"თეთრი ხმაურის მოძრაობა" განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

"თეთრი ხმაურის მოძრაობა" განცხადებას ავრცელებს

"თეთრი ხმაურის მოძრაობა" განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დაანონსებული აქციის საკითხი გადაწყდება მას შემდეგ, რაც მოისმენენ შს სამინისტროს პოზიციას რეფორმასთან დაკავშირებით.

"დაიწყო შაბათიც, ბოლო დღე, რომელიც შს სამინისტროს ნარკოპოლიტიკის ცვლილებაზე მოლაპარაკების მაგიდისთვის მივეცით, შეხვედრის ზუსტი დრო კი აქამდე უცნობია. დაანონსებული აქციის საკითხს გადავწყვეტთ მას შემდეგ, რაც მოვისმენთ სამინისტროს პოზიციას რეფორმასთან დაკავშირებით. ყველასთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ორწლიანი მუშაობის შემდგომ, რამდენად მზადაა სახელმწიფო ცვლილებისთვის და შევძლებთ თუ არა მოხმარებისთვის ციხეში მჯდომი უდანაშაულო მოქალაქეების დახსნას, ავირიდებთ, თუ არა მომავალში პირადი მოხმარების მიზნით მიზერული ოდენობის სუბსტანციების ფლობისთვის ადამიანთა მომავლის განადგურებას.

რაც შეეხება გეგმებს, ვფიქრობთ ნათელია, რომ მძიმე და კრიზისული დღეების შემდგომ ხალხში არაერთგვაროვანი განწყობებია, მოცემულ ვითარებაში კი ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივი აზრისა და მხარდამჭერთა კონსოლიდაციას. გვსურს, გთხოვოთ თითოეულ თქვენგანს, ვკონცენტრირდეთ და გავძლიერდეთ, არ ვუღალატოთ ჩვენს ბრძოლას გადამწყვეტ მომენტში, ჩვენ არ ვაპირებთ ვაპატიოთ პოლიტიკურ ძალაუფლებას ჩვენი ღირსებისა და თავისუფლების მუდმივი ხელყოფა, ვიფიქროთ ცივი გონებით და ვიაროთ ერთობლივი სტრატეგიით გამარჯვებამდე. ჩვენი ძალა ჩვენსავე პრინციპულ ერთად დგომაშია", - აღნიშნულია მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.