"თუ მე "ამკიდებს" პასუხისმგებლობას, კლუბში რატომ შეიპარა ნარკოტიკი, მაშინ პასუხისმგებლობას "ავკიდებ" შს მინისტრს"
თუ მე "ამკიდებს" პასუხისმგებლობას, კლუბში რატომ შეიპარა ნარკოტიკი, მაშინ მეც იგივე პასუხისმგებლობას "ავკიდებ" შს მინისტრს - რატომ იპარება ნარკოტიკი საზღვრებზე, - ამის შესახებ კლუბ "ბასიანის" დამფუძნებელმა ზვიად გელბახიანმა პოლიციის მთავარ სამმართველოში დაკითხვის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, კითხვები შეეხებოდა ნარკოტიების რეალიზაციას, რაზეც უპასუხა, რომ მენეჯმენტის მხრიდან ეს შემჩნეული არ იყო, ხოლო დაცვის წევრები ყოველთვის ცდილობენ, გამოვლენის შემთხვევაში მსგავსი შესაძლო ფაქტები აღკვეთონ.
"ნარკოტიკები საზღვარზე შემოდის, იმედი მაქვს, აქ არ მზადდება და მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა გადადგეს ამის გამო... მაშინ დღესვე მოუწევს გახარიას განცხადების დაწერა და გადადგომა, თუ მე "ამკიდებს" პასუხისმგებლობას, კლუბში რატომ შეიპარა ნარკოტიკიო. მაშინ მეც იგივე პასუხისმგებლობას "ავკიდებ" - რატომ იპარება საზღვრებზე ნარკოტიკი, ეს პირდაპირ შს მინისტრის კომპეტენციაა", - განაცხადა გელბახიანმა.
მისივე თქმით, სამართალდამცველებისგან ამ დრომდე ვერ მიიღო კონკრეტული პასუხი კითხვაზე, როდის გაიხსნება "ბასიანი".
"კაფე გალერი" არის გახსნილი, "ბასიანი" კვლავ დახურულია. ეს ღიმილისმომგვრელია ჩემთვის. თუ "ბასიანის" გახსნა კიდევ გადაიდო, მე გამიმყარდება ეჭვი, რომ ამ ყველაფერს აქვს პოლიტიკური სარჩული, რადგან "ბასიანი" და "თეთრი ხმაური" ერთობლივი ძალებით იბრძვიან სისტემის გადაცდომის წინააღმდეგ", - განაცხადა გელბახიანმა.