ნავთობკომპანიებმა კონკურენციის სააგენტოს 55:3 მოუგეს - სად გაქრა 52 მილიონი
"ნავთობკომპანიებმა კოლოსალური რესურსი ჩადეს, რათა სასამართლო დავები კონკურენციის სააგენტოს წინააღმდეგ მათ სასიკეთოდ შემობრუნებულიყო"
კონკურენციის სააგენტომ საავტომობილო საწვავის ბაზრის ხელახალი მოკვლევა დაასრულა და თავდაპირველი მოკვლევისგან განსხვავებით, ნავთობპროდუქტების იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანიები დაახლოებით 3 მილიონი ლარით დააჯარიმა. მაშინ, როცა 2015 წელს ჩატარებული მოკვლევის საფუძველზე, კონკურენციის სააგენტომ კომპანიები დაახლოებით 55 მილიონი ლარით დააჯარიმა. შთამბეჭდავი სხვაობა ბევრ კითხვას ბადებს, მით უფრო, რომ მაშინაც და ახლაც კონკურენციის სააგენტომ ნავთობკომპანიები "თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ" კანონის დამრღვევებად ცნო, თუმცა ჯარიმის ოდენობა დაახლოებით 18-ჯერ შეუმცირა.
ორი დასკვნა და 18-ჯერ შემცირებული ჯარიმა
2015 წელს, 8-თვიანი კვლევის შემდგომ, კონკურენციის სააგენტომ ნავთობპროდუქტების ბაზარზე მოქმედი კომპანიები 54.698.329 ლარით დააჯარიმა. სააგენტოს 1200-გვერდიანი დასკვნა 50 ტომისგან შედგებოდა. მაშინდელი კვლევის შედეგად, კონკურენციის სააგენტომ დაასკვნა, რომ 2008-2014 წლებში ავტოსაწვავის ბაზარზე კონკურენციის პრინციპები ირღვეოდა; იმპორტს ხელი ეშლებოდა ხელოვნური ბარიერებით, იზღუდებოდა წარმოება და მოქმედებდა შეთანხმებული ფასი. აქედან გამომდინარე, ბაზრის მთავარ მოთამაშეებს, მათ შორის "ვისოლს", "რომპეტროლს", "სოკარს", "ლუკოილს", "გალფსა" და მათთან დისტრიბუციით დაკავშირებულ აგენტებს სანქციები დაეკისრათ. დაჯარიმდნენ ფრენჩაიზინგის (ბრენდის მფლობელის ნებართვა კომპანიისთვის, ანაზღაურების სანაცვლოდ და შეთანხმებული პირობების დაცვით, ბრენდის მფლობელის სამარკო ნიშნით წარმართოს ბიზნესი; ე.წ. მზა ბიზნესის შეძენა) მიმღები მცირე კომპანიებიც. კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ყველაზე მაღალი ჯარიმა - 14.381.385 ლარი "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმს" დაეკისრა; "სან პეტროლიუმ ჯორჯია", რომელიც ბაზარზე "გალფის" ბრენდით ოპერირებს, 11.267.384 ლარით დაჯარიმდა, "რომპეტროლ საქართველო" - 10.845.806 ლარით, "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია" - 10.426.393 ლარით, "ლუკოილ-ჯორჯია" - 4.740.260 ლარით. კიდევ ორ ფირმას მილიონზე მეტი ლარი დაეკისრა და ერთსაც - 650 ათასზე მეტი. გარდა ამისა, სიმბოლური, 200-200 ლარით დაჯარიმდნენ წვრილი კომპანიები, რომლებიც მათთან თანამშრომლობდნენ. კარტელურ გარიგებაში ბრალდებულმა არც ერთმა კომპანიამ გარიგებაში მონაწილეობა არ აღიარა. მეტიც, მათ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს. არადა, მაშინდელი კონკურენციის სააგენტოს დასკვნაში შესული მასალების ნაწილი იმდენად მძიმე დანაშაულს ეხებოდა, არსებობდა მოლოდინი, რომ მასალების ნაწილი პროკურატურას, ნაწილი კი ფინანსური უწყების საგამოძიებო სამსახურის ინტერესის სფეროში მოექცეოდა. აღსანიშნავია, რომ იმას, რაზეც მაშინ კონკურენციის სააგენტო თავის დასკვნაში მიუთითებდა, ჟურნალისტები და დამოუკიდებელი ექსპერტები წლების განმავლობაში იკვლევდნენ. არსებობდა გონივრული და საფუძვლიანი ეჭვი, რომ ნავთობიმპორტიორები ზემოგებით მუშაობდნენ და შეთანხმებულ ფასს აწესებდნენ საწვავზე, რაც თითქმის ყველა პროდუქტსა და მომსახურებას აძვირებდა. ანალიტიკოსების თქმით, ყველა გონივრული ეჭვი დოკუმენტურად დადასტურდა და სააგენტოს დასკვნაში მოიყარა თავი. თუმცა სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სააგენტოს 2015 წლის გადაწყვეტილება ბათილად ცნო და უწყებას საქმის გარემოებების ხელახალი მოკვლევა და ანალიზი დაავალა. კონკურენციის სააგენტოს ამჯერად 4 თვე დასჭირდა იმის დასადგენად, რომ 5 ნავთობიმპორტიორი კომპანია არღვევდა "კონკურენციის შესახებ" კანონის ცალკეულ მუხლებს, აგრეთვე, არსებობდა დარღვევა ფრენჩაიზინგის/ქველიცენზიის ხელშეკრულებების შესაბამისად ფასების განსაზღვრის საკითხში. თუმცა ამ დასკვნით კომპანიებისთვის დაკისრებული ჯარიმა მნიშვნელოვნად შემცირდა. მაგალითად, "რომპეტროლ საქართველოს" ახალი დასკვნით დაეკისრა 753.669 ლარი; "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმს" - 719.069 ლარი; "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" - 521.319 ლარი; "სან პეტროლიუმ ჯორჯიას" 471.980 ლარი; "ლუკოილ-ჯორჯიას" - 410.692 ლარი; "ელ-ოილს" - 200 ლარი.
წინა ხელმძღვანელი უკანას ხიდია?!
რატომ შემცირდა ასე მნიშვნელოვნად ნავთობკომპანიებისთვის თავდაპირველად განსაზღვრული საჯარიმო თანხა? - ამ და სხვა კითხვებით ჩვენ კონკურენციის სააგენტოს ამჟამინდელ ხელმძღვანელ ნოდარ ხადურს მივმართეთ.
ნოდარ ხადური: - კონკურენციის სააგენტომ პირველად 2015 წელს ჩაატარა საავტომობილო საწვავის ბაზრის კვლევა და შემდეგ ნავთობკომპანიებმა მისი დასკვნა გაასაჩივრეს. შარშან ზაფხულში უზენაესმა სასამართლომ ჩვენ დაგვიბრუნა ერთ-ერთი კომპანიის საქმე და უკვე გასაგები გახდა, რომ სხვა კომპანიების სარჩელებზეც მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებდა. ამიტომ ჩვენ ხელახლა დავიწყეთ ამ ბაზრის მოკვლევა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ახალი დასკვნითაც დავადასტურეთ, რომ ნავთობკომპანიებს შორის მართლაც იყო კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმება, მაგრამ გავითვალისწინეთ სასამართლოს მითითებები, მათ შორის, უზენაესი სასამართლოსი. გარდა ამისა, ჩვენ ხელთ გვაქვს დოკუმენტი - RBB Economics-ის დასკვნა. ეს არის დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ცნობილი კომპანია, რომელიც ემსახურება "გუგლს", "ინტელს" და კანადაში, აშშ-სა და ჩინეთში ასეთი სახის კვლევებს ატარებს. ვერავინ იტყვის, რომ ასეთი სახელის კომპანია შეიძლებოდა მიკერძოებული ყოფილიყო. მათი დასკვნის თანახმადაც, ნავთობკომპანიები კონკურენციას არ ზღუდავდნენ. მიუხედავად ამისა, ჩვენ, ძირითადად, მაინც დავეყრდენით სასამართლოს გადაწყვეტილებას.
მაგალითად, კონკურენციის სააგენტოს წინა დასკვნაში წერია, რომ ნავთობკომპანიებმა შეზღუდეს საქართველოში სხვა კომპანიების მიერ ნავთობპროდუქტების იმპორტი. სასამართლომ გვითხრა, რომ ამის ლოგიკური დასაბუთება არ შეიძლება არსებობდეს, რადგან კერძო სამართლის სუბიექტები ფიზიკურად ვერ შეძლებდნენ, შეეზღუდათ სხვა ქვეყნებიდან იმპორტი, ხოლო თუ ნავთობპროდუქტების იმპორტი მაინც შეიზღუდა და ეს მართლაც ასე იყო, დამნაშავენი იყვნენ არა ნავთობკომპანიები, არამედ ხელისუფლების ის ორგანოები, რომლებსაც ასეთი გადაწყვეტილებების მიღება შეეძლოთ, ეს კი სცილდება კონკურენციის სააგენტოს ქმედებათა არეალს. გარდა ამისა, დადგინდა, რომ შეთანხმება კომპანიებს შორის მოქმედებდა არა 3 წელიწადს, როგორც ეს მანამდე არსებულ დასკვნაში ეწერა, არამედ 5 თვეს. მოგეხსენებათ, 2012 წლამდე სხვა კანონი მოქმედებდა, 2012-დან 2014 წლამდე - სხვა, 2014-დან კი "კონკურენციის შესახებ" კანონში ცვლილებები ისევ შევიდა. შესაბამისად, კანონების ცვლილებების გამო შემცირდა კომპანიებს შორის არსებული შეთანხმებული მოქმედების პერიოდი და უნდა შემცირებულიყო საჯარიმო სანქციებით გათვალისწინებული თანხებიც. გარდა ამისა, სასამართლომ მოითხოვა, რომ ყველა მტკიცებულება კომპანიების წინააღმდეგ წარმოდგენილი ყოფილიყო ფაქტების მეშვეობით. სამწუხაროდ, კონკურენციის სააგენტოს მიერ მომზადებული წინა მოკვლევის დოკუმენტი არ იყო გამყარებული ფაქტებით. ჩვენ შევცვალეთ ეს გარემოება - ზოგი მიმართულებით უფრო გავამყარეთ ფაქტებით, ხოლო ზოგი მიმართულებით მოვხსენით ნავთობკომპანიების მიმართ ბრალდებები და ახალი გადაანგარიშებით 3 მილიონამდე თანხა მივიღეთ, რომლის გადახდაც დაეკისრათ ნავთობკომპანიებს. არ ვიტყოდი, რომ ჯარიმის თანხა 55-დან 3 მილიონამდე შევამცირეთ. ჩვენ ხელახლა ჩავატარეთ მოკვლევა და ნავთობკომპანიები დავაჯარიმეთ ჯამში 3 მილიონი ლარით.
- ფაქტია, ახალი ჯარიმა გაცილებით მცირეა, ვიდრე პირველი მოკვლევის შედეგად დაკისრებული. - იმიტომ, რომ ჩვენ მივყევით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებს თითოეული ნავთობკომპანიის მიმართ. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ დავტოვეთ დასკვნაში კომპანიების შეთანხმებული ქმედების ბრალდება, რაც მნიშვნელოვანია. მეტსაც გეტყვით, ეს იყო პირველი პრეცედენტი, როცა საქართველოს სასამართლოში განიხილებოდა კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების საქმე. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ კონკურენციის სააგენტოს წინა დასკვნაში მოყვანილი არგუმენტები არ აღმოჩნდა სასამართლოსთვის სრულყოფილი და ბოლომდე დამაჯერებელი.
- არასრულყოფილი იყო კონკურენციის სააგენტოს წინა დასკვნა? - მე ამას არ ვიტყვი, მაგრამ არსებობს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ ვერ შევაფასებთ და როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს საჯარო უწყების წარმომადგენლები, მას უნდა მივყვეთ. მივყევით კიდეც და ნაბიჯ-ნაბიჯ, პუნქტობრივად განვიხილეთ და ამ გადაწყვეტილების შესაბამისად ვიმოქმედეთ.
გარდა იმისა, რომ კომპანიების დარღვევების ხანგრძლივობა შემცირდა, მოიხსნა ფიქსირებული ფასებით მოქმედებისა და ბაზარზე ხელოვნური ბარიერების არსებობის ბრალდება, რომელსაც შეეძლო გამოეწვია იმპორტის, საბითუმო და საცალო ვაჭრობის სტრუქტურულ დონეებზე] ეკონომიკურ აგენტთა გასვლა/შემოშვების შეზღუდვის ბრალდება. ფასები დაახლოებით ერთნაირი აქვთ კომპანიებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათი ფასები იდენტურია. საქართველო პატარა ქვეყანაა და პარალელური ფასწარმოქმნის მექანიზმი არსებობს. ისინი ხედავენ, რა ფასად ყიდის საწვავს ერთი კომპანია და დაახლოებით იმავე ფარგლებში შეიძლება დაადოს თავის პროდუქციას ფასი მეორემ. შესაბამისად, კომპანიებს დარჩათ ბაზრის გადანაწილების ბრალდება და ამან ლოგიკურად გამოიწვია ჯარიმის გაცილებით ნაკლები ოდენობა. "კვირის პალიტრა" კონკურენციის სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელსაც დაუკავშირდა. გიორგი ბარაბაძე ამბობს, რომ უკვე 2 წელიწადია, წამოსულია კონკურენციის სააგენტოდან და არ იცის ის ნიუანსები, რაც მისი ხელმძღვანელობის შემდეგ შეიცვალა. შეკითხვაზე, მიაჩნია თუ არა, რომ მისი ხელმძღვანელობისას წარმართული მოკვლევა იყო სრულყოფილი და მოუგო თუ არა ნავთობკომპანიებს პირველი ორი სასამართლო დავა კონკურენციის სააგენტომ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში, ამბობს, რომ აღარ ახსოვს(?!) და ამისთვის ბოდიშს გვიხდის.
რას ამბობენ ნავთობკომპანიები ანუ "ზეიმი თავშეკავებით"
ახლად დაჯარიმებული ნავთობკომპანიების ნაწილი ამბობს, რომ უცხოეთიდან ხელმძღვანელი პირების ჩამოსვლას ელოდებიან და კონკურენციის სააგენტოს ხელახალ გადაწყვეტილებაზე განცხადებებს მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებენ, ნაწილი კი კმაყოფილებას ვერ მალავს და მართალია, არც ჯარიმის შემცირებულ ოდენობას ეთანხმება, მაგრამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აღარ აპირებს.
ვასილ ხორავა, კომპანია "ვისოლის" გენერალური დირექტორი: "ახლა უცხოეთში ვარ და ვერ გესაუბრებით. ბუნებრივია, კმაყოფილი ვიქნებოდით, კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებით საჯარიმო სანქცია ნული რომ ყოფილიყო, მაგრამ დღეს ეს მოცემულობაა. ჩვენ ვიბრძოლეთ და ჩვენი სიმართლე სასამართლოს მაქსიმალურად წარვუდგინეთ".
შავლეგ მიშველაძე, "ლუკოილის" გენერალური დირექტორის მოადგილე: - როცა პირველი დასკვნა დაიწერა დაჯარიმების თაობაზე, ჩვენი პოზიცია ერთმნიშვნელოვანი იყო - თავს დამნაშავედ არ მივიჩნევდით და ვაცხადებდით და ვაცხადებთ, რომ არ მიგვიღია მონაწილეობა არავითარ "შეთქმულებებში".
- ახლა მაინც თუ ეთანხმებით კონკურენციის სააგენტოს დასკვნასა და თქვენი კომპანიისთვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობას?
- თქვენმა კოლეგებმა, ვინც დამირეკა ამ საკითხზე, კითხვა სხვაგვარად დასვეს - მათ იკითხეს, გავასაჩივრებთ თუ არა ამ გადაწყვეტილებას. ალბათ, ეს უფრო პირდაპირი კითხვაა, ვიდრე ის, ვეთანხმებით თუ არა, რადგან თუნდაც რომ არ გავასაჩივროთ ეს გადაწყვეტილება, არ ნიშნავს, რომ ვეთანხმებით. ჩვენი მიდგომა ასეთია: მთავარია, დადგინდა ჩვენი უდანაშაულობა, რომ ჩვენ არანაირ გარიგებებსა და შეთქმულებებში მონაწილეობა არ მიგვიღია, რისი პირდაპირი მტკიცებულებები არც პირველი დასკვნის დროს არსებობდა. შესაბამისად, როცა ჩვენი კომპანიისთვის დაკისრებული ჯარიმა 4,4 მილიონიდან 400 ათასამდე მცირდება, თავისთავად მრავლისმეტყველია - რომ არსებობდეს მტკიცებულებებით გამყარებული ბრალი, თანხას ასე არავინ შეამცირებდა. მეორე საკითხია, გავასაჩივრებთ თუ არა. ამაზე ვმსჯელობთ, ეს ჩვენი, მენეჯმენტის გადასაწყვეტია - დავუბრუნდებით მუშაობის ჩვეულ გრაფიკს და განვაგრძობთ იმ საქმეს, რასაც აქამდეც ვაკეთებდით, რომ რაც შეიძლება მეტი საწვავი შემოვიტანოთ, გავყიდოთ და ფასთა ლავირება გვქონდეს, თუ ვიქნებით კვლავ წლობით ჩართული სასამართლო პროცესებში. 400 ათასი არ არის 4,4 მილიონი, მაგრამ არც 4 ათასია. მეორე მხრივ, ვსაუბრობთ "ლუკოილ ჯორჯიაზე", რომელსაც მხოლოდ შარშან ბიუჯეტში 100 მილიონ ლარზე მეტი აქვს შეტანილი. ასე რომ, ჩვენი კურსი მიმართულია იქით, რომ შრომის ჩვეულ გრაფიკს დავუბრუნდეთ.
სად გაქრა 52 მილიონი?
ბექა კემულარია, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების პრეზიდენტი: "კონკურენციის სააგენტომ მრავალი თვის განმავლობაში დახარჯა უამრავი მატერიალური, ფინანსური და ადამიანური რესურსი, რათა დაედგინა, ჰქონდა თუ არა ადგილი საწვავის ბაზარზე კონკურენციის დარღვევის ფაქტებს. სხვაგვარად თუ ვიტყვით, ის უნდა დაედასტურებინათ, რაზეც მანამდეც ხშირად ვლაპარაკობდით - ნავთობკომპანიების კარტელურ შეთანხმებაზე, მოგების მაღალი მარჟებით ოპერირებაზე, ბაზრიდან შედარებით მცირე კომპანიების გაძევებაზე, იმპორტისთვის ხელის შეშლაზე და სხვ. ფაქტია, რომ 2004 წლამდე 200-მდე კომპანიას შემოჰქონდა საქართველოში საწვავი, ხოლო წინა ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, მის შეცვლამდე, მათი რაოდენობა ხუთამდე შემცირდა. 2012 წლის შემდეგ რატომღაც კვლავ გაუჩნდა ხალხს ნავთობპროდუქტების იმპორტირების სურვილი და დღეს ამ ბაზარზე 100-მდე კომპანია ოპერირებს. იყო შემთხვევები და ეს კონკურენციის სააგენტომაც დაადასტურა წინა დასკვნით, რომ კომპანიები ლიტრ საწვავზე 70-80-თეთრიანი ფასნამატითაც მუშაობდნენ. შესაბამისად, აქ ლაპარაკია წლების განმავლობაში მომხმარებლების მიერ ზედმეტად გადახდილ მილიარდობით თანხებზე. მათ შორის არიან როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები და ამხელა ხარჯი რომ არ ჰქონოდათ საწვავზე, შესაძლებელი იყო ეს ფული საკუთარი ბიზნესის განვითარებისკენ მიემართათ. ამდენად, ამან დააზარალა არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანების ჯიბე, არამედ ქვეყნის ეკონომიკაც. ანუ ამ ხუთმა ნავთობკომპანიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქვეყანას. შესაბამისად, ის 55 მილიონიც კი, რომელიც კონკურენციის სააგენტოს პირველადი დასკვნით იყო გათვალისწინებული, ბევრად ცოტაა იმ ზარალთან შედარებით, რაც ქვეყანას ამ კომპანიების შეთანხმებული მოქმედებით მიადგა. თუმცა ნავთობკომპანიებმა კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს, მაგრამ პირველი ორი დავა წააგეს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ინტერესებს უცხოეთიდან მოწვეული მაღალკვალიფიციური იურისტები იცავდნენ. როგორც კი კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი შეიცვალა, კონკურენციის სააგენტომ ნავთობკომპანიებთან სასამართლო დავების წაგება დაიწყო. საქმე იქამდე მივიდა, რომ დაკისრებული ჯარიმა 3 მილიონ ლარამდე შეუმცირეს. ფაქტია, რომ კომპანიები "კონკურენციის შესახებ" კანონს არღვევდნენ, რადგან მათ წინააღმდეგ ჯარიმა კვლავ ძალაში რჩება. მაგრამ ჩნდება ეჭვი, რატომ შემცირდა 18-ჯერ მისი მოცულობა, ხომ არ იყო კორუფციული გარიგება? რატომ თქვა უარი სახელმწიფომ 52 მილიონ ლარზე, მაშინ როცა წლების განმავლობაში ნავთობკომპანიებმა შეთანხმებული მოქმედებითა და კონკურენციის დარღვევით ქვეყანა მნიშვნელოვნად დააზარალეს. როცა მოხელის ქმედება აზარალებს ქვეყნის ბიუჯეტს, პირველ რიგში პროკურატურა უნდა დაინტერესდეს. კონკურენციის სააგენტოს ეს გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველია და ნოდარ ხადური უნდა გათავისუფლდეს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან".
პაატა ბაირახტარი, ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი: "ფაქტია, ნავთობკომპანიებმა კოლოსალური რესურსი ჩადეს, რათა სასამართლო დავები კონკურენციის სააგენტოს წინააღმდეგ მათ სასიკეთოდ შემობრუნებულიყო. ამის შემდეგ კონკურენციის სააგენტომ უკან დაიხია. ვიყოთ რეალისტები - ასეთი დავების დროს სასამართლოში იმარჯვებს ის, ვინც უკეთ არის მომზადებული. კონკურენციის სააგენტოს ბევრი დამადასტურებელი ფაქტი ჰქონდა კომპანიების ბრალეულობის დასასაბუთებლად, მაგრამ არაერთ ინსტანციაში წააგო ნავთობკომპანიებთან დავა. ვაღიაროთ, რომ ეს მხოლოდ კომპანიების ძალისხმევის შედეგი არ არის, ამ მიდგომით გამოჩნდა კონკურენციის სააგენტოს სისუსტეც, რომელიც ამ შემთხვევაში სახელმწიფოს პოზიციას წარმოადგენდა. ფაქტია, რომ ნავთობკომპანიების კარტელმა ამ მრავალწლიან დავაში გაიმარჯვა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ ჯარიმის ოდენობა, არამედ პრეცედენტი იმისა, რომ თუ ვინმე მოინდომებს არაკეთილსინდისიერი საქმიანობის, კონკურენციის დარღვევისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერის შექმნით წარმატების მიღწევას, ქვეყანაში არის მაკონტროლებელი, რეგულატორი, რომ მათ შესაბამისი ორგანოები პასუხს მოსთხოვენ. თუმცა თავისი პასიური ქმედებით კონკურენციის სააგენტომ ასეთი პრეცედენტიც მოსპო". ემა ტუხიაშვილი