"ორ ადგილას მაქვს გატეხილი მაჯის ძვალი... მაინც გადავწყვიტე, ბოლომდე, გამაყუჩებლის დახმარებით მეჭიდავა" (ექსკლუზივი)
იაპონიის მომავალი იმპერატო(ჩ)ი მაისის ბაშოს მეცამეტე დღე ორმაგად უიღბლო აღმოჩნდა "ტოჩინოშინის" შიკონათი მოჭიდავე ლევან გორგაძისთვის: ქართველმა გოლიათმა, რომელსაც მანამდე გამართული თორმეტივე ორთაბრძოლა მოგებული ჰქონდა, იჩქარა და "შოდაისთან" ყველასთვის მოულოდნელი მარცხი იწვნია. დაცემისას, ლევანმა მაჯის ძვალი მოიტეხა და დარჩენილ ორი ბრძოლაში, ფაქტობრივად, ცალხელამ იჭიდავა... ამის მიუხედავად, "ცისფერთვალება სამურაი" ჩემპიონობის შანსს ბოლო წუთამდე ინარჩუნებდა, ბოლო ტურში "იკიოისაც" აჯობა, მაგრამ... ორი "იოკოძუნას" დუელში "კაკურიუმ" იმარჯვა და "იმპერატორის თასს" დაეუფლა, "ტოჩინოშინი" კი მეორე ადგილზე გავიდა 13 გამარჯვებით და ორი მარცხით! ოთხშაბათს, ლევანს ოფიციალურად მიანიჭებენ "ოძეკის" წოდებას, რაც რანგით მეორეა სუმოს იერარქიაში. "ტოჩინოშინი" გახდება პირველი ქართველი და მესამე ევროპელი, ვისაც ეს პრესტიჟული წოდება ჰქონია... გთავაზობთ ამონარიდებს ექსკლუზიური ინტერვიუდან, რომელიც ლევან გორგაძესთან გაზეთმა "კვირის პალიტრამ" ჩაწერა:
- ორ ადგილას მაქვს გატეხილი მაჯის ძვალი... დასვენება არ გამოდიოდა და გადავწყვიტე, ბოლომდე, გამაყუჩებლის დახმარებით მეჭიდავა.
- უძლეველ "იოკოძუნა" "ჰაკუჰოსთან" შეხვედრამდე გრძნობდი, რომ მოვიდა დრო, ნავსი გაგეტეხა და სუმოს ყველა დროის რეკორდსმენი დაგემარცხებინა?
- რაც ბაშო დაიწყო, წამითაც არ მიფიქრია ვინმესთან წაგებაზე! ფიზიკურადაც კარგად ვიყავი მზად და მეცამეტე შეხვედრამდე ყველაფერი კარგად იყო... "ჰაკუჰოს" რის ხარჯზე ვაჯობე? ალბათ, უფრო - ძალით. არ მივეცი ჭიდაობის შესაძლებლობა, ისე მაგრად ჩავავლე ორივე ხელი, არაფრის დიდებით გავუშვებდი! ..."ჰაკუჰოს" არაფერი უკადრია, ისე მეჭიდავა, როგორც "იოკოძუნას" შეჰფერის!
- "თეთრი ფენიქსი" ყველაზე ტიტულოვანი და ცნობილი სუმოისტია, მაგრამ... ბრძოლის წინ ისეთი თავდაჯერებული გამოხედვა აქვს ხოლმე... ამპარტავანია? - არანაირად, სინამდვილეში წესიერი, თავმდაბალი და ღირსეული კაცია! არც მეორე მონღოლი "იოკოძუნაა" ამპარტავანი. ყოველ შემთხვევაში, "ასაშორიუს" არცერთს შევადარებ: ის ნამდვილი "ცეცხლი" იყო, გამოჩნდებოდა თუ არა - არიქა, "იოკოძუნა" "ასაშორიუ" მოდისო და... უნდა გენახათ, ვინ სად იმალებოდა!
შეავსეთ ტესტი: რა იცით სუმოს შესახებ?
- მეოთხე მაეგაშირა "შოდაისთან" წაგება რის ბრალი იყო? - ვიჩქარე... თავიდან "მავაშზე" წავედი, მაგრამ რაკი მეტოქის ქამრით დაჭერა ვერ მოვახერხე, გადავწყვიტე, ყელში მიწოლით გამეყვანა დოჰიოდან. ვცდილობდი, ხელების დაჭერის შესაძლებლობა არ მიმეცა და სიჩქარეში შეცდომა დავუშვი. წაქცევისას "თავარაში" (რკალი, რომლითაც სუმოს მოედანი - დოჰიოა შემოსაზღვრული. - რ.შ.) ჩამყვა ხელი, სხეულის მთელი სიმძიმე მაჯას დააწვა და ძვალი ორგან გატყდა...
- "შოდაისთან" შეხვედრაზე "ჰაკუჰოსთან" გამარჯვებით გამოწვეულმა ეიფორიამაც ხომ არ იმოქმედა?
- არა, საჭიდაოდ იმ შეხვედრაშიც ბოლომდე კონცენტრირებული გავედი, მაგრამ როგორც გითხარით, ძალიან ვიჩქარე და სიჩქარეში შეცდომა დავუშვი... მოტეხილობა რომ მეხსენებინა, კლუბის პრეზიდენტი დამასვენებდა და არ მომცემდა დარჩენილ ორ ორთაბრძოლაში ჭიდაობის უფლებას. დასვენება კი არ მინდოდა, სალაპარაკოდ ხომ არ გავხდიდი - "ოძეკის" წოდება გაინაღდა და მაშინვე "დასვენება" გადაწყვიტაო?!
- ...ერთ ეპიზოდში, "კაკურიუსთვის" ფეხის გამოკვრაც სცადე!
- "იოკოძუნასთან" იაპონიაში საქართველოს ელჩიც მქომაგობდა და ტრიბუნიდან მეძახდა - "ქართულად, ქართულად ეჭიდავეო"... მართლაც გამოვკარი ცერული, მაგრამ... იმხელა კაცის წაქცევა რთული საქმეა.
- რა არის საჭირო იმისთვის, რომ "ტოჩინოშინიც" გახდეს... "იოკოძუნა"? - "ოძეკი" უკვე ვარ, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია, როგორ ვიასპარეზებ მომდევნო ტურნირებზე. "დიდი ჩემპიონის" - "იოკოძუნას" წოდებას სუმოისტს სპეციალური კომისია ანიჭებს ნაჩვენები შედეგების მიხედვით: მნიშვნელოვანია "იმპერატორის თასი", ბაშოებზე მოგებული შეხვედრების რაოდენობა და ა.შ.
- რას ეტყვის ქომაგებს ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი სპორტსმენი? - გულშემატკივარი? ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ჩემთვის: ვკითხულობ, ვისმენ, ვნახულობ როგორ მქომაგობენ საქართველოში... ეს ყველაფერი ძალიან მახარებს და მაძლიერებს... ჩემო მეგობრებო, დიდ ძალას მაძლევთ!
ინტერვიუ სრულად იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად
რატი შელეგია
იხილეთ ვიდეო