ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)" ბოლო ზეპირი მოსმენა დასრულდა - კვირის პალიტრა

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)" ბოლო ზეპირი მოსმენა დასრულდა

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)" ბოლო ზეპირი მოსმენა დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ავრცელებს.

17 მოსამართლისგან შემდგარ დიდ პალატას თავდაპირველად საქართველოს სახელმწიფოს ადვოკატმა ბენ ემერსონმა, შემდეგ მოპასუხეებმა - რუსეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ და ადვოკატმა მიმართეს. სხდომის შემდეგ ქართულ მედიასთან კომენტარი გააკეთა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ.

"ეს იყო უკომპრომისო, მაგრამ სამართლიანობისათვის და სამართლისათვის ბრძოლა. ამ საქმეს ექნება მნიშვნელობა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ევროპის ფარგლებში სხვა კონფლიქტებისთვის - უკრაინასა და მოლდოვაში. რუსული მხარისგან არგუმენტების ნაცვლად ჩვენ მოვისმინეთ გაშარჟებულ-გაყალბებული ნარატივი ისტორიის შესახებ და ერთადერთი პასუხი, რომ რაც საქართველომ წარმოადგინა, არის სიყალბე, შეთქმულება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციას დღეს არგუმენტი საერთოდ არ ჰქონდა", - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ.

საქართველოს სახელმწიფოს ადვოკატი ბენ ემერსონი აცხადებს, რომ რუსეთი ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციიდან გამოსვლითა და სასამართლოს დაფინანსების შეწყვეტით იმუქრება, თუ სასამართლოს გადაწყვეტილება მის წინააღმდეგ იქნება. ამის შესახებ ბენ ემერსონმა ბრიტანულ გამოცემა The Guardian-თან საუბარში განაცხადა.

"საიდუმლო არ არის ის, რომ რუსეთი საჯაროდ და დახურულ ფორმატში ლობირებს იმას, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება მოსკოვის სასარგებლოდ მიიღოს. რუსეთი ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციიდან გასვლით და სასამართლოს დაფინანსების შეწყვეტით იმუქრება, თუ სასამართლო მის წინააღმდეგ გადაწყვეტილებას მიიღებს", - განაცხადა ბენ ემერსონმა.

საქართველოს ინტერესების დამცველმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიებზე კონტროლის დამყარება გეგმის ნაწილი იყო, რომლის მიზანი რაც შეიძლება მეტი ტერიტორიების ოკუპირება იყო.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)" ზეპირი მოსმენა გაიმართა. სხდომის შემდეგ სასამართლო სათათბიროდ გავა, გადაწყვეტილება კი სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში გამოცხადდება.

"ინტერპრესნიუსი"