შსს ინგა გრიგოლიას მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე დაკავებულ პირზე განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინგა გრიგოლიას მიმართ განხორციელებული მუქარისა და ადევნების ფაქტზე, 1970 წელს დაბადებული რ.ნ. დააკავა.
უწყების ცნობით, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია მუქარის შემცველი წერილები და სხვა სახის შეტყობინებები.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მიმართ განხორციელებული მუქარისა და ადევნების ფაქტზე, 1970 წელს დაბადებული რ.ნ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება მიმდინარე წლის 19 მაისს, ინგა გრიგოლიას მიერ სოციალურ ქსელში ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, ამავე ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო.
ოპერატიულად ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, გამოიკითხნენ თავად ინგა გრიგოლია და სხვა მოწმეები. ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა მუქარის შემცველი წერილები და სხვა სახის შეტყობინებები.
გამოძიებამ დაადგინა, რომ რ.ნ. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ინგა გრიგოლიას ტელეფონით, ელექტრონული და სხვა საშუალებებით მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნიდა.
გამოძიება მუქარისა და ადევნების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 151-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ასევე: "ან მოგზავნილია, ან მანიაკი... არ მინდა, ვინმემ სადარბაზოში მომახრჩოს!" - ვინ და რატომ სდევნის ინგა გრიგოლიას?