”ჩარლის ანგელოზები” და ქალების გულთამპყრობელი ჩაპლინი
რამდენიმე დღის წინ, ვირჯინიაში გამართულ კინოფესტივალზე ჩარლი ჩაპლინის უცნობი ფილმის ჩვენება გაიმართა, რომლის სახელწოდებაც ასე ჟღერს - ”A Thief Catcher”. ათწუთიანმა კომედიამ, რომელიც კრიტიკოსებმა ერთ დროს უმნიშვნელოდ მიიჩნიეს და საერთოდ ამოიღეს ჩაპლინის შემოქმედებიდან, კიდევ ერთხელ შეახსენა მსოფლიოს გენიალური მსახიობი, რომელსაც მილიონობით მაყურებელი დღესაც თავის კერპად აღიარებს.
ჩარლი ჩაპლინი სულაც არ ჰგავდა მის მიერ განსახიერებულ უწყინარ, უპრეტენზიო კაცუნებს. მუდამ ელეგანტური და დახვეწილი, ყველაზე ლამაზი გოგონების ყურადღებით განებივრებული, თვითონაც ქალების გულთამპყრობელი - ასე იცნობდნენ დიდ კომიკოსს ჰოლივუდში…
ჩარლიმ 82 წელი იცოცხლა, ამ ხნის განმავლობაში უამრავი გატაცება ჰქონდა, ჰყავდა ოთხი ცოლი და 8 შვილი. უამრავი სასიყვარულო თავგადასავლის მთავარი გმირის პირადი ცხოვრება აკრძალვებსა და მორალურ კანონებს ნამდვილად არ ემორჩილებოდა.
ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი 1889 წლის 16 აპრილს, ლონდონში დაიბადა. ძალზე მძიმე ბავშვობა ჰქონდა, რამაც მთელ მის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე გავლენა იქონია. დედა ჭკუასუსტი ჰყავდა და სიცოცხლე შეშლილთა თავშესაფარში დაასრულა.
მამა მიუზიკ-ჰოლის მომღერალი იყო, რომელიც ჩამოყალიბებული ლოთი გახლდათ. ციროზით დაიღუპა, როცა ჩარლი ჯერ კიდევ 12 წლისა იყო. სიღარიბე, უფულობა და უმწეობა - ეს ყველაფერი პატარა ჩარლიმ საკუთარ ტყავზე იწვნია და შემდეგ თავის ფილმებში შეუდარებელი ოსტატობით ასახა. ჩარლი ჩაპლინის უზადო იუმორის უკან ყოველთვის დიდი სევდა იმალებოდა, კინოკრიტიკოსები ამ სევდის მიზეზს მის უსიხარულო ბავშვობაში ეძებენ.
უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ ჩარლი ჩაპლინს მთელი ცხოვრების განმავლობაში მცირეწლოვანი გოგონები მოსწონდა. პირველი სერიოზული გატაცება მომხიბვლელი მოცეკვავე ჰეტი კელი იყო, რომელიც ჩარლის თავდავიწყებით უყვარდა, მაგრამ ახალგაზრდა ქალმა მისი სიყვარული უარყო. ვარაუდობენ, რომ ეს პირველი და უკანასკნელი მარცხი იყო, რომელიც ჩარლი ჩაპლინმა სასიყვარულო ურთიერთობებში გამოსცადა.
ამის შემდეგ მის ცხოვრებაში მშვენიერი ედნა პერვიენსი გამოჩნდა, ქერა ლამაზმანი, რომელიც ჩაპლინთან ერთად თამაშობდა მის ფილმებში. ყურებამდე შეყვარებული ედნა ორი წლის განმავლობაში უკან დასდევდა თავის კერპს და მთელი 8 წელი გვერდიდან არ შორდებოდა. ბოლოს კი, ცოტა არ იყოს, გულუბრყვილო ხერხს მიმართა: გადაწყვიტა, დიდი მსახიობი ეეჭვიანებინა და ერთ ”მშვენიერ” დღეს საზოგადოებაში სიმპათიურ, ყველასათვის უცნობ ჯენტლმენთან ერთად გამოჩნდა. ჩაპლინმა, რომელსაც იმ დროს უკვე ათასობით თაყვანისმცემელი ეხვია გარს, იმავე საღამოს უბრძანა, ბარგი შეეკრა და მისი ცხოვრებიდან გამქრალიყო.
ედნასთან განშორებას ჩაპლინი სულაც არ განიცდიდა. 1917 წელს მან 16 წლის ბალერინას, მილდრედ ჰარისს დაადგა თვალი. გოგონას ცნობილი რეჟისორის ცოლობა სურდა და ამ მიზნის მისაღწევად ჩარლი ჩაპლინს დაემუქრა, ფეხმძიმედ ვარ და სასამართლოში გიჩივლებ, თუ ცოლად არ მომიყვანო. კალიფორნიაში არასრულწლოვანის ცდუნება სულ მცირე, 30-წლიანი ციხით ისჯებოდა და ჩარლიც იძულებული გახდა მილდრედ ჰარისთან ურთიერთობა ოფიციალურად გაეფორმებინა. პატარა ცუღლუტის ფეხმძიმობა მტკნარი სიცრუე აღმოჩნდა, მაგრამ ქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ ჰარისმა ცნობილ მსახიობს ვაჟი მაინც გაუჩინა. ორივესთვის სამწუხაროდ, პატარამ მხოლოდ სამი დღე იცოცხლა.
ჩარლის არ უყვარდა ახალგაზრდა ცოლი, თითქმის არ ელაპარაკებოდა, მუდმივად საყვედურობდა და უმტკიცებდა, რომ ის მის შემოქმედებას ხელს უშლიდა. საბოლოოდ, იმ ზომამდე მიიყვანა, რომ ქალმა თვითონ შეიტანა განცხადება გაყრის თაობაზე. 1920 წელს ისინი ოფიციალურად დაშორდნენ ერთმანეთს.
ამის შემდეგ დიდ მსახიობს კვლავ პატარა გოგონა მოეწონა. 12 წლის იყო ლოლიტა მაკ-მიურეი, იგივე ლიტა გრეი, როცა ჩაპლინმა გაიცნო. თავიდან ჩარლი მას, როგორც ბავშვს ისე უყურებდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა. ცნობილი ფილმის, ”ოქროს ციებ-ცხელების” ეკრანებზე გამოსვლის შემდგომ, სადაც 15 წლის ლოლიტაც თამაშობდა, გოგონამ განუცხადა, რომ ფეხმძიმედ იყო.
ეს არ ყოფილა სიცრუე, საბრალო ჩარლი კიდევ ერთხელ გახდა იძულებული საქვეყნო სკანდალს და 30-წლიან სასჯელს გაქცეოდა და არასრულწლოვანი შეერთო ცოლად. ჯვარი 1924 წლის ნოემბერში, მექსიკაში დაიწერეს.
ჯვრისწერის ცერემონიალი საიდუმლოდ ჩატარდა, რადგან ცნობილ მსახიობს არ სურდა ისედაც აბობოქრებული პრესის ყურადღება მიეპყრო. საზოგადოებაში უკვე ბატონობდა აზრი, რომ დიდი კომიკოსი მცირეწლოვან გოგონებს ეტანებოდა. ლოლიტასგან ჩარლის ორი შვილი გაუჩნდა.
გავიდა ხანი და ლოლიტას ადგილი სცენაზეც და ჩაპლინის გულშიც 24 წლის ჯორჯია ჰეილმა დაიკავა. ჩარლი ჩაპლინი გაოცებული იყო - სანამ ცოლს არ გაშორდა, ჯორჯიამ ახლოსაც არ გაიკარა. მსახიობი, რომელიც ქალებისაგან წინააღმდეგობას შეჩვეული არ გახლდათ, კიდევ ერთხელ გაეყარა ცოლს და ამჯერად თავისი ბედი ჯორჯია ჰეილს დაუკავშირა.
ჯორჯიას მოჰყვა პოლეტ გოდარი, რომელთანაც ჩარლი ჩაპლინმა 8 წელი გაატარა. პოლეტი საოცრად მშვიდი და წყნარი ბუნებისა იყო, ჩარლი კი დაუდგრომელი. ისინი შესანიშნავად ავსებდნენ ერთმანეთს, მაგრამ ეს არ იყო ყველაზე დიდი და ნამდვილი სიყვარული, რომელთანაც ჩარლი მთელ დარჩენილ ცხოვრებას გაატარებდა.
1943 წელს ჩაპლინის ცხოვრებაში ნამდვილი გარდატეხა მოხდა - მან ცნობილი დრამატურგის, იუჯინ ო, ნილის 17 წლის ქალიშვილი გაიცნო. უნა ო, ნილმა ერთბაშად მოხიბლა ჩარლი ჩაპლინი, რომელსაც ცოტა არ იყოს აფრთხობდა მათ შორის ასაკობრივი სხვაობა - 36 წელი.
უნამ თავი დაანება სამსახიობო კარიერას და ერთგულ, მოსიყვარულე ცოლად იქცა. ჩარლი ჩაპლინიც დამშვიდდა, ყოველ შემთხვევაში გარეგნულად მაინც. ისინი შვეიცარიაში, ქალაქ ევეში დასახლდნენ და წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთად. ჩაპლინი 72 წლისა იყო, როცა უნამ კიდევ ერთი შვილი აჩუქა.
დიდმა კომიკოსმა მართალია, ბობოქარი ცხოვრება განვლო, მაგრამ სიცოცხლის ბოლო სამი ათეული წელი სრულ ოჯახურ იდილიაში გაატარა. ჩარლი ჩაპლინი 1977 წელს, ქალაქ ევეში გარდაიცვალა. ”მუნჯი კინოს საოცრება” - ასე უწოდეს მას თანამედროვეებმა, ამგგვარად იხსენიებენ მას დღესაც - 21-ე საუკუნეში…
ხათუნა ჩიგოგიძე