მაშველებმა თუშეთის გზაზე, დაგუბებულ წყალში გადავარდნილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს
თუშეთის გზაზე, დაგუბებულ წყალში გადავარდნილი მამაკაცის ცხედარი მაშველებმა იპოვეს. შემთხვევა გუშინ ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზის იმ ნაწილში მოხდა, სადაც რამდენიმე კვირის წინ ჩამოშლილმა მეწყერმა წყლის ხელოვნურად დაგუბება გამოიწვია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მყვინთავების ჯგუფმა სამძებრო სამუშაოები დილით განაახალა. მაშველები რამდენიმე საათი ცდილობდნენ გარდაცვლილის პოვნას.
ამ დროისათვის მამაკაცის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მამაკაცი ერთ-ერთ სახელმწიფო სამშენებლო კომპანიაში სატვირთო ავტომანქანაზე მძღოლად მუშაობდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
"ინტერპრესნიუსი"