"პირველად ივანიშვილი საკუთარი ხუშტურების ასასრულებლად მოვიდა ხელისუფლებაში, ახლა შვილების "კაპრიზების" ასრულება დაიწყო" - კვირის პალიტრა

"პირველად ივანიშვილი საკუთარი ხუშტურების ასასრულებლად მოვიდა ხელისუფლებაში, ახლა შვილების "კაპრიზების" ასრულება დაიწყო"

"კრემლი ცდილობს, ჩვენი ქვეყანა ტრადიციულ გზას ააცდინოს, ქვეყანაში ნარკოტიკების ლეგალიზება მოახდინოს და ბარიგები გმირებად შერაცხოს"

"ქართულ ოცნებაში რეფორმების ახალი ტალღა იწყება" - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც მმართველი პარტიის ახალ თავმჯდომარედ, პოლიტიკაში მეორედ მოსული ბიძინა ივანიშვილი დაამტკიცეს. მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ივანიშვილის ხელახალი არჩევის მიზანი "ქართული ოცნების" რეფორმირება და გაძლიერებაა, ოპონენტები კი ირწმუნებიან, რომ "ქართული ოცნების" არაფორმალური მმართველი კომფორტის ზონიდან გამოვიდა და "მეორედ მოსვლით" პარტიასა და ქვეყანაში არსებული სერიოზული კრიზისი აღიარა. საინტერესოა, რას ფიქრობენ ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების წარმომადგენლები და რას ელიან ისინი ბიძინა ივანიშვილის მეორედ მოსვლის შემდეგ.

თეა კახიძე, პედაგოგი:

- რას უნდა ველოდო მისგან? ქვეყანაში რა აღარ მოხდა, რა პრობლემის წინაშე არ დავდექით, ბოლოს და ბოლოს, შიმშილის ზღვარზე დავდექით და ივანიშვილი კულისებიდან არ გამოსულა. მხოლოდ მაშინ შეიწუხა თავი, როდესაც მის გუნდში განხეთქილება დაიწყო და მის მმართველობას საფრთხე დაემუქრა. აი, ნახავთ, პოზიციებს გაიმაგრებს და ისევ თავის შუშის სასახლეს დაუბრუნდება.

მაკა ბოსტოღანაშვილი, კინოლოგი:

- იმედი გამიჩნდა, რომ ქვეყანაში არსებულ უსამართლობას ბოლო მოეღება. დარწმუნებული ვარ, ივანიშვილს თავადაც არ მოსწონდა ის, რაც ბოლო დროს ქვეყანაში ხდებოდა. ბევრმა თანამოაზრემ იმედი გაუცრუა. მე დღეს ბევრი სიახლისა და სიკეთის მოლოდინში ვარ.

თამაზ მეჭიაური, პოლიტიკოსი:

- ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შედეგი იქნება ის, რომ ბოლო მოეღება პარტიაში არსებულ დაქსაქსულობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მმართველ გუნდში არსებული არეულობა ქვეყანაში მრავალ პრობლემას შექმნის. ვფიქრობ, ივანიშვილის გარეშე მმართველი გუნდი ვერც "ბასიანთან" დაკავშირებულ პრობლემას გაართმევდა თავს.

ზოგიერთები ამბობენ, ხელისუფლებამ სპექტაკლი დადგაო. ამ მოვლენებთან დაკავშირებით სპექტაკლი თუ მართლა დაიდგა, მისი სცენარი მოსკოვში იქნება დაწერილი.

- მოსკოვში?

- დიახ, კრემლი ცდილობს, ჩვენი ქვეყანა ტრადიციულ გზას ააცდინოს, ქვეყანაში ნარკოტიკების ლეგალიზება მოახდინოს და ბარიგები გმირებად შერაცხოს. ამაზე მუშაობენ რუსები და თუ ამას ჩვენი ხელისუფლება არ მიხედავს, სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით. ნარკორეალიზატორებისა და ჰომოსექსუალისტების თავგასულობა კიდევ უფრო რადიკალურ ძალას გამოიყვანს ქუჩაში. ეს კი ვფიქრობ, ძალიან საშიშია. გაგრძელება