მათი მისამართია: გემი "ლამაზია"
გემზე მზის ჩასვლა არასდროს არის ერთნაირი. წყნარი ოკეანე საღამოობით ირინდება და სარკესავით ირეკლავს ჩამავალი მზის ფერებს... მე და რალფი ვამბობთ, რომ ყველაზე დიდი და ლამაზი ეზო ჩვენ გვაქვს. განა რამე შეედრება ოკეანის სილამაზეს?
ირმა სვანაძემ პარიზის კონსერვატორია დაამთავრა და სწავლა ბრიუსელსა და აშშ-ში, პიანისტ ლექსო თორაძესთან განაგრძო. ოჯახიც ამერიკაში შექმნა. ეს 9 წლის წინ მოხდა. ახალდაქორწინებულებს მოგზაურობა იმთავითვე უყვარდათ, გასული წლის ოქტომბრიდან კი ქალაქის ხმაურიანი ყოველდღიურობით დაღლილი ირმა მეუღლესთან, 8 წლის ქალიშვილ ანაბელსა და ორ ძაღლთან ერთად გემ "ლამაზიაზე" დასახლდა. ირმასთან საუბარი ქართველების ამერიკელი სიძის გაცნობით დავიწყეთ.
- რალფი ტეხასელია. 14 წლის იყო, როცა დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო... დაქორწინება ლას-ვეგასში ყოფნისას გადავწყვიტეთ და სან-ფრანცისკოში დავსახლდით, თუმცა მივხვდით, რომ იქ ცხოვრებას დიდი ფინანსები სჭირდებოდა და გვერჩივნა, ეს თანხა მოგზაურობაში დაგვეხარჯა... გემზე ცხოვრება 2017 წლის გაზაფხულზე გადავწყვიტეთ... ერთ თვეში გემი არჩეული გვქონდა. "ლამაზია" დავარქვით და ჩვენს სახლად დავარეგისტრირეთ. ოჯახში სამნი ვართ: მე, რალფი და ანაბელი, კიდევ ორი ძაღლი - მამბო და ნალა."ნალა "ხაშურსკი" საქართველოდან არის. რამდენიმე კვირის იყო, ხაშურში, შუა გზაზე დაგდებული რომ ვიპოვეთ. ასე აღმოჩნდა "ხაშურსკი" ჯერ ამერიკაში, მერე - "ლამაზიაზე"."
- როგორია "ლამაზიაზე" ცხოვრება? - გემზე მზის ჩასვლა არასდროს არის ერთნაირი. წყნარი ოკეანე საღამოობით ირინდება და სარკესავით ირეკლავს ჩამავალი მზის ფერებს... მე და რალფი ვამბობთ, რომ ყველაზე დიდი და ლამაზი ეზო ჩვენ გვაქვს. განა რამე შეედრება ოკეანის სილამაზეს? გემზე ცხოვრებას ბევრი გამოწვევა ახლავს. ყოველდღიურად რაღაც ფუჭდება, ძრავებს, იალქნებსა თუ სხვა მოწყობილობებს შემოწმება და შეკეთება სჭირდება. აქ ყველაფერი ლიმიტირებულია: შუქს მზის პანელებით გამოვიმუშავებთ, თუმცა ბევრს - ვერა და ამიტომ მის ფუჭად დახარჯვას ვერიდებით. ინტერნეტი ლიმიტირებულია და ხშირად არ მუშაობს, ტელევიზორი არ არსებობს, მაგრამ არც მანამდე გვქონია, ამიტომ არ განვიცდით. სასმელი წყალი ოკეანის წყლიდან გამოგვყავს რალფის გაკეთებული სპეციალური დანადგარის მეშვეობით. რა თქმა უნდა, ძაღლების სასეირნოდ გაყვანა არ არის ადვილი. თუ ღუზა გვაქვს ჩაშვებული, ნაპირზე გადასასვლელად პატარა კატერი გვჭირდება, ეს კი პატარა ანაბელისა და ჩემთვის ძნელია, რადგან კატერი მძიმეა და ჩქარი, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო. ამ ყველაფერს ერთვის ქარი, ძლიერი ღელვა და სხვა... ჩვენი გემი დიდია - ოთხი კაბინა (საძინებელი) და ერთი საერთო ოთახი გვაქვს, სადაც სამზარეულოც არის. ტანსაცმელი ყუთებში გვაქვს, რომ სინესტემ არ დააზიანოს. ყოველკვირა ვანიავებ. ყველაფრის მიუხედავად, გემზე ცხოვრება უაღრესად საინტერესოა. პრობლემაა ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში კვალიფიციური სამედიცინო დახმარებაც, ამიტომ რალფმა გადაწყვიტა, ინტენსიური თერაპიის კურსები გაიაროს, რომ საჭიროების შემთხვევაში უცნობ ექიმებზე არ ვიყოთ დამოკიდებული.
- რა გეგმები გაქვთ? - 2018 წელს მექსიკაში წასვლა გადავწყვიტეთ. "ლამაზია" დღესაც მექსიკაში - ქალაქ ენსენადაშია. მექსიკა ძალიან დიდი ქვეყანაა, უდიდესი ისტორიით. უამრავი კუნძულია სანახავი. კორტეზის ზღვაშიც გვინდა რამდენიმე თვე დავყოთ. გარდა ამისა, ვგეგმავთ რამდენიმე კვირით ხმელეთზე უძველესი ცივილიზაციების კერების მონახულებას, 2019 წლიდან კი უნდა გადავწყვიტოთ: დავიწყოთ სამხრეთ ამერიკისაკენ მსვლელობა და ოცნების ასრულება, თუ დედამიწას შემოვუაროთ. ალბათ, 2019 წელს შევაფასებთ ჩვენს ცოდნას, გამოცდილებას და გადაწყვეტილებასაც ამის შესაბამისად მივიღებთ.
- საქართველოში ნამყოფია რალფი? - 2011 წელს გადავწყვიტეთ საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსვლა, რათა ანაბელი გასცნობოდა ქართულ კულტურასა და ადათ-წესებს. მინდოდა, ბებია-ბაბუსთან გაეტარებინა დრო და ნათესავებიც გაეცნო. საქართველოში სამი წელი ვიცხოვრეთ, რალფმა ცოტა ქართულიც ისწავლა.
- ანაბელს განათლების მიღებაში როგორ ეხმარებით?
- ყველაზე დიდი გამოწვევა ანაბელის განათლებასთან იყო დაკავშირებული. მთელი ზაფხული ვიკვლევდი, უამრავ კრუიზერ ოჯახს დავუკავშირდი, რათა გამეგო, ამ პრობლემას როგორ აგვარებენ. მალე კარგი პროგრამა ვიპოვე - სტენფორდის უნივერსიტეტის შემუშავებული სკოლა განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისათვის. ინტერნეტის პრობლემა გვაქვს, თუმცა მაინც ვახერხებთ ამ სკოლის პროგრამის გავლას მათემატიკასა და ინგლისურ ენა/ლიტერატურაში. ანაბელს კითხვა ძალიან უყვარს, სწავლობს ფიზიკას, ქიმიას - ყველაფერს რალფი უხსნის, ისტორიას, ანატომიას, ბიოლოგიას, ზოოლოგიას კი მე ვასწავლი. გვაქვს უამრავი წიგნი, აპლიკაცია, რომელთა მეშვეობითაც ერთად ვმეცადინეობთ - ეს ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა. ისტორიას პროგრამის მიხედვით არ ვსწავლობთ - სადაც ვართ, იმ ქვეყნის ისტორიას ვსწავლობთ. ანაბელი სწავლობს ქართულ და რუსულ ენებსაც. ჰყავს შესანიშნავი პედაგოგები ქუთაისიდან, რომლებიც სკაიპით ამეცადინებენ. როდესაც რომელიმე ქალაქსა თუ ქვეყანაში ერთ თვეზე მეტხანს ვრჩებით, ვცდილობთ, იქაურ სკოლაში მივიყვანოთ, რათა შეისწავლოს ენა, გაიჩინოს მეგობრები და გაეცნოს მათ კულტურას. ახლა მექსიკის ქალაქ ენსენადაშია სკოლაში, სწავლობს ესპანურ ენას და ჰყავს უამრავი მეგობარი. რაც შეეხება მის სოციალიზაციას, გაგვიმართლა, რომ ბუნებით ძალიან გულღია ბავშვია. სადაც უნდა წავიდეს, ყოველთვის იძენს მეგობრებს... ძალიან გვიყვარს იტალია და არასოდეს მოგვბეზრდება იქ მოგზაურობა. თუმცა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჩემზე ალასკამ მოახდინა - ენით აუწერელი სილამაზე, ველური ბუნება, ადამიანების დამოკიდებულება და პატივისცემა ბუნებისადმი... მიუხედავად უდიდესი საფრთხისა, გავრისკეთ და მთელი ოჯახი ჩრდილო პოლუსთან მივედით, სადაც არც გზაა, არც - ტელეფონი, ინტერნეტი, მაღაზია თუ ადამიანი მოწყვეტილი ვიყავით ყველაფერს და ამავე დროს - უზომოდ ბედნიერი. კარიბის კუნძულები ნამდვილი სამოთხეა. ულამაზესი ცისფერი და ლურჯი, გამჭვირვალე წყალი, ფანტასტიკური ამინდი...
- ოდესმე წარმოიდგენდით, რომ გემზე იცხოვრებდით? - გემზე ცხოვრება მართლაც წარმოუდგენელი იყო ჩემთვის, თუმც, სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ, რომ ძალიან მომწონს ცხოვრების ეს სტილი და ახლა, როდესაც სამსახურის გამო გემის გარეშე მიწევს მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყანაში, ძალიან მენატრება ჩვენი პატარა""ლამაზია".
ეკა სალაღაია