველოში XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისში. თსუ გამომცემლობა. 2005, გვ.: 256-257). აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის, 1911-1912 წლებში ქუთაისის წერა-კითხვის საზოგადოების წევრთა რაოდენობა 338 სულს აღწევდა.
განყოფილება ყოველწლიურად ანგარიშს უდგენდა ჩატარებული სამუშაოს შესახებ ცენტრალურ გამგეობას, რომელსაც ხელმძღვანელობდა გიორგი ყაზბეგი (1839-1921) - საზოგადო მოღვაწე, "თერგდალეული" მწერალი, მეცნიერი და რუსეთის იმპერიის გენერალ-ლეიტენანტი. მათ ერთობლივ პროექტს უნდა დავუკავშიროთ პირველი ქართული სამკერდე ნიშნის გამოშვება, რომელიც პოეტ მამია გურიელის ხსოვნას მიეძღვნა. აქედან (1911 წ.)
უნდა დავიწყოთ ქართული ფალერისტიკის (ნუმიზმატიკის დარგი, რომელიც შეისწავლის ორდენებსა და სხვა ნიშნებს), ისტორიის ამ ახალი, დამხმარე დისციპლინის საწყისი ეტაპის ათვლა. საქართველოს მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში თავმოყრილია მრავალფეროვანი სამკერდე ნიშნები, დაკავშირებული მატერიალური კულტურის ძეგლებთან, სპორტთან, ისტორიულ პირებთან თუ მშენებლობებთან. მათი აღწერა, შესწავლა და კატალოგიზება საშური საქმეა.
გურამ ლორთქიფანიძე
გოჩა გერაძე
ჟურნალი "ისტორიანი",#88