"დაჭრილი სამხედროები საკუთარი ზურგით გამომყავდა და მათი სიცოცხლის გადარჩენაზე ვზრუნავდი" - რას ყვება სამი ჯარისკაცის დედა - კვირის პალიტრა

"დაჭრილი სამხედროები საკუთარი ზურგით გამომყავდა და მათი სიცოცხლის გადარჩენაზე ვზრუნავდი" - რას ყვება სამი ჯარისკაცის დედა

სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ფოტომ, რომელზეც დედა სამ ჯარისკაც შვილთან ერთად არის გადაღებული, სრულიად საქართველო აალაპარაკა. იმდენად დიდი იყო საზოგადოების ინტერესი, ახლოდან გაეცნო სამი ჯარისკაცის მშობელი ქალი, რომელიც თავადაც ქვეყნის შეარაღებულ ძალებში მსახურობს. გადავწყვიტეთ, ქალბატონ ნათია ლაფაჩს გავსაუბრებოდით.

- როგორ მოხვდით სამხედრო სამსახურში?

- სამხედრო სამსახური დავიწყე 34 წლის ასაკში. თუმცა ეს ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. ამას ყოველთვის აღვნიშნავდი ბავშვობიდან. რაღაცნაირად სულში გამჯდარი მაქვს, მთელი ცხოვრება ვაკეთო ვაჟკაცური საქმე და გამოვადგე ჩემს ქვეყანას. ეს თუ შინაგანად არ მოდის, ისე არ გამოვა. მე

შეიძლება ჯარისკაცი არასდროს ვყოფილიყავი, მაგრამ ჩემს სამშობლოს გასაჭირში მაინც არ დავტოვებდი. იგივეს გავაკეთებდი, რასაც ვაკეთებ ახლა.

- როგორ და როდის მიიღეთ ჯარში წასვლის გადაწყვეტილება?

- ჯარში წასვლის სურვილი სულ მქონდა, მაგრამ გადაწყვეტილება მივიღე 2007 წელს. შევიტანე თავდაცვის სამინისტროში საბუთები და დავინიშნე ცალკეულ სამხედრო სამედიცინო ბატალიონის მედდა სტატისტიკოსად. მაქვს დამთავრებული სამედიცინო ტექნიკუმი ცხინვალში.

- როგორ შეხვდა ამ ფაქტს თქვენი ოჯახი?

- რაც შეეხება ოჯახის განწყობას ჩემს გადაწყვეტილებაზე, მინდა აღვნიშნო, რომ დიდად არ გაკვირვებიათ და არც დიდი წინააღმდეგობა გაუწევიათ. იმიტომ, რომ ეს თემა ოჯახში იდგა ბავშვობიდან. ჩემი ფიზიკური მონაცემებიდან დაწყებული, დამთავრებული სულიერი სიძლიერით და საქმიდან გამომდინარე და დარწმუნებულები იყვნენ მშობლები ჩემს შესაძლებლობებში. იციან, რომ ყველაფერს გავართმევ თავს და მე მგონი, ვამართლებ მათ იმედებს. 9 წელი ვვარჯიშობდი მძლეოსნობაში და ასე რომ ვთქვათ ფიზიკურ მონაცემებს ნამდვილად არ ვუჩივი.

ქალის ჯარში მსახურებაზე ძალიან ნეგატიური შეხედულებები და აზრები მომისმენია ხალხისგან: "ქალს რა უნდა ჯარში", "რა ქალის საქმეა იარაღი და ფორმა". მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, მეამაყება, რომ ვარ ქალი სამხედრო და ვემსახურები ჩემს ქვეყანას! მეამაყება, რომ ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადამირჩენია. მეამაყება ყველა ის ფორმიანი მანდილოსანი, რომლებიც ტოლს არ უდებენ ვაჟკაც სამხედროებს და არიან სულიერად თუ ფიზიკურად ძლიერები! სწორედ ასეთი ხალხი სჭირდება ჩვენს ქვეყანას.

- ახლა ჯარში რას საქმიანობთ?

- მყავს სამი შვილი (ჯონი, ანრი და თორნიკე ლაფაჩები) და სამი შვილიშვილი. ჩემი გვარია ბერუაშვილი, მაგრამ ვატარებ მეუღლის გვარს. ჩემი შვილები ჩემთან ერთად მსახურობენ პირველ ქვეით ბრიგადაში სხვადასხვა თანამდებობაზე. მე ვარ სამედიცინო ასეულში. როგორც ყველა სამხედრო მოსამსახურეს, მეხება ფიზიკური ვარჯიში, პოლიგონი, მარშიც და ყველა იმ დავალების შესრულება, რაც სამხედროს ევალება.

უფროსი შვილი, ჯონი არის 26 წლის, მეკავშირეა. შუათანა ანრი 25 წლის, სატანკო ასეულშია. უმცროსი, თორნიკე 23 წლისაა და არის ტანკსაწინააღმდეგო ასეულში, რომელიც ემზადება ავღანეთში წასასვლელად და გადის შესაბამის წვრთნებს.

უფროსი შვილი ორჯერ არის ნამყოფი სამშვიდობო მისიით ავღანეთში, მე კი ერთხელ ვიყავი. 2016 წლის ბოლოს მე და ჩემმა შვილმა. ერთმანეთი შევცვალეთ ავღანეთში. ერთი კვირა ვიყავით ერთად. ის გადაფრინდა ქაბულში, მე დავრჩი ბაგრამზე და ერთ კვირაში დავბრუნდი სამშობლოში. შვილი დავტოვე იქ.

- ცხოვრების ბოლომდე აპირებთ ჯარში ყოფნას თუ სამომავლოდ სხვა გეგმებიც გაქვთ?

- კითხვაზე ვაპირებ თუ არა ჯარში ყოფნას მთელი ცხოვრება, შეიძლება არ დამიჯეროთ და აბსურდად მოგეჩვენოთ, მაგრამ მე ისე მიყვარს ჩემი საქმე და პირველ რიგი ჩემი ქვეყანა, ჩემი ფორმა, რომ შეიძლებოდეს და არ იყოს რაღაც განსაზღრულ ასაკამდე ჯარში სამსახური, ალბათ, მხოლოდ მკვდარს თუ გამხდიდნენ ფორმას, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არაა. ძალიან დიდი თხოვნა მექნება, თუ შესაძლებელია, ერთი ქალბატონი მოიხსენიოთ ამ სტატიაში. ქალი ლეგენდა, ყოფილი სამხედრო, მარინა ჭიქავა, რომელმაც შეიარაღებული ძალები ზღვრული ასაკის გამო დატოვა. ქალი, რომელიც დღემდე სულით და გულით მებრძოლია და ქვეყნის საამაყო, ღირსეული შვილია. ძლიერი ვაჟკაცური და სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულია. წერს ლექსებს სამშობლოზე და დარწმუნებული ვარ, დღესაც ბევრ ვაჟკაცს აჯობებს, რამე რომ გაუჭირდეს სამშობლოს. ერთი წყვილი ფორმა აქვს კარადაში დაკიდებულილი და ყოველდღე ეფერება, კოცნის. აი, ასეთი მანდილოსნები სჭირდება დღს ჩვენს ქვეყანას. მე მას ყოველთვის ვადარებ მაია წყნეთელს.

- საიდან ხართ წარმოშობით და სად ცხოვრობთ ახლა?

- ბატონმა მინისტრმა, ლევან იზორიამ ავღანეთიდან დაბრუნების დროს გადმომცა დროებითი საცხოვრებელი ბინა სამსახურთან ახლოს სამხედრო დასახლებაში. ისე, დავიბადე და გავიზარდე ცხინვალის რაიონ სოფელ ერედვში. დღეს ჩემი სოფელი ოკუპირებულია და ჩემი მშობლები ლტოლვილები არიან. მე იმედი მაქვს, გათენდება დღე, როდესაც ჩემს სოფელში ჩემს ნასახლარზე დავადგამ ფეხს და ალბათ სიხარულის ცრემლებით ვიტირებ ძალიან ბევრს. განაგრძეთ კითხვა