"მხოლოდ ის გვკითხა, ეს ბაქტერია იმიტომ ხომ არ შემხვდა, რომ რამე დავაშავეო" - ჩვენ შევძლებთ ბექას გადარჩენას
"ჩემმა ბავშვობის მეგობარმა ბორის ფელდმანმა ისეთი ადამიანობა მაჩვენა, თავი ხანდახან სიზმარში მგონია. არადა, 30 წლის წინ გავიცანი საბჭოთა მოსწავლეთა ბანაკ "არტეკში". მაშინ ორივე 14 წლის ვიყავით. ის კიშინიოველი ებრაელი იყო. ერთ თვეში იმდენად დავმეგობრდით, რომ 1991 წელს კიშინიოვში ჩასულმა მოვძებნე. მითხრეს, იგორი ისრაელში წავიდაო... "
განგება ვის რა განსაცდელს მოგვივლენს, არავინ იცის, ერთი რამ კი ცხადია, არაფერია იმაზე მწარე, რაც შვილის ტკივილს გადაწონის. თუმცა არსებობს სიკეთეც, რომელიც სწორედ მაშინ მოდის, როცა ყველაფერი დამთავრებული გვგონია. ამჯერად სიკეთემ 8 წლის ბექა ფიფია უნდა დააყენოს ფეხზე. ცოტა ხნის წინ საღ-სალამათ პატარას მძიმე დიაგნოზი - ლეიკემია დაუსვეს. ის ახლა ისრაელის კლინიკაში წევს და ვაჟკაცურად ებრძვის სენს. ბექას მამას, ბაკურ ფიფიას, კიდევ სამი შვილი ჰყავს. ამბობს, რომ ბექა შვილებს შორის ყველაზე ენერგიულია: "როგორც კი ვუთხარით, რომ ბოროტ ბაქტერიას უნდა ებრძოლოს, მხოლოდ ის გვკითხა, ეს ბაქტერია იმიტომ ხომ არ შემხვდა, რომ რამე დავაშავეო, მერე კი თითქოს სხვა ადამიანად იქცა, დიდი კაცივით იქცევა".
ბაკურ ფიფია: - ბექას ერთადერთი კონსტრუქციების აწყობა აწყნარებდა - გამომგონებლობაზე გიჟდება და ამისთვის სპეციალურ გაკვეთილებზეც კი დადიოდა. ისე სულ წინ და უკან დაქროდა და ბურთს თამაშობდა, ამიტომაც არ გამკვირვებია მის ფეხებზე სისხლჩაქცევები - სულ რომ ბურთი გეხეთქება, ცხადია, დაგილურჯდება კიდეც. მაგრამ მერე რომ დავაკვირდი და ჩირქი შევამჩნიე, მაშინვე ციციშვილის კლინიკაში წავიყვანე. ექიმმა მითხრა, საშიში არაფერია, ჩირქოვან ადგილს გავკვეთავთ, ამოვასუფთავებთ და გაგიშვებთ, თუმცა სისხლის ანალიზი მაინც გავუკეთოთო... ძალიან ცუდი პასუხები მივიღეთ - ჰემოფილიაც კი იეჭვეს, მაგრამ მერე თქვეს, ეს ლეიკემიაა და ბავშვი სასწრაფოდ იაშვილის კლინიკაში უნდა გადავიყვანოთო. რაც ჩვენ მაშინ განვიცადეთ, არავის ვუსურვებ - ეს ცხოვრების დამხობაა... სასწრაფო დახმარების მანქანას საათ-ნახევარი ველოდით. ამ ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ, წარმოიდგინეთ, თურმე არსებობს ისეთი რამ, რასაც ამ ჯოჯოხეთიდან ადამიანის გამოყვანა შეუძლია - ეს იმედია. პირველად იმედი ექიმებმა მომცეს, როცა ჩემი შვილის დიაგნოზი დაადგინეს. იაშვილის კლინიკაში მითხრეს, ბავშვს უმძიმესი ფორმის ლეიკემია აქვს, ასეთი ფორმა, ძირითადად, უფროსი ასაკის ხალხს ემართება, ასე რომ, თუ ქიმიოთერაპია ერთი დღით მაინც დავაგვიანეთ, შეიძლება ბავშვი დავკარგოთო. მეორედ იმედი კი უცნობმა გოგონამ გამიჩინა, დიტო ცინცაძის ლეიკემიით დაავადებულთა ფონდიდან. რომ დავრეკე, ვკითხე, ჩემს შვილს ლეიკემია აქვს და შესაძლოა ძვლის ტვინის გადანერგვა დასჭირდეს, რა გავაკეთო-მეთქი, ისე მანუგეშა, რომ რამდენიმე წუთში ზუსტად ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა შვილის გადასარჩენად. ეს სასწაულებრივი იმედი იყო. როცა ბექა და ჩემი მეუღლე ისრაელში ჩავიყვანე, იქიდან დაბრუნებული ამ გოგონას სანახავად მივედი, ვინ ხარ, დამენახე მაინც-მეთქი.
- ბექა ისრაელში წაიყვანეთ სამკურნალოდ? - დიახ. ამის ორგანიზება კი ისრაელში ჩემმა ბავშვობის მეგობარმა ბორის ფელდმანმა მოახერხა. მან ისეთი ადამიანობა მაჩვენა, თავი ხანდახან სიზმარში მგონია. არადა, 30 წლის წინ გავიცანი საბჭოთა მოსწავლეთა ბანაკ "არტეკში". მაშინ ორივე 14 წლის ვიყავით. ის კიშინიოველი ებრაელი იყო. ერთ თვეში იმდენად დავმეგობრდით, რომ 1991 წელს კიშინიოვში ჩასულმა მოვძებნე. მითხრეს, იგორი ისრაელში წავიდაო... რომ მეგონა, დავკარგე, ბოლო წლებში სოციალური ქსელით ვიპოვე. ბექაზე რომ მივწერე, მაშინვე მიპასუხა, ისრაელში უნდა ჩამოხვიდე აუცილებლად, აქ ღმერთთან ყველაზე ახლოს იქნებიო. ჩავედით თუ არა, ქრისტეს საფლავზე წაგვიყვანა მოსალოცად. ჩვენ სხვადასხვა რწმენის ვართ, მაგრამ მან ძალიან კარგად იცის, რომ რწმენას ადამიანის გადარჩენა შეუძლია. ამაში მაშინაც დავრწმუნდი, როცა ძალიან მალე ჩემს შვილს დაჩირქებული ფეხები ისე მოურჩა, გაკვეთა არც დასჭირვებია. ბოლოს ჩემმა მეგობარმა ბექას გადასარჩენად ახლობლების ოჯახებიც კი ფეხზე დააყენა და ლამის ბრიგადები ჩამოაყალიბა, რომ ჩემს შვილს შინ მომზადებული ბულიონი 60 კილომეტრიდან უზიდონ კლინიკაში. უარი არ გამივიდა, ასეა საჭიროო! აი ასე, მოულოდნელად და ტკივილთან ერთად შევიგრძენი ის, რისიც ხანდახან მეც არ მჯეროდა - სიკეთის ძალა.
- ყველას ეს ძალა გვშველის, ეს რომ არა, ადამიანი უკანასკნელ იმედსაც დაკარგავდა.
- მეც ასე მგონია. ჩემს შვილს 350.000 დოლარი მაინც სჭირდება, რომ გამოჯანმრთელდეს, და ეს ფული საიდან უნდა მომეტანა, ადამიანები რომ არ ამომდგომოდნენ მხარში?! ჯანმრთელობის სამინისტრომ მხოლოდ 5.000 დოლარი მოგვცა, - გვაპატიეთ, მაგრამ რეგულაციები შეგვეცვალა და მეტს ვერ მოგცემთ, ფონდებს ფული არ აქვთო. დიტო ცინცაძის ფონდს რაც მოეპოვებოდა, გადმოგვცა, მაგრამ ეს მხოლოდ მგზავრობის ფული იყო... გამგზავრების წინ ნაცნობებმა თუ უცნობებმა, ადამიანებმა, რომლებიც წლობით არ მენახა, ისე გამომიწოდეს დახმარების ხელი, მადლობის თქმაც ვერ მოვახერხე. ბექას დახმარების ანგარიში რომ გავავრცელეთ, ზოგიერთმა, მხოლოდ 2 ლარი რომ მოეპოვებოდა, ისიც კი ჩემს შვილს გამოუგზავნა და დალოცა, გაიზარდეო. ეს როგორ აღვწერო?! სიტყვები არ მეყოფა. ამ დროს ცრემლს ძლივს ვიკავებ... - იცით, რომ ბექას კლასელებმა უფროსების მანქანები გარეცხეს, ამაში ფული გამოართვეს და ბექას ჩაურიცხეს... თქვენი შვილები როგორ უძლებენ ამ სიტუაციას? - უძლებენ როგორღაც, მაგრამ გულში იხარშებიან. ჩემი უფროსი ბიჭი, ბაგრატი, ცუდად არ წერს. მითხრა, ნოველა უნდა დავბეჭდო, გავყიდო და ფულს ბექას გავუგზავნიო... ყველამ რაღაც უნდა მოვიფიქროთ. დედაჩემი აქამდე სულ ტიროდა, რომ ვუთხარი, ბავშვებს ამდენ ცრემლს ნუ ანახებ, არ შეიძლება-მეთქი, გაჩუმდა. მეც მირჩევნია, უფრო ჩუმად ვიყო, ვიდრე ვილაპარაკო. ერთადერთი, რაც არასდროს მტოვებს, ჩემი ბიჭის გადარჩენის იმედია. P.S. ეს იმედი ჩვენც არ გვტოვებს. ამიტომაც პატარის დახმარებას ყველას ვთხოვთ. გადავარჩინოთ პატარა ვაჟკაცი!
0 901 901 996 ზარის ღირებულება
- 1 ლარი!
ლარის ანგარიშის რეკვიზიტები:
სს თიბისი ბანკი, საბანკო კოდი - TBCBGE 22
მიმღების დასახელება - ბექას ფონდი
ანგარიშსწორების ანგარიში - GE96TB7060336080100007 ეთერ ერაძე