სოფიკო შევარდნაძე: "მოსკოვი ჩემი სახლია, ამ ქალაქში ყველა ოცნება სრულდება..." - კვირის პალიტრა

სოფიკო შევარდნაძე: "მოსკოვი ჩემი სახლია, ამ ქალაქში ყველა ოცნება სრულდება..."

ოთხი წლის იყო სოფო, როცა მამამისი, პაატა შევარდნაძე, დამწყები დიპლომატი მოსკოვში გადაიყვანეს სამუშაოდ. ბაბუა  – ედუარდ შევარდნაძე მაშინ საქართველოს კომპარტიის პირველი მდივანი იყო, ამიტომ გოგონა პოლიტბიუროს წევრთა შვილების საბავშვო ბაღში გაამწესეს. იქ კი ნომერი პირველი ბავშვი სსრკ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის შვილთაშვილი იურა ბრეჟნევი გახლდათ.

ცხადია, აღმზრდელები ყურადღებას არავის აკლებდნენ, მაგრამ განსაკუთრებით იურას მფარველობდნენ – ჯერ ერთი, #1 აღსაზრდელი იყო და მეორეც... ლაპარაკი არ იცოდა. სოფიკო კი გაუჩერებდად ჭიკჭიკებდა. ამან, ეტყობა, ბიჭი მოხიბლა.

"სულ ჩემთან თამაში უნდოდა, მაგრამ როცა რამეს ვეკითხებოდი, არ მპასუხობდა, ვბრაზდებოდი და ვუტყაპუნებდი. წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავარდებოდნენ აღმზრდელები... ხელის გულზე დასმულ ბიჭს ერთი მატრაკვეცა გოგო თითქმის ყოველდღე ლაზათიანად უბაგუნებდა. მახსოვს, ჩემი მშობლები დაიბარეს, იმათ კი მე დამტუქსეს – ბიჭს როგორ სცემ, არა გრცხვენიაო?! მაგრამ არაფერმა გაჭრა... ვერაფერი გააწყვეს და ბაღიდან გამომისტუმრეს. მალე თბილისში დავბრუნდით", – იგონებს სოფო.

რამდენიმე ხნის შემდეგ ბრეჟნევის ერთ-ერთი ნათესავი თბილისში შევარდნაძეებს ესტუმრა. მან არაფერი იცოდა სოფოსა და იურას კინკლაობისა. სიტყვას მოაყოლა, – იუროჩკამ ლაპარაკი დაიწყო. მისი პირველი სიტყვები იყო – "სოფიკო სად არისო"...

როცა ედუარდ შევარდნაძე სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნეს, მისი საყვარელი შვილიშვილი სოფიკო უკვე მოსწავლე იყო და არდადეგებზე ბებია-ბაბუასთან ჩადიოდა მოსკოვში და ზაფხულს სამთავრობო აგარაკზე ატარებდა.

KvirisPalitra.Geმის გარდა ბავშვი იქ არ იყო, ამიტომ ბებია გახლდათ მისი ერთადერთი მეგობარიცა და კერპიც. გოგონა აღმერთებდა ნანული ბებიას, აღფრთოვანებული იყო მისი მანერებით, გემოვნებით, კეთილშობილებით. ნანული შევარდნაძეს ლამაზად ჩაცმა უყვარდა, მოდის მიმდევარი იყო. ხანდახან მეუღლეს დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ დაიყოლიებდა და შვილიშვილი სამთავრობო მიღებებზე მიჰყავდა. შინ დაბრუნებული ბებია და შვილიშვილი შუაღამემდე განიხილავდნენ – ვის როგორი და რა ფირმის ეცვა...

სოფო 11 წლის იყო, როცა მამამისი დიპლომატიურ სამუშაოზე პარიზში გაგზავნეს. გოგონასთვის ეს ნამდვილი ტრაგედია იყო. "იქ ჩემთვის ყველაფერი უცხო იყო, არც ენა ვიცოდი. მზით გაჩახჩახებული თბილისი მენატრებოდა და, რაც მთავარია, ხალხი. საქართველოში ყველა მეფერებოდა, ყველას ვუყვარდი. დაბადების დღეებზე მთელ კლასს ვეპატიჟებოდი, თავს მეგობრები მეხვია, აქ კი უცხო პლანეტელივით მიყურებდნენ. ყველაფერი სხვანაირი იყო, ჩაცმულობაც კი. თუ თბილისში აბრეშუმის კაბები და ლაქის ფეხსაცმელები იყო მოდაში, პარიზში გოგონები გახეხილი, მოტკეცილი ჯინსებით დადიოდნენ. უფროსკლასელები შესვენებაზე ბიჭებთან კოცნაობდნენ და სექსზე ლაპარაკობდნენ. ჩემთვის, ქართველი გოგონასთვის, ასეთი თავისუფლება უცხო, მიუღებელი იყო და ძალიან მიჭირდა შეგუება.

ხშირად ვტიროდი, მშობლებს ვეხვეწებოდი, – თბილისში დამაბრუნეთ-მეთქი, მაგრამ ამაოდ. თბილისში ბალეტზე დავდიოდი, გაგიჟებით მიყვარდა ცეკვა, აქ კი მამამ მითხრა, – ბალეტი შენი მზარდი ორგანიზმისთვის საზიანო არისო, როიალი მიყიდა და მუსიკის სწავლა მაიძულა. მუსიკის გაკვეთილები ჭირივით მეჯავრებოდა.

ისე არ მინდოდა მეცადინეობა, რომ როიალის სახურავს კბილებით ჩავაფრინდებოდი ხოლმე (მშობლები ახლაც ინახავენ, როგორც რარიტეტს). თუმცა პედაგოგები მაქებდნენ, კონსერვატორიაშიც კი ჩავაბარე. მაგრამ დამთავრებამდე ერთი თვით ადრე მივანებე სწავლას თავი".

პარიზულ პერიოდში სოფიკოსთვის ერთადერთი სიხარული არდადეგებზე სამშობლოში ჩასვლა იყო, სადაც, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბაბუამისი პრეზიდენტი გახლდათ. სოფოს იმდენად არ უნდოდა პარიზში დაბრუნება, რომ ერთხელ პასპორტიც კი დაწვა...

ამასობაში საქართველოში მდგომარეობა გართულდა. ხშირად სამთავრობო აგარაკზეც არ იყო შუქი და გათბობა. მაგრამ სოფიკოს ეს არ აღელვებდა, რომანტიკულადაც კი ეჩვენებოდა სინათლის შუქზე საღამოების გატარება. ერთადერთი – უსაფრთხოებისთვის ბაბუის მიერ მიჩენილი მცველები აღიზიანებდა.

KvirisPalitra.Geიმ დღეს, როცა ედუარდ შევარდნაძეს თავს დაესხნენ და მანქანა აუფეთქეს, სოფო არხეინად სეირნობდა მეგობრებთან ერთად ქალაქში, უცებ მცველები ეცნენ, მანქანაში შეტენეს და აგარაკზე გააქანეს. ძალიან გაბრაზდა, მაგრამ როცა შეიტყო, რა საშინელებაც დატრიალდა და ტელევიზორში თავისი საყვარელი ბაბუის დაკაწრული სახე დაინახა, მიხვდა, მის სამშობლოში რაღაც სერიოზული ხდებოდა.

პარიზი სკოლის დამთავრებისთანავე დატოვა. ბუნებით დამოუკიდებელ გოგონას ერთი სული ჰქონდა, მშობლების მზრუნველობისთვის თავი დაეღწია. სწავლის გაგრძელება ამერიკაში გადაწყვიტა. სოფო ყოველთვის კარგად სწავლობდა, ამიტომ ბოსტონის უნივერსიტეტში კინოსა და ტელევიზიის განყოფილებაზე ჩარიცხვა არ გასჭირვებია. და... მომავალი რეჟისორი სტუდენტური თავისუფალი ცხოვრების დინებას შეუერთდა.

"მეგობარ გოგონებთან ერთად ბინა მქონდა დაქირავებული. ერთხელ გოგოებს ათას დოლარზე სანაძლეო დავუდე, ერთი თვე ყოველ საღამოს დისკოთეკებზე ვივლი და ამასთან ერთად, უნივერსიტეტში არც ერთ ლექციას არ გავაცდენ-მეთქი. არ დამიჯერეს. მაგრამ მე ხომ სიტყვის ქალი ვარ და რასაკვირველია, მოვიგე. თუმცა მას შემდეგ დისკოთეკაზე ძალითაც ვერავინ ვეღარ შემიყვანს", – სიამოვნებით იგონებს სოფო სტუდენტურ წლებს.

ერთ-ერთი მხიარული სტუდენტური თავშეყრის დროს სოფომ შავგვრემანი, დიდთვალება, საოცრად მომხიბვლელი ყმაწვილი გაიცნო და გულმაც დარეკა. ბაშირი თურქეთიდან იყო ჩამოსული და იმავე უნივერსიტეტში ეკონომიკურ ფაკულტეტზე სწავლობდა. როგორც აღმოჩნდა ბიჭსაც მაშინვე თვალი დაუდგამს სოფოსთვის. მოკლედ, ერთი ნახვით შეყვარებისა თუ არ გჯეროდათ, დაიჯერეთ...

ახალგაზრდები ყველაფრით შეეფერებოდნენ ერთმანეთს. უპრობლემო, ლამაზი და რომანტიკული რომანი სამ წელს გრძელდებოდა. სოფიკოსთვის ეს იყო პირველი სერიოზული ურთიერთობა, სავსე სიურპრიზებითა და საჩუქრებით, ერთად დასვენებითა და მოგზაურობით. მაგრამ... ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობის შემდეგ, სოფო საქართველოში გაემგზავრა, იქიდან დაბრუნებულმა კი ბაშირს განუცხადა, – უნდა დავშორდეთ ერთმანეთსო. ყმაწვილს თავზარი დაეცა... მაგრამ ვეღარაფერს შეცვლიდა, საყვარელ ქალს ვეღარ დაიბრუნებდა, რადგან... სამშობლოში სოფიკო შეხვდა მამაკაცს, რომელმაც...

თბილისში სოფომ, ბოსტონის უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტმა, თავისი პროფესიული ძალების მოსინჯვა განიზრახა და ბაბუაზე – ედუარდ შევარდნაძეზე დოკუმენტური ფილმის გადაღება გადაწყვიტა. დებიუტანტის შეფობა ახალგაზრდა, მაგრამ იმედისმომცემ რეჟისორს დააკისრეს. ფილმზე მუშაობამ ისე გაიტაცა სოფო, რომ ერთხელაც არ გახსენებია ბაშარი. მისი გული და გონება მხოლოდ ახალ ნაცნობს დასტრიალებდა.

"ჩემი ცხოვრების წესი, შეძლებული ოჯახის შვილობა, ჩემი ამერიკელი მეგობრები მის გვერდით ყალბი და გამოგონილი ჩანდა! ის კი ნამდვილი, მიზანსწარფული, ჭკვიანი და ნიჭიერი იყო. მე ის შემიყვარდა. მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ძალზე სერიოზული იყო", – იხსენებს სოფიკო.

ჭაბუკი თავიდან არაფერს იმჩნევდა, ალბათ, გოგონას მხოლოდ პრეზიდენტის ნებიერ შვილიშვილად მიიჩნევდა, რომლისთვისაც მიუღწეველი არავინ და არაფერი იყო. მაგრამ დროთა განმავლობაში სოფომ ამ სტერეოტიპის დამსხვრევა შესძლო და... ერთ მშვენიერ დღეს "შეფი" მიხვდა, რომ გოგონა კარგა ხანია ჰყვარებია. ახალგაზრდები დაინიშნენ, ქორწილის სამზადისსაც შეუდგნენ. მაგრამ...

"ჯვრისწერამდე ორი თვით ადრე მივხვდი, რომ ვცდებოდი, მასთან მთელი ცხოვრების გასატარებლად მზად არ ვიყავი. სიყვარული უეცრად სადღაც გაქრა: იქნებ ისეთი ძალით ვიბრძოდი ამ სიყვარულის მოსაპოვებლად, რომ გრძნობები მთლიანად ამ ბრძოლაზე დავხარჯე? ნიშნობა გავაუქმე... მას კი გული ძალიან ვატკინე. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენი შეხვედრა შემთხვევითი არ იყო. მან სამყარო სხვანაირად დამანახა. მე კი შთავუნერგე, რომ საჭიროა საქართველოს იქით გახედვა. მას მხოლოდ სამშობლოში უნდოდა ემუშავა, მაგრამ ჩემს გამო ამერიკაში წავიდა... და დღეს ის ნიუ-იორკში რეჟისორია. მის ფილმებს საერთაშორისო ფესტივალებზე აჩვენებენ. ჰყავს შესანიშნავი ცოლი და შვილი. ცოტა ხნის წინ მეგობრობა ვცადეთ, მაგრამ არ გამოგვივიდა... რატომ მოხდა ასე? – ალბათ იმიტომ, რომ ბაბუაჩემისა და მამაჩემის შემხედვარეს მიჭირს შესაფერისი მამაკაცის მოძებნა. ყველას მათ ვადარებ, ისინი კი იდეალურები არიან", – თითქოს თავს იმართლებს სოფო.

"ბაბუ სულ დაკავებული იყო, მაგრამ ბებია მუდამ მის ყურადღებას გრძნობდა. 53 წელი იცხოვრეს ერთად. ნანული რომ გარდაიცვალა, ბაბუმ სააგარაკო სახლის ეზოში მისი დაკრძალვის უფლება მოიპოვა. უნდოდა, ყოველდღე მეუღლის საფლავზე ევლო. მამაჩემიც ასეთივე ერთგულია. მახსოვს, ერთ საოჯახო ნადიმზე სტუმრად მინისტრები, პოლიტიკოსები გვყავდა. თამადამ თავისუფალი სადღეგრძელოები გამოაცხადა. ჯერი პრეზიდენტის ვაჟზეც მიდგა, მამა წამოდგა და – ჩემს მეუღლეს, ნინოს გაუმარჯოს, მე ის შვილებზე მეტად მიყვარსო. ცოტათი შეყოვნდა და დაუმატა – და სამშობლოზე მეტადო... წუთით სიჩუმე ჩამოვარდა. ყველა გაოგნდა, განსაკუთრებით დედაჩემი – ალეწილი იჯდა... მაგრამ რას იზამ... ასეთია მამაჩემი. ის ძალიან ჭკვიანი, ღრმა, ნებისყოფიანი და მოსიყვარულე ადამიანია. საზღვარგარეთ წარმატებული კარიერა გაიკეთა. პატივს ვცემ და ვამაყობ ჩემი მშობლებით, მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მშობლები ვერ გიგებენ"...

KvirisPalitra.Geექვსი წლის წინ, როცა სოფიკომ უეცრად საცხოვრებლად მოსკოვში გადასვლა გადაწყვიტა, პაატა შევარდნაძე შვილს ნახევარი წელი ხმას არ სცემდა. სოფომ ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ტელეჟურნალისტიკის ფაკულტეტიც დაამთავრა, ნიუ-იორკში ცხოვრობდა და საქართველოში მოსკოვური გადაცემა "ნამედნის" სპეციალური კორესპონდენტი იყო.

25 წლისაა, ცხოვრება წინ აქვს, მაგრამ გულს მაინც რაღაც უღრღნის – ჯერაც ვერ გაურკვევია, სად არის მისი სახლი: საქართველოში – უკვე აღარ... არც პარიზში, ამერიკა მოსწონს, მაგრამ აქ ფესვების გადგმა, შვილების ყოლა არ უნდა.

ალბათ დიდხანს გაუჭირდებოდა გადაწყვეტილების მიღება, რომ არა ერთი ამბავი – ენ-ტე-ვე-ზე გადაცემა "ნამედნი" დახურეს. სპეცკორესპონდენტ სოფო შევარდნაძეს ამ საკითხზე სიუჟეტის გაკეთება დაავალეს და სასწრაფოდ მიავლინეს მოსკოვში.

"ბოლოს როდის ვიყავი მოსკოვში, აღარ მახსოვდა. რუსული სიტყვებიც მავიწყდებოდა. რუსეთის დედაქალაქში დამხვდა ბინძური აეროპორტი, უხეში პერსონალი და ყინვა. მიუხედავად ამისა, გულმა ბაგაბუგი დაიწყო. მივხვდი, რომ შინ დავბრუნდი, რომ აქ იყო ჩემი სახლი".

სოფიკო პარიზში გაფრინდა და მშობლებს გამოუცხადა, – მოსკოვში გადავდივარ საცხოვრებლადო. შეეწინააღმდეგნენ, განსაკუკთრებით მამა... სოფოსთვის ახალი ცხოვრება იწყებოდა. პირველ ხანებში უახლოეს მეგობართან, ტუსია ჩოგოვაძესთან დაბინავდა. სამი თვე აკლიმატიზაციას დასჭირდა. მერე კი სამსახურის ძებნა დაიწყო.

"გადავწყვიტე ჩემი ახლო მეგობრის, ვასიკოს ბაბუისთვის, ზურაბ წერეთლისთვის მეთხოვა დახმარება: ბაბუმ მითხრა, თუ რამე გაგიჭირდა, ზურას მიაკითხეო. არადა, ედუარდ შევარდნაძემ არაფერი იცოდა. სამაგიეროდ, მალე "მოსფილმში" დავიწყე მუშაობა. დიდი არაფერი – მეორეხარისხოვანი ფილმის მეორე რეჟისორის თანაშემწე ვიყავი. ერთი ოთახიდან მეორეში რაღაც ქაღალდებს დავათრევდი ხელმოსაწერად.

KvirisPalitra.Geარადა, ამერიკის ორი უმაღლესი სასწავლებლის ორი დიპლომი მედო ჯიბეში, ხუთი ენა ვიცოდი და ტელევიზიებში მუშაობის დიდი გამოცდილება მქონდა. ხანდახან ვფიქრობდი, გუდა-ნაბადი ხომ არ ავიკრა და უკან ხომ არ გავქუსლო-მეთქი.

მაგრამ უეცრად ახალ ინგლისურენოვან სატელევიზიო არხზე "Russia Today"-ზე მიმიწვიეს და აი, უკვე ხუთი წელია იქ ვარ. ჯერ ახალი ამბები მიმყავდა, ახლა კვირაში სამჯერ ეთერში ჩემი საავტორო პროგრამა გადის, სადაც ინტერვიუს ვიღებ სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტთან, პოლიტიკოსებთან. ხშირად დაფრინავ მივლინებებში. მშობლებთანაც მოვაგვარე ურთიერთობა.

KvirisPalitra.Geთითქმის ყველა ჩემს გადაცემას უყურებენ, განსაკუთრებით დედა მირეკავს ხშირად. ხანდახან მაკრიტიკებს კიდეც; როცა სატელევიზიო შოუში "ცეკვები ვარსკვლავებთა" მიმიწვიეს, სიხარულით ცას ვეწიე. ასეთი ბედნიერი მხოლოდ ბავშვობაში ვიყავი. გადაცემა რომ დამთავრდა, ავქვითინდი. პროფესიონალ მოცეკვავეებს ძალიან დავუმეგობრდი – მე ხომ ბავშვობაში ცეკვა ძალიან მიყვარდა", – იხსენებს სოფო.

ბოლოს და ბოლოს, მშობლები დარწმუნდნენ, რომ სოფიკო მოსკოვში კარგა ხანი აპირებდა ცხოვრებას და ბინის შეძენაშიც დაეხმარნენ. მართალია, დედ-მამა ურჩევდა, სადმე ელიტურ ახალაშენებულ სახლში ეყიდა ბინა, მაგრამ სოფოს მოსკოვის ძველ უბანში, "პატრიარშიე პრუდიზე", ძველ სახლში ცხოვრება უნდოდა.

აისრულა კიდეც ნატვრა – 1914 წელს აშენებულ სახლში იყიდა ბინა. რემონტი ბავშვობის მეგობარმა, დიზაინერმა გია შაუშბამ გაუკეთა. სოფო ამბობს, – ეს ბინა მე მგავსო.

ოდესღაც სოფო შევარდნაძე პარიზს გაექცა, მიატოვა ნიუ-იორკი, რადგან არც ერთ ამ ქალაქში მომავალს ვერ ხედავდა. ამბობს, რომ მოსკოვს ამ ექვსი წლის განმავლობაში მისი იმედი არ გაუქარწყლებია. სწორედ აქ უნდა ცხოვრება, ოჯახის შექმნა და შვილების გაზრდა. ღიმილით ამბობს: – ამ ქალაქში ყველა ჩემი ოცნება სრულდება, ვგრძნობ, რომ ეს ოცნებებიც ამისრულდება...

მოამზადა თინათინ მარგველაშვილმა

ჟურნალი ”7 დნეი”